შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 02.03.2006
საქმის ნომერი
2კ-121კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

121კოლ 2 მარტი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. კვანტალიანი

განიხილა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ის, დაზარალებულ ნ. ი-სა და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ლ. ლ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის განაჩენით ლ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულისათვის, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და სამსახურებრივი სიყალბე, რის გამოც მას სასამართლომ სასჯელის ზომად განუსაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით; 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ლ. ლ-ეს სასჯელად დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, ლ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ლ. ლ-ემ, მუშაობდა რა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, 2003 წლის 18 დეკემბერს, 17 საათსა და 20 წუთზე, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, იმის გაურკვევლად, სინამდვილეში იმყოფებოდა თუ არა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ადმინისტრაციული წესით დააკავა მოქალაქე გ. ი-ძე, რის შესახებაც არ შეატყობინა დაკავებულის ახლო ნათესავებს. დაკავების ადგილზე ჩატარებული ჩხრეკისას გ. ი-საგან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის ფხვნილი და მობილური ტელეფონი, რომლითაც მას არ მისცეს შესაძლებლობა, დაერეკა ახლობლებთან და იგი დაილუქა ფხვნილთან ერთად. ამის შემდეგ ლ. ლ-ემ ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, კერძოდ, დაკავების ოქმში შეიტანა ყალბი ჩანაწერი, რომ გ. ი-ის დაკავების შესახებ ეცნობა მის ძმას. იმავე დღეს უკანონოდ დაკავებული გ. ი-ძე 18 საათზე მიყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ლ. ლ-ემ კვლავ ჩაიდინა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ იმის დასადგენად იმყოფებოდა თუ არა გ. ი-ძე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და ამით ჩადენილი ჰქონდა თუ არა მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რისთვისაც დაუყოვნებლივ უნდა წარედგინა იგი სს «--- ინსტიტუტში», მან იგი მიიყვანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ახსნა-განმარტება ჩამოართვა გ. ი-ეს, მისი პირადი ჩხრეკის დამსწრე მოქალაქეებს და მხოლოდ ამის შემდეგ, 19 საათზე წარადგინა იგი სს «--- ინსტიტუტში». ჩატარებული კლინიკური შემოწმებით დადგინდა გ. ი-ს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი.

ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა გ. ი-ის დაკავების საფუძველი, ლ. ლ-ემ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ. ი-ძე 19 დეკემბერს, დაახლოებით 15 საათამდე, განხრახ, უკანონოდ გააჩერა სამინისტროს ერთ-ერთ კაბინეტში, რა დროსაც მან დაუდგენელ პირებთან ერთად გ. ი-ის მიმართ გამოიყენა ძალადობა, რითაც მას მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. 2003 წლის 19 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ გ. ი-ეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა 10 დღე-ღამის პატიმრობა, რის შემდეგ იგი მოთავსებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორის ¹-- საკანში. 2002 წლის 20 დეკემბერს, დილის 9 საათზე, აღნიშნულ საკანში აღმოჩენილ იქნა მისი გვამი, რომელიც ჩამოკიდებული იყო ორიარუსიანი საწოლის მე-2 იარუსზე დამაგრებული, ყელზე გაკეთებული ნაჭრის მარყუჟით.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ლ. ლ-ის დამცველმა, ადვოკატმა ა. კ-მა, დაზარალებულმა ნ. ი-ემ და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. მ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. კ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებასა და ლ. ლ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ვინაიდან მიაჩნია, რომ მის ქმედებაში არ არის საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და იგი სასამართლომ უკანონოდ ცნო დამნაშავედ ამ დანაშაულთა ჩადენაში.

დაზარალებული ნ. ი-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან, მისი აზრით, იგი არ შეესაბამება ლ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მისი ქმედების შედეგს, სახელდობრ, მისი აზრით, უნდა მოხდეს ლ. ლ-ის ბრალდების საქმის ხელახლა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც ლმობიერის, გაუქმებასა და ლ. ლ-ის ბრალდების საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და დამნაშავის პიროვნებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ლ. ლ-ემ და მისმა დამცველმა ადვოკატებმა: ა. კ-მა, ლ. შ-ამ, თ. ყ-მა მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მათ მხარი არ დაუჭირეს პროკურორისა და დაზარალებულის საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს, რომ აღნიშნულ კასატორებს უარი ეთქვათ საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

დაზარალებულმა ნ. ი-ემ და მისმა დამცველმა ადვოკატებმა _ ლ. ჭ-მა, ნ. ლ-მა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მათ მხარი არ დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს და ითხოვეს, რომ ხსენებულ კასატორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

