განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
165აპ-11 ქ. თბილისი
29 აპრილი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხობის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2010 წლის 8 ივნისს ხობში, გამსახურდიას ქ. ¹--ში მცხოვრები ვ. გ-ი მივიდა მეზობლად მცხოვრებ გ. ე-ასთან და შესთავაზა, ხობის რაიონის სოფელ პირველ გურიფულში, პირუტყვის სადგომი ბოსლიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ხბოებს, რის სანაცვლოდაც გ. ე-ას დაჰპირდა, რომ აჩუქებდა ფეხსაცმელს.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2010 წლის 9 ივნისს, ღამის საათებში, ვ. გ-მა და გ. ე-ამ ცხენი შეაბეს ოთხთვალაში და კოლხეთის ყოფილი მეურნეობის ტერიტორიიდან წავიდნენ სოფელ პირველი გურიფულის მიმართულებით, შევიდნენ სოფლის საყანე ფართობში, ცხენი და ოთხთვალა გააჩერეს ღობესთან და ფეხით გააგრძელეს გზა. ვ. გ-მა გ. ე-ა დააყენა რ. ხ-ას საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მდებარე პირუტყვის სადგომი ბოსლიდან 50 მეტრის მოშორებით, ხოლო თვითონ უკანონოდ შეაღწია ბოსელში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თითო სულ დეკეულსა და მოზვერს, ღირებულს 200 ლარად. მოპარული საქონელი მათ გაკოჭეს და მოათავსეს ოთხთვალაზე.
იმავე ღამეს ვ. გ-ი შევიდა რ. ხ-ას საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე ც. წ-ას საკარმიდამო ნაკვეთში, უკანონოდ შეაღწია პირუტყვის სადგომ ბოსელში და ფარულად დაეუფლა 100 ლარად ღირებულ მოზვერს, რომელიც ასევე გ. ე-ას დახმარებით გაკოჭა და სხვა ხბოებთან ერთად მოათავსა ოთხთვალაზე.
ვ. გ-ი და გ. ე-ა იმავე ღამეს მივიდნენ სოფელ გურიფელში ა. ს-ასა და ც. ა-ას საკარმიდამო მიწის ნაკვეთებში. ვ. გ-მა უკანონოდ შეაღწია ბოსლებში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 200 ლარად და 100 ლარად ღირებულ ორ სულ დეკეულს, რომლებიც ბოროტმოქმედებმა ასევე გაკოჭეს, მოათავსეს ოთხთვალაზე და წამოიყვანეს ვ. გ-ის სახლში.
ვ. გ-მა და გ. ე-ამ ფარულად დაუფლებული პირუტყვი იმავე ღამეს ვ. გ-ის კუთვნილი „ფორდის” მარკის მსუბუქი ავტომანქანით წაიყვანეს ქუთაისში და მიჰყიდეს დაუდგენელ პირს.
აღნიშნული ქმედებისათვის ვ. გ-ს მიესაჯა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ივნისიდან; მასვე დაზარალებულების _ რ. ხ-ას, ა. ს-ასა და ც. წ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 200-200 ლარის, ხოლო ც. ა-ას სასარგებლოდ _ 100 ლარის გადახდა.
განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა, ითხოვეს ვ. გ-ის გამართლება, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ვ. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია; საქმეზე წინასწარი გამოძიება არასრულფასოვნადაა ჩატარებული; განაჩენი ემყარება ერთადერთ მტკიცებულებას _ მხედველობადაქვეითებული არასრულწლოვან გ. ე-ას ჩვენებას; შემთხვევის ადგილიდან არ არის აღებული თითის ანაბეჭდები; ორი სატრანსპორტო საშუალებიდან, რომლებიც საქმეში ფიგურირებს, არც ერთს არ ჩატარებია ექსპერტიზა; თავად ვ. გ-ი თანამშრომლობდა ძიებასთან, რადგან უდანაშაულოა; მას ძიებისათვის ხელის შეშლა და მიმალვა არც უფიქრია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ვ. გ-ი ითხოვს საქმის სამართლიანად განხილვასა და ჭეშმარიტების დადგენას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეების _ გ. ე-ას, ი. ლ-ას, გ. ფ-ას, ა. მ-ის და სხვათა ჩვენებებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უდავოდ დადასტურებულია და ეჭვს არ იწვევს, რომ ვ. გ-მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, გასაჩივრებული განაჩენი არ ეყრდნობა მხოლოდ ერთი პირის ჩვენებას. გ. ე-ას ჩვენების ობიექტურობაზე მეტყველებს არაერთი პოლიციელის განმარტებაც. მსჯავრდებული უარყოფს, მაგრამ ი. ლ-ა, გ. ფ-ა და ა. მ-ი მიუთითებენ, რომ ქურდობის ღამეს, დაახლოებით 2 საათზე გ. ე-ა და ვ. გ-ი ნახეს ამ უკანასკნელის სახლის ეზოში. აღნიშნული პირები ავტომანქანით გაემგზავრნენ ხობის მიმართულებით. პოლიციელებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ და მანქანა არ შეუმოწმებიათ. ამასთან, გ. ე-ას ჩვენებები დეტალური და თანმიმდევრულია, იგი მოპარული საქონლის ინდივიდუალურ ნიშნებსაც კი აღწერს, რაც ემთხვევა დაზარალებულების მიერ გადმოცემულ ნიშნებს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა ა. ს-ამ განაცხადა, რომ აღარ ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას (ტ. 2, ს.ფ. 70).
საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ სსსკ-ის მე-14 მუხლის მე-7 და მე-40 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სარჩელზე უარს მოსდევს პროცესის მწარმოებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსარჩელეს უფლება ერთმევა, განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერია, ხოლო მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი _ სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განაჩენი ვ. გ-ის მიმართ შეიცვალოს: დაზარალებულ ა. ს-ას სამოქალაქო სარჩელის გამო შეწყდეს წარმოება სარჩელზე უარის გამო.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.