დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.06.2006
საქმის ნომერი
2კ-499აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 499-აპ 27 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ოშხარელი,ზ. მეიშვილი

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 მაისის განაჩენით ა. შ-ძეს, 2002წ. 19 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ პუნქტებით, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ პუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ა. შ-ეს განაჩენით მსჯავრი დაედო დროებითი გამოყენების მიზნით, არაერთგზის, ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004წ. 3 დეკემბერს, გამთენიისას, 4 საათზე, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი, მთვრალი ა. შ-ძე ქ. ქუთაისში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა --- მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ ვ. ჭ-ის კუთვნილ „გაზ-24-10“ მარკის მსუბუქ ავტომობილს.

აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა ა. შ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ იგი შემთხვევის ღამეს არ იმყოფებოდა შინ, ხოლო დილით, 3 საათზე, მეუღლისაგან ტელეფონით შეიტყო, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე და საჭიროებდა საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაყვანას. ბავშვის მდგომარეობით აღელვებულმა, უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში მყოფმა, გადაწყვიტა გამოეყენებინა ხელთ მოხვედრილი პირველივე სატრანსპორტო საშუალება საავადმყოფოში ბავშვის გადასაყვანად, რის შემდეგაც ავტომანქანას უკანვე დააბრუნებდა პატრონის მიერ მიჩენილ სადგომზე.

მსჯავრდებულ ა. შ-ის განმარტებით, იგი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ანუ თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლისა, მას არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 აგვისტოს განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ა. შ-ეს შეფარდებული სასჯელი _ 5 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 3 წლამდე, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატას. საკასაციო საჩივრით ა. შ-ძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებული დაეთანხმა თავისი ადვოკატის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 17 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი ა. შ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის გარემოებები, გულმოდგინებით გაარკვია განსასჯელის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი, რის საფუძველზეც კანონიერად ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ ა. შ-ის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის უტყუარი და სარწმუნო მისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, როგორც წინასწარი გამოძიებით, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას სრულად იქნა შეკრებილი ა. შ-ის მამხილებელი მტკიცებულებები. ასეთ დასკვნამდე პალატა მივიდა მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ, მხარეთა უშუალო მონაწილებით, საფუძვლიანად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება. საკასაციო პალატას, აგრეთვე, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საფუძველი გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმებისათვის, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 17 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.