პროცესში მონაწილე პროკურორმა მ. ჯ-მა მხარი დაუჭირა პროკურორ გ. მ-სა და დაზარალებულ ნ. ი-ის საკასაციო საჩივრებს და ითხოვა მათი დაკმაყოფილება, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის განაჩენის გაუქმება და ლ. ლ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვისა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მიზნით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები ლ. ლ-ის მსჯავრდების თაობაზე, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ პროკურორისა და დაზარალებულის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დამცველის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარის წარმომადგენლების _ პროკურორ გ. მ-სა და დაზარალებულ ნ. ი-ის საკასაციო საჩივრების მოთხოვნას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ისინი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. აღნიშნული საჩივრების ავტორებს არ გააჩნიათ რაიმე რეალური მოტივები და არგუმენტები ლ. ლ-ის ბრალდების საქმის ხელახლა განხილვისა და მის მიმართ სასჯელის გამკაცრების აუცილებლობის თაობაზე. კასატორები შემოიფარგლნენ მხოლოდ ზოგადი შენიშვნით იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მისი ჩამდენის პიროვნებას, მაგრამ მათ საერთოდ არ მიუთითებიათ, რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ქმედების ხასიათთან ან ქმედების რა მახასიათებლები აქვთ მხედველობაში. უნდა აღინიშნოს, რომ მითითებულ საკითხებში უფრო მეტი გარკვეულობა ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა ვერ შეიტანეს თავიანთი საკასაციო საჩივრების განხილვის დროსაც. საჩივართან დაკავშირებით მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები არსებითი თვალსაზრისით არ იყო საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად. ასეთ პირობებში ბრალდების მხარის წარმომადგენელი კასატორების მოთხოვნა განაჩენის გაუქმებისა და ლ. ლ-ის ბრალდების საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს ადვოკატ ა. კ-ის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებულ და დასაბუთებულ მოტივებს ლ. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 341-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებების უსაფუძვლობის თაობაზე.

უწინარესად განხილულ უნდა იქნეს ლ. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მის მიერ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის თაობაზე, რაც, განაჩენის მიხედვით, გამოიხატა იმაში, რომ მან 2003 წლის 18 დეკემბერს გ. ი-ის ადმინისტრაციული დაკავების ოქმში შეიტანა ყალბი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირის დაკავების შესახებ ეცნობა მის ძმას _ ტ. ი-ეს, რაც სინამდვილეში მას არ შეუსრულებია და რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნული ბრალდების დასადასტურებელ მტკიცებულებად განაჩენში მოხმობილია ტ. ი-ის ჩვენება, რომლის მიხედვით, არც ოჯახისათვის და არც პირადად მისთვის არავის უცნობებია მისი ძმის _ გ. ი-ის დაკავების თაობაზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით ლ. ლ-ძე თავის ჩვენებებში განმარტავს, რომ გ. ი-ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიყვანის შემდეგ მიეცა წინადადება, რომ მისი დაკავების შესახებ ეცნობებინა ოჯახისათვის, რის შემდეგაც თვითონ გ. ი-ემ დარეკა სამინისტროს ტელეფონით და ესაუბრა ლ. ლ-სათვის უცნობ პირს, ხოლო საუბრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ელაპარაკა თავის ძმას _ ტ. ი-ეს. იგი ენდო დაკავებულის ასეთ განცხადებას, რომლის საფუძველზეც გააკეთა შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული დაკავების ოქმში.

მითითებულ გარემოებას, გარდა ლ. ლ-სა, თავიანთი ჩვენებებით ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებიც, თუმცა დაცვის მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული ზარები და საუბრები, რომლითაც, სამინისტროს ხსენებული თანამშრომლების განცხადების თანახმად, გ. ი-ემ ისარგებლა, არ ფიქსირებდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს მის ჩადენას მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ვინაიდან იგი წარმოადგენს მიზნით დაფუძნებულ შემადგენლობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ასეთის არსებობა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება. სხვა გვარად რომ ითქვას, არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს როგორც საბრალდებო დასკვნით, ასევე განაჩენით არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მართებული სამართლებრივი შეფასებით ამ შემთხვევაში ლ. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა განისაზღვროს როგორც სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის _ გ. ი-ის იმ უფლების დარღვევა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დაკავებული გ. ი-ძე იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, უფრო ზუსტად _ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში, რაც სრულიად აშკარა იყო ლ. ლ-სათვის მისივე განმარტებით და რაც დაუდასტურა თვითონ გ. ი-მაც დაკავებისას. ამიტომ ლ. ლ-ძე მოვალე იყო, გამოეჩინა უფრო მეტი ყურადღება, არ უნდა დასჯერებოდა გ. ი-ის ნათქვამს ძმასთან სატელეფონო საუბრის შესახებ და პირადად ან სამინისტროს სხვა თანამშრომლის მეშვეობით გადაემოწმებინა _ ნამდვილად ეცნობა თუ არა გ. ი-ის ოჯახის წევრებს მისი დაკავების თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში საამისოდ მიეღო სათანადო ზომები. ლ. ლ-ემ გამოიჩინა რა დაუდევარი დამოკიდებულება თავისი სამსახურებრივი მოვალეობისადმი, მის მიერ დაკავებული გ. ინასარიძე არ იქნა რეალურად უზრუნველყოფილი, რათა მას ესარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით.

