დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
146-კოლ 25 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზ. მეიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ოშხარელი
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 12 ივლისის განაჩენზე, რომლითაც მ. ქ-ია ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით (ძვ. რედაქცია), 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 12 ივლისის განაჩენით მ. ქ-ას საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (ძვ. რედაქცია), 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მ. ქ-ას მთლიანად ჩაეთვალა მინსკის (ბელორუსიის) რაიონის სასამართლოს 1996 წლის 29 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოხდილი სასჯელი _ 5 წელი და 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 20 აგვისტოდან.
განაჩენით მ. ქ-ას მსჯავრი დაედო ბანდიტიზმში, რაც გამოიხატა ცალკეულ პირებზე ანგარებით თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ ბანდასა და ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობაში, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებაში, ნარკოტიკული საშუალების დამზადებასა და შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
1992 წლის აგვისტოში, ცალკეულ პირებზე ანგარებით ბანდიტური თავდასხმისა და მათ ქონების დაუფლების მიზნით, ბ. ც-ამ ჩამოაყალიბა ურთიერთშორის მტკიცე, მჭიდროდ შეკავშირებული, ხანგრძლივი დროით დანაშაულებრივი საქმიანობისათვის გათვალისწინებული შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფი, რიგი ბანდიტური თავდასხმების ჩასადენად, რომელშიც შევიდა მ. ქ-აც.
1992 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათზე, ბანდიტურმა ჯგუფმა ბ. ც-ას, ასევე, ბანდის წევრების _ მ. ქ-ას, ჯ. კ-ას, დ. გ-ას, ბ. კ-ას, ასევე, გამოძიებით დაუდგენელი რამდენიმე შეიარაღებული წევრის მონაწილეობით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთმოლაპარაკების შედეგად შედგენილი დანაშაულებრივი გეგმის საფუძველზე ანგარებით განახორციელეს ბანდიტური თავდასხმა დაბა ჩოხატაურში, --- ¹8-ში მცხოვრებ მ. ფ-ის საცხოვრებელ სახლზე. ბოროტმოქმედებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცეს 10425 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობა და ფული _ 2000 რუსული რუბლი.
მანვე 1992 წლის 30 ავგისტოს, დაახლოებით 22 საათზე, ბანდიტური ჯგუფის წევრებთან ერთად განახორციელა თავდასხმა მარტვილის რაიონის სოფელ --- მცხოვრებ ს. კ-ას საცხოვრებელ სახლზე, რა დროსაც ბანდიტური ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დ. გ-ამ დანაშაულის გაადვილებისა და მისი დაფარვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩაიდინა ს. კ-ას განზრახ მკვლელობა, რის შემდეგაც სახლიდან გაიტაცეს 211000 რუსული რუბლის ღირებულების მატერიალური ფასეულობა, რაც ამჟამად ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით შეადგენს 1842,53 ლარს, «მაკაროვის» სისტემის პისტოლეტი და ფული _ 90000 რუსული რუბლი.
მანვე 1992 წლის 11 სექტემბერს ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან ერთად ჩხოროწყუს რაიონის სოფ. --- მცხოვრებ ო. ხ-ას საცხოვრებელ სახლზე განახორციელა ბანდიტური თავდასხმა, რა დროსაც მათ გაიტაცეს 3605 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობა, ფული _ 25 აშშ დოლარი და 135000 რუსული რუბლი.
მანვე 1992 წლის 13 სექტემბერს დ. ჩხოროწყუში, --- მცხოვრებ ბ. ქ-ას საცხოვრებელ სახლზე განახორციელა ბანდიტური თავდასხმა, რა დროსაც გაიტაცა 47202 ლარის მატერიალური ფასეულობა.
2003 წლის შემოდგომაზე მ. ქ-ამ ---ის უბნის ტყეში შეშის დამზადებისას ნახა მცენარე «---». იცოდა რა მისი ეფექტი, მცენარიდან მოწყვიტა თესლი და წამოიღო სახლში. აღნიშნული თესლი 2004 წლის ზაფხულში დათესა თავის საკარმიდამო ნაკვეთში, დაბა ჩხოროწყუს --- ¹--ში, საიდანაც აღმოცენდა 2 ძირი «---ის» მცენარე, რომელსაც იგი უვლიდა და უკეთებდა კულტივირებას. 2004 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში მან 2 ძირი მცენარიდან მოწყვიტა ფოთლები, დაამზადა ნარკოტიკული საშუალება «---», რომელსაც ღებულობდა დროგამოშვებით. 2004 წლის 19 აგვისტოს ჩხოროწყუს შს რაიგანყოფილების თანამშრომლებმა მ. ქ-ას საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოიღეს ორი ძირი მცენარეული მასა, მისი საცხოვრებელი სახლიდან კი _ გამხმარი და დაფასოებული მასა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, დაბა ჩხოროწყუს, --- ¹--ში მცხოვრები მ. ქ-ას საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოღებული მცენარეული მასა, წონით 17,1 გრამი, წარმოადგენს «---ს», რომელიც მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა კატეგორიას, ხოლო ორი ძირი მცენარე, წონით 23 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარე «---ს».
სასამართლო კოლეგიის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ქ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. ქ-ია ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმებას. იგი ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშანვს, რომ ჰყავს არასრულწლოვანი და, მოხუცი მშობლები და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ჩ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი მ. ქ-ას მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და სასჯელის შემსუბუქების შესახებ, უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი აღიარებითი ჩვენება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებრივი საშიშროება, ასევე გაითვალისწინა ის, რომ საქმეზე წარმოდგენილი შსს --- დეპარტამენტის --- სამმართველოდან 2005 წლის -- მაისს შესული წერილით ¹--/--/-- დადგენილია მ. ქ-ას ნასამართლობა ---ის რაიონის სასამართლოს მიერ და რომ იგი ნამდვილად განთავისუფლდა სასჯელისაგან 1999 წლის 17 მარტს ბელორუსიის რესპუბლიკის 1999 წლის --- ამნისტიით, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს მიერ ვერ იქნა მოპოვებული დოკუმენტი მ. ქ-ას მიერ ზემოთ დასახელებული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ზუსტად მოხდილი სასჯელის ოდენობა, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად საკითხი გადაწყვიტა განსასჯელის სასარგებლოდ და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მას ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოიხადა, კერძოდ _ 5 წელი და 6 თვე.
აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ მ. ქ-ის პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულ მ. ქ-ას ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, თვით მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, მ. ქ-ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის კანონის ისეთი არსებითი დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატას მიაჩნია, რომ ამჟამად მ. ქ-სათვის სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.
ამდენად, პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 12 ივლისის განაჩენი მ. ქ-ას მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ქ-ას საკასციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 12 ივლისის განაჩენი მ. ქ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.