საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.03.2011
საქმის ნომერი
6საზ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

6საზ-11 15 მარტი, 2011 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ივლისის განაჩენით რ. შ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით; 273-ე მუხლით (2006 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; 273-ე მუხლით (2008 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) _ 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2010 წლის 23 დეკემბერს მსჯავრდებულმა რ. შ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ,ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ მისგან ამოღებული 0, 721 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი”, საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის ¹2557 დადგენილებაზე თანდართული ნუსხის შესაბამისად, არ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომა შეფარდებოდა ამ ნაწილისათვის განსაზღვრული სანქციის ფარგლებში, რაც “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა განახევრებოდა. რ. შ-ს განმარტებით, ამავე კანონის თანახმად, მასვე უნდა შემცირებოდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული სასჯელი და სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განსაზღვროდა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით. რ. შ-ე ასევე ითხოვდა მის მიმართ “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის ნაცვლად, გამოყენებული ყოფილიყო იმავე კანონის პირველი მუხლის დებულება. ამასთან, რ. შ-ე შუამდგომლობით ითხოვდა მის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდისაგან განთავისუფლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით რ. შ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული რ. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინების გაუქმებას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის შესაბამისი მითითებებით საქმის დაბრუნებას ქუთაისის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვის მიზნით იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ რ. შ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ რ. შ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.