რაც შეეხება ლ. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების _ მისი მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ძალადობით ჩადენის დასაბუთებისას სასამართლო თავის განაჩენში ყურადღებას ამახვილებს სამ ძირითად მომენტზე. პირველი, მან თავისი უფლებამოსილების გადამეტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით დააკავა მოქალაქე გ. ი-ძე და წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მეორე, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ლ. ლ-ემ, ნაცვლად იმისა, რომ გ. ი-ძე დაუყოვნებლივ წარედგინა ნარკოლოგიურ სამსახურში მისი შემოწმების მიზნით‚ ანუ იმის გასარკვევად, ნამდვილად ჰქონდა თუ არა დაკავებულს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მან იგი ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანა და ჩამოართვა ახსნა-განმარტება და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგინა იგი ნარკოლოგიურ სამსახურში, სადაც გ. ი-ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი. მესამე, ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა გ. ი-ის შემდგომი დაკავების საფუძველი, ლ. ლ-ემ კვლავ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ. ი-ძე 2003 წლის 18 დეკემბრის საღამოდან დაახლოებით 19 დეკემბრის 15 საათამდე განზრახ, უკანონოდ გააჩერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ კაბინეტში, რა დროსაც მან დაუდგენელ პირებთან ერთად გ. ი-ის მიმართ გამოიყენა ძალადობა და მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

გააანალიზა რა საქმეში არსებული მასალები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ლ-ის დამცველი სწორად მიუთითებს, რომ გ. ი-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ, რა დროსაც გაეცნო საქმის მთელ მასალას გ. ი-ის დაკავების ჩათვლით, მაგრამ არავითარი შენიშვნა არ გაუკეთებია მის მიმართ დაშვებულ რაიმე დარღვევებზე, იგი ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით მას დაეკისრა პატიმრობა 10 დღე-ღამის ვადით. სასამართლოს აღნიშნული დადგენილება (2003 წლის 18 დეკემბერი), რომლითაც პოლიციის თანამშრომელთა მოქმედება კანონიერად არის მიჩნეული, დღემდე კანონიერ ძალაშია, რის გამოც განხილული ეპიზოდი ლ. ლ-ეს არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

ზემოხსენებულ მეორე ეპიზოდთან მიმართებით თვითონ ლ. ლ-ძე სავსებით დამაჯერებლად განმარტავს, რომ დაკავებულ გ. ი-ის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წარდგენისათვის მას აუცილებლად სჭირდებოდა შესაბამისი მიმართვა, რომელიც უნდა აეღო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის გამოც დაკავებულთან ერთად გამოცხადდა სამინისტროში, ხოლო ნარკოლოგიურ შემოწმებამდე დაკავებისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დაკავებისას თვითონ გ. ი-ემ განაცხადა მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტის შესახებ. პალატა იზიარებს დაცვის ასეთ პოზიციას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ლ-ეს კანონი არ დაურღვევია და ამ ეპიზოდში მის მიერ განხორციელებული მოქმედება დანაშაულად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, რომ ნარკოლოგიური შემოწმებით გ. ი-ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ხოლო ლ. ლ-ის აღნიშნული მოქმედებით დაკავებულის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს რაიმე ზიანი არ მისდგომია.

