საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
20აგ-11 თბილისი
31 მარტი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ვ. ა-ს შორის, რომლის თანახმადაც, ვ. ა-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ი” ქვეპუნქტების საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ვ. ა-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. აქედან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 8 (რვა) წელი უნდა მოიხადოს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულმა ვ. ა-მ 2011 წლის 21 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებად მიჩნეულ იქნეს მისი აღიარება იმის თაობაზე, რომ არის ნარკომანი და დაზარალებულ მ. ბ-ს 1 000 (ათასი) დოლარი გადასცა ნარკოტიკის შესაძენად, ხოლო ამ უკანასკნელმა არ მიუტანა რა ნარკოტიკული საშუალება და ემალებოდა მას, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა მოახდინა მისი პროვოცირება და უბიძგა დანაშაულის ჩადენისაკენ. აღნიშნულის საფუძველზე ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით ვ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული ვ. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ი” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, როგორც არასწორედ შერაცხული ვინაიდან ბრალდების ამ ეპიზოდში განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას და ამასთნ, შემსუბუქდეს სასჯელის ზომა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ვ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ვ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.