დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.06.2010
საქმის ნომერი
2კ-22-I-10
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22I-10 ქ. თბილისი

8 ივნისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან _ გ. შ-ს

პროკურორ _ ნ. რ-ს

ადვოკატ _ ზ. ჯ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ს

თარჯიმან _ ვ. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ივნისის დადგენილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 28 იანვარს ფაქსით, ხოლო 2010 წლის 9 თებერვალს ფოსტის საშუალებით ... გენერალური პროკურატურიდან, ასევე 2010 წლის 1 თებერვალს ფაქსით, ხოლო 2010 წლის 23 თებერვალს ფოსტის საშუალებით ... იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა შესაბამისად ... გენერალური პროკურორისა და ... იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობები ს. მ-ს ექსტრადიციის შესახებ, ... სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) – (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ჩადენილი არაერთგზის იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა უკრაინის სსკ-ის 307-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და მე-15 მუხლის მე-3 ნაწილით _ 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების დაუმთავრებელი მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა უკრაინის სსკ-ის 307-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ვარაუდის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

... გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ ს. მ-ს მიმართ ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრულია ორი სისხლის სამართლის საქმე _ ¹1-736/06 და ¹06210543, რომელთა შორის პირველი (¹1-736/06 _ წინასწარი გამოძიების ¹06236102) არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია ... ოქტომბრის რაიონულ სასამართლოში, ხოლო მეორე (¹06210543 საქმე) წარმოებაში აქვს ... შსს ... ოლქის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.

... იუსტიციის სამინისტროდან მიღებული შუამდგომლობის თანახმად, ... ოქტომბრის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის ¹1-736/06 საქმე (წინასწარი გამოძიების ¹06236102), რომლის მიზნებისთვისაც 2006 წლის 22 ივლისის დადგენილებით ს. მ-ი მიეცა პასუხისგებაში უკრაინის სსკ-ის 309-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

2006 წლის 29 სექტემბრის ... ოქტომბრის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, ვინაიდან ს. მ-მ დაარღვია მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ ,,გაუსვლელობის ხელწერილის» პირობები, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიზნებისათვის გამოცხადდა მისი ძებნა მისი შემდგომი დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის მიზნით.

2009 წლის 18 აგვისტოს … ... რაიონული სასამართლოს დადგენილებით გაიცა ს. მ-ს სასამართლოში წარდგენის მიზნით მისი დაკავების ნებართვა.

2010 წლის 7 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. შ-ს ასული მ-ი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 8 იანვარს ს. მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის ბრძანებით საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 2 თვით, 2010 წლის 7 ივნისამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა ორი თვით, შვიდ თვემდე, 2010 წლის 7 აგვისტომდე, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 20 მაისის დადგენილებით დაკმაყოფილდა ... რესპუბლიკის გენარალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობები ს. მ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

2010 წლის 28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ს ადვოკატმა ზ. ჯ-მ და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 20 მაისის დადგენილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ივნისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ს ადვოკატის _ ზ. ჯ-ს საჩივარი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ს 2010 წლის 20 მაისის დადგენილება ს. მ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ... გადაცემის შესახებ დარჩა უცვლელად.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ს ადვოკატი ზ. ჯ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ივნისის დადგენილების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, დანაშაულები, რომელთა ჩადენისთვისაც ს. მ-ი ექვემდებარება ... ექსტრადიციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად კვალიფიცირდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით.

საჩივრის თანახმად, 2006 წლის 23 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში აქვს ... ოქტომბრის რაიონულ სასამართლოს ¹736/06 (წინასწარი გამოძიების ¹06236102), რომლის მიხედვითაც ს. მ-ს ბრალი ედება ... სსკ-ის 309-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გასაღების მიზნის გარეშე, ჩადენილი არაერთგზის). ამ შემთხვევაში ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს „აცეტილირებული ოპიუმი“, რომელიც გამომშრალ მასაში შეადგენს 0,38 გრამის ეკვივალენტს. 2006 წლის 29 სექტემბერს ... ოქტომბრის რაიონული სასამართლოს დადგენილებით გაიცა ნებართვა ს. მ-ს დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის შესახებ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის თაობაზე წარდგინების განსახილველად. ... იუსტიციის სამინისტროდან მოწოდებულ 2010 წლის 30 აპრილის ¹985-0-32-10-26/3 ინფორმაციაში, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ... ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ნარკოტიკებზე ზედამხედველობის კომიტეტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მიუთითებენ, რომ მათთან ყაყაჩოს ნამჯისაგან მიღებული ნარკოტიკული საშუალება არ არის ნუსხაში. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით დამტკიცებულ „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში“ კი მითითებული არ არის აცეტილირებული ოპიუმი. ამდენად, იდენტიფიკაციის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. აქვე ... მხარე მიუთითებს, რომ ბრალდებულ ს. მ-ს ჩვენების გათვალისწინებით, ნივთიერება უფრო მეტად შეესაბამება „კონცენტრატს, მიღებულს ყაყაჩოს ნამჯისგან“. ... მხარე ასევე მიუთითებს „აცეტილირებული ოპიუმის“ მიღების ხერხებზე.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მხარემ არ დააკმაყოფილა ექსტრადიციის მოთხოვნა სწორედ იმ ეპიზოდში, სადაც ს. მ-ი მიუთითებს, თუ რა ხერხით დაამზადა ყაყაჩოს ნამჯისაგან ნარკოტიკული საშუალება. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გრამებში მისი წონა საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს დასჯად ქმედებას.

