საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.06.2011
საქმის ნომერი
2კ-274აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

274აპ-11 21 ივნისი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:

ო. ს-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველ, მეორე და მეხუთე პუნქტებზე (1960 წლის რედაქცია).

ო. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. ო. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა უკრაინაში პატიმრობის ვადა, ასევე საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ პატიმრობის ვადა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო უკრაინაში დაკავების მომენტიდან _ 2009 წლის 29 დეკემბრიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ რ. გ-ს სახლიდან ამოღებული უთო და ო. ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული პატეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ... რაიონის შს სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ გ. ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, რ. გ-ს სახლიდან ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ოქროს ბეჭედი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ... რაიონის შს სამმართველოში, საქართველოს სსსკ-ის 124-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ო. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია) მე-40 და 42-ე მუხლების თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ო. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა უკრაინაში პატიმრობის ვადა, ასევე საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ პატიმრობის ვადა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო უკრაინაში დაკავების მომენტიდან _ 2009 წლის 29 დეკემბრიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ რ. გ-ს სახლიდან ამოღებული უთო და ო. ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული პატეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ... რაიონის შს სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ გ. ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, რ. გ-ს სახლიდან ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ოქროს ბეჭედი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ... რაიონის შს სამმართველოში, საქართველოს სსსკ-ის 124-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ო. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ო. ს-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.