ლ. ლ-ის ბრალდების ფორმულირებაში მოცემულ მესამე ეპიზოდთან მიმართებით შეიძლება აღინიშნოს, რომ საქმის მასალებში ფაქტობრივად არავითარი სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს იმის უტყუარი დადასტურებისათვის, რომ 2003 წლის 18-19 აგვისტოს ღამით, დღის 15 საათამდე, გ. ი-ძე ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, ვინაიდან საქმეში არსებობს ოფიციალური დოკუმენტები 2003 წლის 18 დეკემბერს გ. ი-ის აღნიშნული სამინისტროს შენობაში როგორც შესვლის, ისე‚ იმავე საღამოს ამ შენობიდან მისი გასვლის თაობაზე, აგრეთვე, აღნიშნულ საღამოს თვით გ. ი-ის მიერ დაწერილი ხელწერილი მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი გამოცხადების ვალდებულების თაობაზე. მართალია, სასამართლო ამ დოკუმენტებს უნდობლობას უცხადებს, მაგრამ ოფიციალურად მათი სიყალბე დადგენილი არ არის, რის გამოც დაცვის მხარის მიერ ამ დოკუმენტებით აპელირება საფუძვლიანი და დასაბუთებულია.

გარდა ამისა, სარწმუნოდაც რომ მივიჩნიოთ ვერსია, რომლის მიხედვით, გ. ი-ძე 2003 წლის 18 დეკემბრის 20.30 საათიდან 19 დეკემბრის 15 საათამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, დაუდგენელია, სად და ვისთან ჰყავდათ იგი ამ დროის განმავლობაში. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ. ი-ძე სამინისტროს შენობაში გააჩერა და იქიდან არ გაუშვა სწორედ მსჯავრდებულმა ლ. ლ-ემ, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, სამინისტროში მიყვანილი გ. ი-ძე 2003 წლის 18 დეკემბრის 18 საათიდან 20.30 საათამდე რეგისტრირებულია სამინისტროს სხვა თანამშრომელთან და არა _ ლ. ლ-სთან. ამავე დროს, რაიმე მტკიცებულებებით არც ისაა დადგენილი, ნამდვილად განხორციელდა თუ არა რაიმე ძალადობა დაკავებულ გ. ი-ის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ნამდვილად ლ. ლ-ემ განახორციელა თუ არა აღნიშნული ძალადობა მის მიმართ, თუკი ასეთს საერთოდ ჰქონდა ადგილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ვერ იძლევა მყარ დასკვნას გ. ი-ის სხეულზე აღმოჩენილი მსუბუქი დაზიანებების მიყენების ვადის თაობაზე. ამ თვალსაზრისით, დასკვნა უფრო სავარაუდოა, ვიდრე კატეგორიული და, ცხადია, არ შეიძლება ბრალდება ასეთ მტკიცებულებას ეყრდნობოდეს.

ამრიგად, ირკვევა, რომ სასამართლოს დასკვნა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის თაობაზე უფრო ვარაუდს წარმოადგენს, ვიდრე უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობილ სამართლებრივ შეფასებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაშიც წინასწარი გამოძიებითა და სასამართლო გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლოს განაჩენში მიეცა არაადეკვატური სამართლებრივი შეფასება, როცა ლ. ლ-ის ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, რადგან არ არსებობდა ჯეროვანი საფუძველი ასეთი კვალიფიკაციისათვის. ასეთი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ არ დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები; ამასთან, დაუშვა სსსკ-ის 562-ე მუხლითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რამაც განაპირობა ლ. ლ-ის არასწორი მსჯავრდება.

წინასწარი გამოძიებითა და სასამართლო გამოძიებით უტყუარად დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2003 წლის 18 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფმა ლ. ლ-ის ხელმძღვანელობით დააკავა გ. ი-ძე, იმავე ჯგუფმა მისივე ხელმძღვანელობით დაკავების ადგილზე ჩაატარა გ. ი-ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას ჩამოართვეს მობილური ტელეფონის აპარატი და მოთეთრო ფერის გაურკვეველი ფხვნილი, რომლებიც დაილუქა; აღნიშნულმა ჯგუფმა გ. ი-ძე წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც მას ახსნა-განმარტება ჩამოართვა ლ. ლ-ემ, ხოლო შემდეგ დაკავებული მათვე წარადგინეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და იმავე საღამოს დააბრუნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში; აღნიშნულ საღამოს გ. ი-ეს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მეორე დღეს (2003 წლის 19 დეკემბერს) გამოცხადდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში; 2003 წლის 18 დეკემბერს გ. ი-ძე ნამდვილად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. 18-19 დეკემბრის ღამეს გ. ი-ძე შინ არ დაბრუნებულა და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო; მეორე დღეს, 19 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, გ. ი-ძე ლ. ლ-ის ხელმძღვანელობით წარდგენილი იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღის ვადით, რის შემდეგაც იგი მიყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროში; მისი დაკავების მომენტიდან გასული მთელი ამ დროის განმავლობაში გ. ი-ეს ეცვა საშინაო ტანსაცმელი: ფეხებზე _ «ფლოსტები», ხოლო ტანზე _ სპორტული შარვალი და მოსასხამი, ამასთან, მას თან არ ჰქონდა თანხა, რადგან მისი ჩხრეკისას ასეთი რამ აღმოჩენილი არ ყოფილა; მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავების დღის ბოლოსათვის ქიმიური შემოწმებით დადგინდა გ. ი-საგან ამოღებული, უცნობი, მოთეთრო ფხვნილის შემადგენლობა და ის არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ან სხვა კანონით აკრძალული ნივთიერება და, მაშასადამე, არ არსებობდა მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების დაწყების საფუძველი, გ. ი-ეს არ დაუბრუნდა ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონის აპარატი.

