შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 12.01.2006
საქმის ნომერი
2კ-571აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 571-აპ 12 იანვარი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. კვანტალიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც მსჯავრდებული გ. გ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-ძე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2005წ. 24 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის გამო, როგორიცაა: ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გ. გ-ეს სასამართლომ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 3 თვის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით გ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

გ. გ-ძე 1994 წელს გასამართლებულ იქნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; ბულგარეთის რესპუბლიკის მონტანას რაიონის სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა დამნაშავედ ბულგარეთის რესპუბლიკის სსკ-ის 195-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-20 მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მიუხედავად ამისა, გ. გ-ემ კვლავ ჩაიდინა ანალოგიური განზრახი დანაშაული, კერძოდ: გ. გ-ემ განიზრახა ფულის შოვნის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. 2005წ. 9 იანვარს, როდესაც იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, --- ქუჩაზე არსებულ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან შენიშნა დაზარალებულ მ. გ-ის ავტომანქანა «ვაზ-2107», სადაც ამ უკანასკნელმა ავტომანქანის საბარგულში ჩაალაგა სხვადასხვა დასახელების სასურსათო საქონელი. გ. გ-ემ თანნაქონი ტექნიკური იარაღების გამოყენებით გახსნა აღნიშნული ავტომანქანის საბარგული, საიდანაც ფარულად დაეუფლა მ. გ-ის კუთვნილ «---»-ის ფირმის 20 კოლოფ სიგარეტს, ღირებულს 30 ლარად, «---ის» ფირმის 20 ფილა შოკოლადს, ღირებულს 18 ლარად, «---ს» ფირმის 24 ცალ შოკოლადს, ღირებულს 6 ლარად, და «---ის» ფირმის 12 ცალ შოკოლადის ფილას, ღირებულს 3 ლარად. როდესაც ცდილობდა მიმალვას, ნაქურდალით ხელში იგი დაკავებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-ემ. იგი ითხოვდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას მინიმალურ ზომამდე იმ მოტივით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არის მარტოხელა, მშობლები გარდაეცვალა, ხოლო დაზარალებულს მაშინვე დაუბრუნდა დანაკარგი, რის გამოც ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

მსჯავრდებულის საჩივარი განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც, დააკმაყოფილა რა იგი, 2005წ. 27 სექტემბრის განაჩენით მის სასიკეთოდ რაიონული სასამართლოს განაჩენში შეიტანა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებული გ. გ-ძე გაამართლა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუმცირა და მოსახდელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. ც-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სიხსლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. გ-ძე უსაფუძვლოდ გაამართლა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მას დაუნიშნა ლმობიერი სასჯელი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. გ-ის ბრალდების საქმის მასალები და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით იმ მოტივით, რომ წინათ ის ორჯერ იყო მსჯავრდებული სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, მათ შორის ერთხელ ბულგარეთში. კასატორი თავის საჩივარში მიუთითებს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომლის მიხედვით უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენში მოცემული მსჯავრდებული პირის ქმედების კვალიფიკაციის შესაბამისად უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, მუხლის ნაწილი და პუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ისეთი დანაშაულისათვის, რაც ჩადენილ იქნა გ. გ-ის მიერ ბულგარეთში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის დასკვნით, ვინაიდან საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ ბულგარეთის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება გ. გ-ის მიმართ მოხდა საქართველოს სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად, რომლის გარეშეც პირის მსჯავრდება უცხო სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პირის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნად.

საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის ასეთი გადაწყვეტა, ვინაიდან საქმიდან არ ჩანს ბულგარეთის სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ იქნა თუ არა მოყვანილი შესაბამისობაში საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან საქართველოს სასამართლოს მიერ და ამის თაობაზე გამოტანილია თუ არა სათანადო სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება ან დადგენილება) შესაბამისი სავალდებულო რეკვიზიტებით ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისა და შესაბამისი იურიდიული შედეგების თაობაზე. ასეთ ვითარებაში გ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული საქმეში არსებული ცნობა ბულგარეთში გ. გ-ის მსჯავრდების თაობაზე.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის ავტორის, პროკურორ გ. ც-ის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს თვითონ უნდა განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის ის მუხლი და კვალიფიკაცია, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა გ. გ-ის მიერ ბულგარეთში ჩადენილ ქმედებასა და ბულგარეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან. საკითხისადმი ასეთი მიდგომა სრულიად არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, ვინაიდან უცხო ქვეყნის განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას და იგი ხორციელდება რაიონული და საქალაქო სასამართლოების მიერ დამოუკიდებელი საპროცესო წარმოების გზით.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც წინასწარი გამოიძების მიერ, ასევე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. გ-ის ქმედება არასწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით. დაზარალებულ მ. გ-ის კუთვნილი ნივთები _ სიგარეტები და შოკოლადის ფილები, რომელთა მისაკუთრებას აპირებდა გ. გ-ძე, აღმოჩნდა 57 ლარის ღირებულებისა, რაც ვერ ჩაითვლება მნიშვნელოვან ზიანად და ამის თაობაზე თვით დაზარალებულმაც აღნიშნა საქმის სასამართლოში განხილვისას. ამიტომ მსჯავრდებულ გ. გ-ეს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

არასწორია აგრეთვე გ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის) როგორც დამთავრებული დანაშაულისა, რაც იმის შედეგია, რომ წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც, ერთი მხრივ, დაარღვიეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნები, ხოლო მეორე მხრივ დაუშვეს საქართველოს სსსკ-ის 564-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა _ არასწორად გამოიყენეს სისხლის სამართლის კანონი. მოწმეების, კერძოდ, დანაშაულის შემთხვევის შემსწრე პოლიციელების ჩვენებებით, რომლებიც უთვალთვალებდნენ გ. გ-ეს და რომელიც სხვისი ნივთების აღებისთანავე დააკავეს, აგრეთვე, თვით გ. გ-ის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენებებით სარწმუნოდ არის დადგენილი ის ფაქტი, რომ იგი პოლიციის მუშაკების მიერ დაკავებულ იქნა იმ მომენტშივე, როგორც კი მან დაზარალებულ მ. გ-ის მსუბუქი ავტომანქანის საბარგულიდან პოლიეთილენის პარკით ამოიღო ამ უკანასკნელის კუთვნილი ნივთები _ სიგარეტები და შოკოლადის ფილები. აღნიშნული ქმედების დამთავრებულ დანაშაულად დაკვალიფიცირება არ არის კანონიერი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ნივთები უკვე მის ხელში იყო, გ. გ-ძე მოკლებული იყო ფაქტობრივ შესაძლებლობას, განეკარგა ეს ნივთები. უფრო მეტიც, ქურდობა არის შედეგიანი დელიქტი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თავიდანვე იყო განპირობებული ის, რომ გ. გ-ის ქმედებას მართლსაწინააღმდეგო შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგან მის მოქმედებას მორიგე პოლიციელები ჯერ კიდევ იმ მომენტიდან აკონტროლებდნენ, როდესაც იგი მიუახლოვდა დაზარალებულის ავტომანქანას.ამრიგად, მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც არაერთგზის ქურდობის მცდელობა _ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა გ. გ-ემ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არის მარტოხელა და განიცდის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებას, რამაც მას უბიძგა დანაშაულის ჩადენისაკენ, დაზარალებულს დანაშაულის ჩადენისთანავე დაუბრუნა მისი კუთვნილი ნივთები და ფაქტიურად ზიანი არ განუცდია, რის გამოც მას პრეტენზია არ გააჩნია გ. გ-ის მიმართ და ითხოვა მისი მსუბუქად დასჯა, ამასთან, მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს მხოლოდ დანაშაულის მცდელობა და არა დამთავრებული დანაშაული, ხოლო ნივთები, რომლებიც წარმოადგენდნენ ხელყოფის საგანს, არ იყო მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე, პალატას შესაძლებლად და მიზანშეწონილად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის _ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შემცირება 1 წლით და საბოლოოდ 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რაც საკმარისი და სამართლიანი იქნება ჩადენილი ქმედების ხასიათისა და დანაშაულის ჩადენის პირობების გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005წ. 27 სექტემბერს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ _ გ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. გ-ეს მოეხსნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ამ ბრალდების ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

მსჯავრდებულ გ. გ-ეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღვეთა 3 წლის ვადით შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.