დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.04.2006
საქმის ნომერი
2კ-319აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

319-აპ 12 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ოშხარელი

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ლ. გ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებითა და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-ძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებითა და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებური დატოვება სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ სასჯელის ზომად განუსაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით, ლ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 3 ივნისს ლ. გ-ძე ქ. ჭიათურის სამხედრო კომისარიატმა გამოწვია სავალდებულო სამხედრო სამსახურში, -- ივნისს მან მიიღო ფიცი და ჩაირიცხა ჯარის ¹-- სამხედრო ნაწილში ---დ. სამხედრო სამსახურის პერიოდში ლ. გ-ემ რამდენჯერმე თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი და დაბრუნდა ჭიათურის რაიონის სოფ. ---ში. სამხედრო სამსახურის დროს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი ფარულად დაეუფლა «კალაშნიკოვის» ტიპის 7,62 მმ კალიბრიან ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და 9 მმ კალიბრიან «მაკაროვის» ტიპის პისტოლეტს. მანვე ჩაიდინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარება და გადაზიდვა. ლ. გ-ემ სამხედრო ნაწილიდან გატაცებული იარაღი შეინახა ჭიათურის რაიონის სოფელ ---ში.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. გ-ემ და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ დანაშაული ჩაიდინა ახალგაზრდული ასაკის გამო დაშვებული შეცდომით შედეგად და ითხოვს პატიებას.

სააპელაციო საჩივარი განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც 2005 წლის 20 ივნისის განაჩენით საჩივარი არ დააკმაყოფილა და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიმართ დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატას. მსჯავრდებული თავისი საჩივრით ითხოვს აღნიშნულ განაჩენში მის სასიკეთოდ ცვლილების შეტანას, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივით, რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ლ. გ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ლ. ვ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ მოტივით, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, გაითვალისწინა რა ყველა შემამსუბუქებელი გარემოება, მსჯავრდებულ ლ. გ-ეს დაუნიშნა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა. ამდენად, განაჩენი ზომიერია და არ არის ზედმეტად მკაცრი. პროკურორმა რ. ს-მა ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები ლ. გ-ის მსჯავრდების თაობაზე, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც საქმეში მოიპოვებოდა მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ ის, რომ იგი პირველად არის სამართალში და წარსულში ხასიათდება დადებითად, არის ახალგაზრდა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, და ამ გარემოებების გათვალისწინებით, მას დაუნიშნა კანონით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ზომა. სწორედ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასების, ასევე სასჯელის ზომის თვალსაზრისით, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად. საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ. გ-ის სასარგებლოდ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული იმ ვითარებაში, როდესაც მას ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების რაიმე განსაკუთრებული და კანონიერი საფუძველი არ მოიპოვება, რის გამოც საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.