განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 20.04.2006
საქმის ნომერი
2კ-186კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

186-კოლ 20 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 6 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც მ. ს-ნს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლით, ხოლო ა. ღ-ლს _ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით მ. ს-ნს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ვ» და «ი» ქვეპუნქტებითა და 151-ე მუხლით;

ა. ღ-ლს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 6 სექტემბრის განაჩენით მ. ს-ნი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ვ» და «ი» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 151-ე მუხლით _ 3 თვით ტუსაღობა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, მას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; ა. ღ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და მიესაჯა ჯარიმა _ 300 დღიური ანაზღაურება, დღიური 2 ლარის ოდენობით, სულ _ 600 ლარი, რომელიც უნდა გადახდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენის მიხედვით მ. ს-სა და ა. ღ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ნ. კ-ძე, მისი მეუღლე ნ. მ-ძე და ა. ღ-ლი ვაჭრობდნენ თბილისის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობა «---ში», რა დროსაც ნ. კ-ეს და მის მეუღლეს დაედოთ ა. ღ-ის ვალი. ნ. კ-ძე წავიდა ქარელის რაიონის სოფ. ---, რათა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანით გაესტუმრებინა ვალი, ხოლო ნ. მ-ძე კვლავ განაგრძობდა ვაჭრობას, მაგრამ ფული ვერ დააგროვა და ვალი ვერ გაისტუმრეს.

2004წ. მაისის დასაწყისში ა. ღ-ლი დაუკავშირდა მ. ს-ნს, რომლის დის ვალიც თვითონ ჰქონდა და სთხოვა დახმარება ნ. კ-საგან მისი კუთვნილი თანხის _ 2000 აშშ დოლარის დაბრუნებაში, რათა გაესტუმრებინა მისი დის ვალიც.

2004წ. 6 მაისს ა. ღ-ლი თავისი ა/მანქანით და მ. ს-ნი ჩავიდნენ ქარელის რაიონის სოფ. --- ნ. კ-სთან, რა დროსაც მ. ს-ნი მას გაეცნო როგორც «მუხო».

მათ ნ. კ-ეს მოსთხოვეს ვალის დაბრუნება, დაემუქრნენ და ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით წაიყვანეს თბილისის ---ის დასახლებაში, სადაც გამოძიებით დაუდგენელ ადგილას შეხვდნენ ოთხ პირს. მათგან ერთ-ერთი ნ. კ-ეს გაეცნო კანონიერ ქურდ «მ-ედ», რომელმაც მას მოსთხოვა ფულის დაბრუნება, თან დაემუქრა: თუ თვის ბოლომდე არ გადაიხდიდა, ცუდად წაუვიდოდა საქმე. ნ. კ-ძე შეჰპირდა ვალის დაბრუნებას. «მ-ემ» უთხრა, რომ რამდენიმე დღეში ქ. მოსკოვში მიდიოდა და თუ ორ დღეში 2000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, დანარჩენს დიდი ხნით დააცდიდა.

იმის გამო, რომ ნ. კ-ემ ვერ შეასრულა დანაპირები, ა. ღ-მა თავისი ა/მანქანით, მ. ს-თან და ვინმე «ე-სთან» ერთად, კვლავ მიაკითხა მას სოფ. --- და იგი, დედამისთან _ ი. კ-სა და არასრულწლოვან შვილთან ერთად, წამოიყვანა თბილისში. მათ ---ის მასივში დატოვეს ნ. კ-ის დედა და შვილი, ხოლო თვითონ გზა გააგრძელეს ---ის მიმართულებით. ---ის ქუჩაზე, სინაგოგასთან, მ. ს-ნი, ნ. კ-ძე და «ე-რი» გადმოვიდნენ ა/მანქანიდან, ხოლო ა. ღ-ლი წავიდა სახლში.

მ. ს-მა და «ე-ამ» ნ. კ-ძე შეიყვანეს ---ის ჩიხის ¹ 5-ის პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, სადაც მ. ს-მა უთხრა, რომ ქურდის გადაგდება არ შეიძლებაო. ბინაში შევიდა კიდევ სამი პირი, ხოლო მ. ს-ნი გავიდა ბინიდან დაახლოებით ერთი საათით. «ე-ამ» და მისთვის უცნობმა ორმა პირმა, რომლებიც ნასვამები იყვნენ, პარკეტის ფიცრით მაგრად სცემეს ნ. კ-ეს. შემდეგ მოიტანეს ერთი ბოთლი არაყი, მასაც დაალევინეს და კვლავ დაუწყეს ცემა პარკეტის ფიცრითა და მუშტებით, თან ეუბნებოდნენ _ ქურდი რატომ «გადააგდეო». შემდეგ მ. ს-ნი შევიდა ოთახში და ბიჭებს მიმართა, რატომ სცემეთო, ხოლო ნ. კ-ეს უთხრა _ რას შვრები, ხომ იცი, ვისიც არის ეს ფულიო. ნ. კ-ემ სთხოვა, ორი კვირა კიდევ ეცლიათ, ქვისლს დაურეკავდა ქ. ---ში და ძროხასაც გაყიდდა, რის შემდეგ დრო იხელთა და გაიპარა.

პროკურორი გ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დაბრუნებას. იგი თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი მოტივებით: სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა დაზარალებულთა ოჯახზე განსასჯელთა მხრიდან ზეწოლის განხორციელების ფაქტი, რაც გახდა სასამართლოში მათი ჩვენებების ნაწილობრივ შეცვლის საფუძველი განსასჯელთა სასარგებლოდ და რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა განაჩენის დადგენისას, ხოლო აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მ. ს-ნი უნდა ეცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ვ» და «ი» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ა. ღ-ის მიმართ დადგენილი სასჯელის ზომა არის ლმობიერი და მას უნდა მიესაჯოს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. ბ-ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 6 სექტემბრის განაჩენი მ. ს-სა და ა. ღ-ლს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონი. სახელდობრ, საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი, სხდომის ოქმზე არ არის სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერა. საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მეორე ნაწილის «ნ» ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით დარღვევას და ამავე კოდექსის 562-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის მეორე ნაწილის «ნ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 6 სექტემბრის განაჩენი მ. ს-სა და ა. ღ-ლს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.