რაც შეეხება იმ ეპიზოდს, რომლის თაობაზეც დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, მითითებულია, რომ მან დაუდგენელი პირისაგან შეიძინა უკვე დამზადებული ნივთიერება „აცეტილირებული ოპიუმი“, რომლის მყარი წონაა 0, 38 გრამი. ამ შემთხვევაში დაუდგენელია მისი დამზადებისა და მიღების ხერხი. აღნიშნული ნივთიერება შეიძლება მიღებულ იქნეს მრავალი მეთოდით.

საქართველოს მხარე აპელირებს იმ ფაქტზე, რომ ... გენერალური პროკურატურიდან 2008 წლის 28 აპრილის ¹14/3-38065-10 წერილით დადასტურებულად არის მიჩნეული, რომ ,,აცეტილირებული ოპიუმი» ნამდვილად შეესაბამება „კონცენტრატს, მიღებულს ყაყაჩოს ნამჯისაგან“ _ ოპიუმზე გაანგარიშებით, რომლის წონაა 0,18 გრ. სწორედ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მიაჩნია ... მხარეს დადასტურებულად ეს ფაქტი. ამ ეპიზოდზეც ქართულმა მხარემ გადაცემაზე უარი განაცხადა.

ქართულ მხარეს უნდა გამოეთხოვა ნივთიერი მტკიცებულება ... და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეწყვიტა ექსტრადიციის საკითხი. ... მხარე არ მიუთითებს, რომ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი „აცეტილირებული ოპიუმი“ _ 0,38 გრამი შეესაბამება „კონცენტრატს, მიღებულს ყაყაჩოს ნამჯისაგან“.

დაკმაყოფილდა ექსტრადიცია იმ ეპიზოდშიც, რომელიც ქართული მხარის კანონმდებლობით შეესაბამება სსკ-ის 273-ე მუხლს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ მუხლთან მიმართებით ორჯერ მიღებულია ამნისტიის აქტი და სასჯელის ზომად ვერ დაინიშნება 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზემოაღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით ყურადსაღებია 1961 წლის ერთიანი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ, რომელსაც საქართველო შეუერთდა 2000 წლის 23 თებერვალს. 1972 წლის ოქმის მიხედვით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით „ნარკოტიკული საშუალება“ ნიშნავს I და II სიებში ჩართულ ნებისმიერ ნივთიერებას – ბუნებრივს თუ სინთეზურს. მითითებულ სიებში არ გვხვდება არც „აცეტილირებული ოპიუმი“ და არც „ყაყაჩოს ნამჯისაგან მიღებული კონცენტრატი“. ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებას და შეთანხმებას უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია პარლამენტის დადგენილებასთან მიმართებით. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ საქმეში აღწერილი გარემოებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულად როგორც საქართველოს, ასევე ... ტერიტორიაზე. ადვოკატის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით დასჯად ქმედებად არ მიიჩნევა „აცეტილირებული ოპიუმის“ შეძენა, შენახვა და ა.შ. ასევე დღემდე დაუდგენელია, თუ რა ქიმიური შემცველობა და ფიზიკური სახე გააჩნია ნივთიერებას, რომელსაც ... მხარე დასჯადად მიიჩნევს და ქართული მხარისათვის უცნობია კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვისათვის უნდა განხორციელდეს ს. მ-ს ექსტრადიცია ....

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის §1-ის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც დასჯადია თავისუფლების აღკვეთით როგორც ექსტრადიციის მომთხოვნ, ისე შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში და აღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია სულ მცირე _ 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი _ ს. მ-ი.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. რ-მ იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ივნისის დადგენილების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საერთაშორისო თანამშრომლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXXII თავი. წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ ს. მ-ი არის ... მოქალაქე. იგი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ... სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) – (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ჩადენილი არაერთგზის იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ... სსკ-ის 307-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და მე-15 მუხლის მე-3 ნაწილით _ 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების დაუმთავრებელი მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ... სსკ-ის 307-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ... ოლქის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2006 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით გამოცხადდა ს. მ-ს ძებნა და 2009 წლის 18 აგვისტოს ... რაიონული სასამართლოს დადგენილებით გაიცა სასამართლოში წარდგენის მიზნით მისი დაკავების ნებართვა.

საკასაციო პალატა ეთანხმება დადგენილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 20 მაისის დადგენილება ს. მ-ს ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე, 256-ე, 259-ე მუხლების მოთხოვნებს.

ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც, საქართველოს სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ასევე დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებს და პრინციპს ,,ნე ბის ინ იდემ».

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული დადგენილება შეესაბამება ,,ექსტრადიციის შესახებ» 1957 წლის ევროპული კონვენციით, ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ» მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით, 1995 წლის 9 იანვრის ,,საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» ორმხრივი ხელშეკრულებითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ივნისის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ივნისის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 20 მაისის დადგენილება ს. მ-ს ... საექსტრადიციო გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.