განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 11-კოლ 16 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზ. მეიშვილი,ი. ტყეშელაშვილი
მონაწილეობით, განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. გ-ის, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის _ ზ. ბ-ის, დაზარალებულების _ ი. და გ. გ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის I ნაწილით, 151-ე მუხლით, სსკ-ის 59-ე მუხლის IV ნაწილის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და ჯარიმა 500 ლარი. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 23 დეკემბრიდან.
გ. მ-ემ 1997 წლის 27 აპრილს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რისთვისაც 1997 წლის 14 ნოემბერს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. სასჯელის მოხდის შემდეგ, 1998 წლის 16 სექტემბერს, ჩაიდინა სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილითა და მე-17,243-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც 1999 წლის 25 ოქტომბერს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. იგი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2002 წელს.
გ. მ-ეს საბრალდებო დასკვნით ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:
2003 წლის დეკემბერში გ. მ-ემ ცოლად შეირთო მ. კ-ის ყოფილი მეუღლე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ---ში --- შ. გ-ძე, რომელმაც პირველ მეუღლესთან დაშორების მიზეზად 1994 წელს, 13 წლის ასაკში ბიძის _ გ. გ-ის მიერ თითქოსდა მისი გაუპატიურება დაუსახელა. შ. გ-ის სიტყვების რეალობაში დარწმუნებულმა გ. მ-ემ 2004 წლის 28 ნოემბერს აღნიშნულის შესახებ აცნობა ზესტაფონის რაიონის სოფელ --- მცხოვრებ თავისი მეუღლის მშობლებს _ ზ. და მ. გ-ებს, აგრეთვე ბებიას _ კ. ს-ას და ძმას _ ა. გ-ეს, რომლებმაც შ. გ-ის გაუპატიურების ფაქტი არ დაიჯერეს.
გ. მ-ემ, იმ მიზნით, რათა თავისი სიტყვების რეალობაში დაერწმუნებინა ისინი, გადაწყვიტა უშუალოდ მათი თანდასწრებით გამოეკითხა გ. გ-ძე, თუმცა იმავდროულად ითვალისწინებდა რა იმ გარემოებას, რომ ეს უკანასკნელი ზესტაფონის რაიონის სოფელ --- მდებარე თავისი სახლიდან ნებით არ წამოჰყვებოდა, განიზრახა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი მუქარით უკანონოდ აღეკვეთა თავისუფლება მისთვის და ჩაეყვანა ზესტაფონის რაიონის სოფელ ..., ზ. და მ. გ-ების სახლში.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ. მ-ძე შეიარაღდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი 16 _ კალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფით, ორი ვაზნით და მისივე მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, ა. გ-სთან ერთად, რომლისთვისაც უცნობი იყო გ. მ-ის განზრახვის შესახებ, დაახლოებით 22 საათზე მივიდა გ. გ-ის სახლში. გ. მ-ემ, დარწმუნებულმა, რომ გ. გ-ძე და სახლში მყოფი ამ უკანასკნელის ოჯახის წევრები _ დედა მ. გ-ძე და ძმა _ რ. გ-ძე წინააღმდეგობას გაუწევდნენ განზრახვის აღსრულებაში, მათი დაშინებისა და ამ გზით წინააღმდეგობის დასათრგუნად სახლში შესვლისთანავე კორიდორში გამოხატა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთის გამოყენების მუქარა. შეიგინა და თანნაქონი თოფიდან გაისროლა იატაკის მიმართულებით, მაგრამ იმის გამო, რომ გ. გ-ძე სახლში არ აღმოჩნდა, გ. მ-ემ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
სახლში მყოფი რ. გ-ძე გ. მ-ეს მოუწოდებდა, რომ დაწყნარებულიყო. აღნიშნულზე ფაქტობრივად უმიზეზოდ განაწყენებულმა გ. მ-ემ განიზრახა ხულიგნური ქვენაგრძნობით რ. გ-ის მოკვლა. ამ მიზნით ეს უკანასკნელი იატაკზე წააქცია და დედის _ მ. გ-სა და მცირეწლოვანი დისშვილის _ 13 წლის ა. შ-ის თვალწინ, ახლო მანძილიდან თანნაქონი სანადირო თოფიდან ერთჯერადი გასროლით გულმკერდის მარცხენა არეში მე-5, მე-6, მე-7 ნეკნების დამსხვრეული მოტეხილობის, გულის პერანგის, მარცხენა პარკუჭისა და მარცხენა ფილტვის დაზიანების სახით, განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
საავადმყოფოში დროულად გადაყვანის მიუხედავად, რ. გ-ძე მიღებულ დაზიანებათა შედეგად გარდაიცვალა.
