გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 13.04.2006
საქმის ნომერი
2კ-402აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 402-აპ 13 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ბ. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენზე, რომლითაც თანახმად “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა და სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ბ. თ-უა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან; მას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 310 607, 40 ლარის გადახდა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 იანვრის განაჩენით ბ. თ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა გადასახადისაგან თავის არიდება არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

განაჩენის მიხედვით, ბ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

1999 წლის 29 ივლისს ხაშურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით დაფუძნდა შპს “---”, რომლის დამფუძნებლები იყვნენ დ. მ-ლი, ბ. გ-ლი და ბ. თ-უა. საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სავაჭრო ოპერაციები, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, სხვადასხვა საქონლის წარმოება, შემოტანა, შესყიდვა-რეალიზაცია და სხვა. 2000 წლის 5 იანვრიდან საზოგადოების დირექტორად სასამართლოს დადგენილებით დაინიშნა ბ. თ-უა, საზოგადოება რეგისტრირებული იყო ხაშურის საგადასახადო ინსპექციაში; ბ. თ-ამ საზოგადოების ფუნქციონირების პერიოდში ხაშურის საგადასახადო ინსპექციიდან გამოიტანა დამატებითი ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, კერძოდ, 2000 წლის 19 სექტემბერს _ 10 ცალი, 2001 წლის 12 იანვარს _ 25 ცალი, 2001 წლის 22 ივნისს _ 25 ცალი. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით მან სრულად გაუკეთა რეალიზაცია სხვადასხვა დასახელების საქონელს 2000-2001 წლებში, დღგ-ს გადასახადის გადახდას კი თავი აარიდა.

სულ ბ. თოდუამ შპს “---ს” ---ად მუშაობის პერიოდში და ერთ შემთხვევაში ინდმეწარმე დ. ღ-ის ანგარიშ-ფაქტურის გამოყენებით თავი აარიდა დღგ-ს გადასახადის გადახდას და არ გადაიხადა: 2000 წელს _ 7689 ლარი, რასაც ერიცხება ფინანსური სანქცია _ 2179,94 ლარი და საურავი _ 9286,99 ლარი. 2001 წელს _ 192721,79 ლარი, რასაც ერიცხება ფინანსური სანქცია _ 46312 ლარი და საურავი _ 55441,63 და 11660,71 ლარი (დ. ღ-ის ანგარიშ-ფაქტურის გამოყენებით). სულ აღნიშნული თანხების ჯამმა შეადგინა 325 292 ლარი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილებითა და საბრალდებო დასკვნით ბ. თ-ას წარდგენილი ჰქონდა 310 607,40 ლარი. რაიონულმა სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ ვერ გასცდებოდა ბრალდების მოცულობას და ჩათვალა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ამ თანხის ფარგლებში.

ბ. თ-ას საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 310 607,40 ლარის გადახდა.

მსჯავრდებულმა ბ. თ-ამ განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. საჩივრით იგი ითხოვდა განაჩენით განსაზღვრული თანხის შემცირებას და პირობითი მსჯავრის შეფარდებას.

სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა:

თანახმად “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა და სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ბ. თ-უა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ბ. თ-უა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლს ეხება ამნისტია, რაც მის მიმართ სრულად არ გამოიყენა.

პალატის სხდომაზე პროკურორმა რ. ს-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

პალატის სხდომაზე საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა ვ. ძ-მა განაცხადა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ არის განსაზღვრული, ბ. თ-ას, როგორც ფიზიკურ პირს თუ როგორც შპს-ს ---ს დაეკისრა თანხის გადახდა. მან იშუამდგომლა გაიმიჯნოს, თუ რა რაოდენობის თანხა დაეკისრა ბ. თ-ას ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. თ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ბ. თ-სათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მიხედვით: “სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილებითა და საბრალდებო დასკვნით განსასჯელ ბ. თოდუას სარჩელის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად წარდგენილი აქვს სულ 310607,40 ლარის მოთხოვნა”.

სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება, რაც ასევე გაიზიარა სააპელაციო პალატამ, არ დასტურდება საქმის მასალებით.

საქართველოს სსსკ-ის 30-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი.

ამავე კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით დარწმუნდება, რომ პირს აქვს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება, იგი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მას ამ უფლების თაობაზე.

წინასწარი გამოძიების მასალების მიხედვით, გამომძიებელმა აცნობა გორის --- ინსპექციის ---ს _ კ. კ-ლს იმის თაობაზე, რომ საქმეზე ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის მიხედვით, შპს “---ს” სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელად დაეკისრა 197000 ლარი (ძირითად გადასახადში) და სთხოვა, რომ წარმოედგინათ მათდამი დაქვემდებარებული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც წინასწარი გამოძიების პროცესში მიიღებდნენ მონაწილეობას დაზარალებულისა და მოსარჩელის სახით.

გამომძიებლის 2002 წლის 22 აგვისტოს დადგენილებით გორის --- ინსპექციის წარმომადგენელი ვ. ძ-რი ცნობილ იქნა შპს “---ს” --- ბ. თ-ას მიმართ სამოქალაქო მოსარჩელედ, მიუხედავად იმისა, რომ ვ. ძ-რს საქმეზე არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი. დადგენილებაში არ არის მითითებული იმის თაობაზე, თუ რა სახის ზიანი მიადგა ვ. ძ-რს ბ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად. დადგენილების ასლი არ გადასცემია ბრალდებულ ბ. თ-ას და ეს უკანასკნელი კანონით დადგენილი წესით საქმეზე არ ყოფილა ცნობილი სამოქალაქო მოპასუხედ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულ ბ. თ-სათვის დაეკისრებინათ 310607,40 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რადგან ბ. თ-ას ბრალდების საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება, საქმეზე არ არის რა წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი.

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. თ-სათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს, ხოლო უფლებამოსილ პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, უფლება აქვს, წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართლწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. თ-სათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.