გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
36აპ ქ. თბილისი
11 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით მ. გ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 3 მაისს მ. გ-ამ განიზრახა, ე. კ-თან, ვ. შ-სა და გ. გ-სთან ერთად გაექურდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ მ. შ-სა და ნ. უ-ას საცხოვრებელი სახლები. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2005 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03.30 საათზე, ისინი მივიდნენ მ. შ-სა და ნ. უ-ას საცხოვრებელ სახლებთან, მ. გ-ია, ვ. შ-ია და ე. კ-ლი ნ. უ-ას ეზოს კარიდან გადავიდნენ მ. შ-ას საცხოვრებელ სახლში, ხოლო გ. გ-ვა უცდიდა მათ ნ. უ-ას ეზოს გვერდით. ბოროტმოქმედებმა მ. შ-ას სახლიდან გამოიტანეს სხვადასხვა დასახელების ნივთები და ჩააწყვეს იქვე, შორიახლოს გაჩერებულ „ვაზ-2106” მარკის ავტომანქანის საბარგულში. ხმაურზე გამოეღვიძა სახლში მარტო მყოფ პატრონს და დაინახა, როგორ მიჰქონდა სამ პირს მისი ოჯახიდან ნივთები და როგორ ჩაალაგეს ისინი მანქანის საბარგულში. მ. გ-ამ თანამზრახველებთან ერთად მ. შ-ას მიაყენა დაახლოებით 1 520 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მ. გ-ია ე. კ-სა და ვ. შ-სთან ერთად, იმავე ღამეს, მ. შ-ას საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შემდეგ, ფარულად შევიდა ნ. უ-ას ოჯახში, ამ დროს გ. გ-ვა მეთვალყურედ იდგა იქვე, შორიახლოს. მათ ნ. უ-ას საცხოვრებელი სახლიდან ფარულად გაიტანეს სხვადასხვა ნივთი, ჩააწყვეს იმავე „ვაზ-2106” მარკის ავტომანქანაში, რა დროსაც მათ ხმაურზე გამოვიდა ნ. უ-ვა ფარნით ხელში. მან ფარანი მოულოდნელად მიანათა ბოროტმოქმედებს, დაინახა მათი სახეები და იცნო. ამ მომენტით ისარგებლა გვერდით მცხოვრებმა მ. შ-ამ, რომელიც ფრთხილად ადევნებდა თვალ-ყურს ყველა მოქმედებას და შეძლო თავისი და ნ. უ-ას სახლების ქურდების დათვალიერება, მაგრამ მან ფარნის შუქზე დაინახა მხოლოდ მ. გ-ას სახე, რომელსაც იცნობდა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედები მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. მათ ნ. უ-ას მიაყენეს 700 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის მ. გ-ას საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მ. გ-ას საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 31 დეკემბრიდან. მ. გ-ას დაზარალებულ ნ. უ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 700 ლარის ანაზღაურება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. გ-ამ და ითხოვა გამართლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: მ. გ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე; მას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მ. გ-ას დაზარალებულ ნ. უ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 700 ლარის გადახდა.
კასატორი _ მსჯავრდებული მ. გ-ია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული; სააპელაციო სასამართლოში არ გამოცხადებულან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ მისთვის წაყენებულ ბრალდებას; არ გამოცხადდა დაზარალებული, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება და შეცდომაში შეიყვანა სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, არ ჰყავს მამა, ჰყავს ავადმყოფი დედა, რომელიც მის კმაყოფაზეა, მსჯავრდებული ითხოვს სიმართლის დადგენას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ეფუძნება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, მათ შორის დაზარალებულების _ ნ. უ-სა და მ. შ-ას, მოწმეების _ კ. შ-ას, ნ. მ-სა და სხვათა ჩვენებებს, დაპირისპირების ოქმს, რომელთა ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით სრულადაა დადასტურებული და სააპელაციო პალატამაც სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მ. გ-ამ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და თვით მსჯავრდებულის მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, მ. გ-ას განესაზღვრა სასჯელის სამართლიანი ღონისძიება.
ამასთან, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
პალატა აღნიშნავს, რომ მ. გ-ას ქმედება არასწორადაა დაკვალიფიცირებული 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ქურდობა არაერთგზის), ვინაიდან საბრალდებო დასკვნის შესაბამისად, მ. გ-ამ, სხვა პირებთან ერთად განიზრახა, გაექურდა მ. შ-სა და ნ. უ-ას საცხოვრებელი სახლები (ს.ფ. 189). ამდენად, მ. გ-ია მოქმედებდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული, ერთიანი დანაშაულის ერთ-ერთი სახე _ განგრძობადი დანაშაული, რაც გამორიცხავს არაერთგზისობას. ამასთან დაკავშირებით პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მ. გ-ია ნასამართლობის არმქონეა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში მ. გ-ას მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ამასთან, მ. გ-ას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით უნდა დაენიშნოს მხოლოდ ერთი სასჯელი, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: მ. გ-ას ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე;
გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ასევე _ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში მ. გ-ას მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
მ. გ-ას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით საბოლოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.