მძიმედ დაჭრილ რ. გ-ის საავადმყოფოში გადაყვანის დროს, სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ. მ-ემ სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა ი. გ-ძე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაჰყოლოდა საავადმყოფოში. ამასთან, მომხდარის შესახებ პოლიციაში გაცხადების შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა. მისი მუქარის შედეგად ი. გ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქუთაისის სააოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. მ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-ემ, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ბ-ემ და დაზარალებულების _ ი. და გ. გ-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჭ-ემ.
მსჯავრდებული გ. მ-ძე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. გ-ძე საკასაციო საჩივრით აღნიშნავენ, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, რადგან მსჯავრდებულს აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. დანაშაული ჩაიდინა მსჯავრდებულის ცოლისძმამ ა. გ-ემ, რომელიც ეძებდა თავის ბიძას _ გ. გ-ეს, რომლისგანაც უნდოდა თავისი დის გაუპატიურების შესახებ სიმართლის გარკვევა. გ. გ-ის ოთახში შესულმა ა.მ შენიშნა სანადირო თოფი, რომელსაც ხელი დაავლო და თავის ბიძას _ რ. გ-ეს მოსთხოვა გ. გ-ის ადგილსამყოფლის გამხელა. რ. გ-ემ თავის ძმისშვილს თოფის ლულაზე მოუკიდა ხელი და უთხრა: «თავი არ დაიღუპოვო‚‚. ამ დროს მოხდა შემთხვევითი გასროლა, რომელსაც მოჰყვა რ. გ-ის სიკვდილი.
ასეთი შედეგით შეშინებული ა. ძალიან განიცდიდა ბიძის სიკვდილს და იმ შემთხვევაში, თუ იგი ნათესავებს ათქმევინებდა, რომ გასროლა მოხდა გაუფრთხილებლობით, გ. მ-ძე აიღებდა დანაშაულს თავის თავზე. ა. გ-ძე დაჰპირდა გ. მ-ეს და ამ უკანასკნელმაც აღიარა დანაშაული. დაზარალებულებმა დამალეს სიმართლე და ხელი დააფარეს ა. გ-ეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. გ-ძე და მსჯავრდებული გ. მ-ძე ითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ბ-ემ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, თვით მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, გ. მ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია, მისთვის დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია და ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-19, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულის გამართლებისა და 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის ნაწილში და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად მისი გამკაცრების მიზნით.
დაზარალებულების _ ი. და გ. გ-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჭ-ემ საკასაციო საჩივრით აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო, ხოლო დანიშნული სასჯელი _ უსამართლო, რადგან რ. გ-ის მკვლელობის დროს გ. მ-ეს შეგნებული ჰქონდა, რომ თავისი მოქმედებით სულიერ ტრავმას აყენებდა გარდაცვლილის ახლობლებს (დედას და მცირეწლოვან დისშვილს), რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს და მსჯავრდებულს შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ჭ-ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ახალი სასამართლო განხილვისათვის.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მა აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარს, რომლითაც იგი უსამართლოდ მიიჩნევს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ გ. მ-ის გამართლებას სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-19, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე, სასჯელის ლმობიერების მოტივით საქმის გაგზავნის მოთხოვნას ახალი სასამართლო განხილვისათვის.