ჩამოთვლილ მოქმედებაში ლ. ლ-ის მონაწილეობა არ იძლევა საფუძველს მისი ქმედების შეფასებისათვის ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ანუ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის. უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ ლ. ლ-ის მხრივ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაზე, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო ანუ სამსახურებრივი გულგრილობის გამოჩენაზე. ვინაიდან გ. ი-ის დაკავება და შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა მოხდა ლ. ლ-ის ხელმძღვანელობით, ამიტომ ის იყო პასუხისმგებელი იმაზეც, რომ არ დარღვეულიყო და არ შელახულიყო დაკავებულის უფლებები და კანონიერი ინტერესები. ლ. ლ-ძე მოვალე იყო, თვალყური მიედევნებინა გ. ი-ის მდგომარეობისათვის და პირადად გაერკვია: კანონით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ გ. ი-ეს დაუბრუნდა თუ არა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატი, რადგან აღარ არსებობდა მისი ჩამორთმევის კანონიერი საფუძველი. გ. ი-ეს ტელეფონის აპარატი არ დაუბრუნდა, რითაც მას შეეზღუდა თავისი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა და რომელიც მისთვის ძალზე საჭირო იყო ახლობელთან დასაკავშირებლად; ასევე ისიც, ხსენებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ გ. ი-ემ ნამდვილად დატოვა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა და თუ ის კვლავ შენობაში იმყოფებოდა, სად, ვისთან და რა საფუძველზე; თუკი გ. ი-ძე მართლაც გავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან, შეძლო თუ არა მან დამოუკიდებლად შინ დაბრუნება, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ი-ძე იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ანუ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში, მას ეცვა საშინაო «ჩუსტები» და თხელი, ზამთრისათვის შეუფერებელი სპორტული ტანსაცმელი, ამასთან, საერთოდ არ ჰქონდა რაიმე თანხა ტრანსპორტის დასაქირავებლად თავისი ბინადრობის ადგილამდე მისაღწევად. ამის შესახებ ცნობილი იყო ლ. ლ-სათვის. მიუხედავად ამისა, მან გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა დაკავებულ გ. ი-ის მიმართ და არ მიიღო ზომები მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, რითაც მან დაარღვია «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის «ა», «ბ» და «ფ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელთა მიხედვით პოლიციის მუშაკი მოვალეა: მკაცრად დაიცვას მოქალაქის უფლებები და კანონიერი ინტერესები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მოქალაქეებს, ასევე ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, თუ მას შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს. ლ. ლ-ის მიერ ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შედეგად დაკავებულ გ. ი-ის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს მიადგა არსებითი ზიანი.

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტიდან და 341-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) და სამართლებრივად შეფასდეს როგორც სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაულისათვის ლ. ლ-ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას პალატა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის თანაზომობის პრინციპიდან გამომდინარე, ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომლებიც მსჯავრდებულს გააჩნია, კერძოდ იმას, რომ ლ. ლ-ძე პირველად არის სამართალში, მისი წარსული ხასიათდება დადებითად, დაავადებულია მწვავე ჰიპერტონული ენცეფალოპათიით და თავის ტვინის მწვავე გარდამავალი იშემიური მოშლით, კმაყოფაზე ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი _ უსინათლო მამა, სამსახურიდან დადებითად ხასიათდება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს. ასეთ პირობებში მსჯავრდებულ ლ. ლ-ის გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის არ არსებობს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენების აუცილებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ლ. ლ-ის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-სა და დაზარალებულ ნ. ი-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

მსჯავრდებულ ლ. ლ-ის დამცველის, ადვოკატ არ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის განაჩენში მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ შევიდეს შემდეგი ცვლილება: მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 341-ე მუხლით, შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), როგორც სამსახურებრივი გულგრილობა, ხოლო ამ დანაშაულისათვის ლ. ლ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 9 თვის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.