საოლქო სასამართლო თავის განაჩენში კანონიერად იყენებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილსა და სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილს, საქმეში უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნობს მსჯავრდებულს ზემოაღნიშნული მუხლებით ჩადენილ დანაშაულში. აღნიშნულს მხარს უჭერენ დაზარალებულებიც, კერძოდ კი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ: „ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებული სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევიან უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გ. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად სსკ-ის 19, 143-ე მუხლით გათვალისწნებული დანაშაულისათვის, ამიტომ ამას არ შევეხებითო“. ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს იგი მსჯავრდებულს ბრალად ვერ შეერაცხება, რადგან სანადირო თოფის ერთჯერადი გასროლით ჩადენილი მკვლელობა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სისასტიკეს.
რაც შეეხება ბრალდებას სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, 150-ე, 151-ე მუხლებით, სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობა ადვოკატ ნ. ბ-ლს მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად შემდეგი გარემოებების გამო: სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოუკვლევია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე ერთნაირი გულმოდგინებით არ გარკვეულა ბრალდების როგორც მამხილებელი, ისე _ გამამართლებელი გარემოებები. გ. მ-ძე მოატყუა თავისმა ცოლისძმამ - ა. გ-ემ, რომლის თხოვნითაც მსჯავრდებულმა თავის თავზე აიღო ა. გ-ის მიერ ჩადენილი ბიძის _ რ. გ-ის გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა. სასამართლომ გაიზიარა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც ოჯახის წევრის გადასარჩენად შეგნებულად მისცეს გ. მ-ის წინააღმდეგ. მართალია, ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ შემთხვევის ფაქტს, 16-კალიბრიანი სანადირო თოფით განხორციელებულ მკვლელობას, თუმცა ამ დასკვნებში არ არის ნათქვამი, თუ ვის მიერ მოხდა გასროლა. რაც შეეხება წინასწარ გამოძიებაში მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებას, სსსკ-ის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს, თუ ბრალის აღიარება დამტკიცებული არ არის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით“.
აღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულის ადვოკატმა ნ. ბ-მა პალატის წინაშე მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ საქმის შეწყვეტა.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ჩ-მა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს არ გააჩნდა არავითარი საფუძველი, როდესაც მსჯავრდებული გ. მ-ძე გაამართლა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ პუნქტითა და მე-19, 143-ე მუხლის II ნაწილის „თ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან წინასწარი გამოძიების ეტაპზე შეკრებილი და მოპოვებულ იქნა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად მიუთითებდნენ გ. მ-ის ბრალეულობაზე აღნიშნულ ეპიზოდებში. გარდა ამისა, ბრალდების მხარე თვლის, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ შერჩეული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. გ. მ-ძე წარსულში არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულებისათვის, ხოლო ნასამართლობა გაქარწყლებული არა აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა რ. ჩ-მა ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა და სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, მე-19,143-ე მუხლის II ნაწილის „თ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის _ ზ. ბ-სა და დაზარალებულების _ ი. და გ. გ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განაჩენი გ. მ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატას მიაჩნია, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების მ. გ-ის, ა. შ-ის, გ. ა-ის, დაზარალებულ ი. გ-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, დასტურდება გ. მ-ის მიერ ჩადენილი ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და აღნიშნულიდან გამომდინარე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გ.მარაქველიძის ქმედებას მისცა არასწორი შეფასება, როდესაც იგი გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ გ.მარაქველიძემ რ.გორგაძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ამ უკანასკნელის დედის, მ.გ-ის და 13 წლის დიშვილის _ ა.შ-ის თვალწინ. ასევე დადგენილია, რომ გარდაცვლილის დედა, მ.გ-ძე, თხოვდა გ.მ-ეს, რომ არ მოეკლა მისი შვილი, თუმცა მსჯავრდებული გულგრილად მოეკიდა აღნიშნულ თხოვნას და განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილად დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულობას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მსხვერპლის ახლობელი, ვის თვალწინაც განხორციელდა მკვლელობა, პროცესუალურად ცნობილი იქნეს დაზარალებულად.
რაც შეეხება გ.მარაქველიძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «თ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ.მარაქველიძე აღნიშნულ ეპიზოდში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სწორად იქნა გამართლებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები გ. მ-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით და სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-სა და დაზარალებულების _ ი. და გ. გ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განაჩენი გ. მ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეცეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
გ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.