განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 93-აპ 15 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-სა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განაჩენით:
მსჯავრდებული ვ. გ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 23,237-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
მსჯავრდებული ა. ა-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 23,237-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
მსჯავრდებული გ. ჟ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, 23,237-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ა. ა-ლს, ვ. გ-სა და გ. ჟ-ნს რ. ი-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10188 ლარის გადახდა.
ა. ა-სა და ვ. გ-ას ნ. ჯ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 15300 ლარის გადახდა.
განაჩენის მიხედვით, ვ. გ-ს, ა. ა-სა და გ. ჟ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის იანვარში, რიცხვი დაუდგენელია, ვ. გ-ვა, ა. ა-ლი და გამოძიებით დაუდგენელი ვინმე მ. და გ. წინასწარ შეთანხმდნენ თავს დასხმოდნენ ნ. ჯ-ის ბინას ფულისა და ძვირფასი ნივთების დაუფლების მიზნით. 2004 წლის 26 იანვარს, დილით, აღნიშნული პირები შეიკრიბნენ ა. ა-ის ბინაში, გაინაწილეს როლები, ვინმე გ-მ ა. ა-ლს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი, ინახავდა და ატარებდა, ვ. გ-ვა და სხვა პირები შეიარაღებულნი იყვნენ დანებით. ნ. ჯ-ეს მოტყუებით გააღებინეს კარი, შეაღწიეს ბინაში, შეუკრეს ხელ-ფეხი, პირში ჩაუტენეს ჩვარი, ყელზე მიადეს დანა და მოსთხოვეს ფული და ნივთები. ვინაიდან დაზარალებულმა დაკარგა გონება, თვითონ დაიწყეს ფულისა და ძვირფასეულობის ძებნა, მიაგნეს და გაიტაცეს 4000 აშშ დოლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 11300 ლარის ღირებულების ზიანი.
ამის შემდეგ ვ. გ-ვა, ა. ა-ლი, გ. ჟ-ნი და რ. ლ-ძე 2004 წლის 3 მარტს შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ი-ების საცხოვრებელ ბინას და დაუფლებოდნენ მათ კუთვნილ ნივთებს. ამ მიზნით, 4 მარტს, დილით, დაახლოებით 11 საათზე, მივიდნენ აღნიშნულ ბინასთან. გ. ჟ-ნი დადგა გარეთ მეთვალყურედ, ხოლო ა. ა-ლი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, სხვები კი _ დანებით შევიდნენ საცხოვრებელ კორპუსში, ი-ებს მოტყუებით გააღებინეს ბინის კარები, შევარდნენ ბინაში, ი. ი-ლს დანა მიადეს ყელზე, რ. ი-ლს შეუკრეს ხელ-ფეხი, ორივე “დააუთოვეს” ცხელი უთოთი, რამდენჯერმე პისტოლეტი ჩაარტყეს თავში, მოსთხოვეს ფული და ოქროულობა. ამ გზით დაძლიეს დაზარალებულთა წინააღმდეგობა, დაეუფლნენ და გაიტაცეს 12800 ლარის ღირებულების ნივთები, ასევე რ. ი-ის ტაბელური “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი. გატაცებული ნივთებიდან ვიდეოკამერა 250 აშშ დოლარად მიჰყიდეს კ. უ-ეს, ოქროულობა კი 1000 დოლარად ჩააბარეს ქ. ქუთაისში, შემსყიდველ პუნქტში, აღებული ფული ურთიერთშორის გაინაწილეს.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განაჩენით კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებული ვ. გ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,237-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
მსჯავრდებულ ა. ა-ის მსჯავრდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,237-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
მსჯავრდებული გ. ჟ-ნი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებითა და 23,237-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ დანაშაულთა ჩადენაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 1 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. გ-ამ და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ. ნ-მა.
მსჯავრდებული ვ. გ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პროკურორი ლ. ნ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებებით ვ. გ-ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ხდის.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. გ-ას საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, ვ. გ-ას დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო, გ. ჟ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია არასწორად, იგი არასწორად არის გამართლებული ი-ების ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმაში და ასევე არასწორად არიან გამართლებული ა. ა-ლი და ვ. გ-ვა ნ. ჯ-ის ბინაზე ყაჩაღური თავდასხმისათვის ჩადენილ დანაშაულში.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად გაამართლა ა. ა-ლი და ვ. გ-ვა ნ. ჯ-ის ბინაზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში, ვინაიდან საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ყაჩაღობის ზემოაღნიშნულ ეპიზოდში მონაწილეობდნენ ა. ა-ლი და ვ. გ-ვა; ხოლო გ. ჟ-ის ქმედება სრულიად კანონიერად დააკვალიფიცირა სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ვინაიდან საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ იგი მონაწილეობდა ი-ების ბინის დაყაჩაღებასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში.
ამასთან, აღნიშნული ბრალდების საქმის I-ლი ინსტანციით განხილვისას სასამართლო პროცესის მოსამზადებელ სტადიაზე ადვოკატმა რ. ნ-ემ წარმოადგინა დაზარალებულ რ. ი-ის სასარჩელო განცხადება, ხოლო დაზარალებულმა ნ. ჯ-ემ სასამართლოს სახელზე გამოგზავნილი ტელეფონოგრამით ითხოვა ზიანის ანაზღაურება.
მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს სსსკ-ის 34-ე, 36-ე მუხლების თანახმად, I-ლი ინსტანციის სასამართლომ კანონით დადგენილი წესით სამოქალაქო მოსარჩელეებად არ ცნო საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები _ რ. ი-ლი და ნ. ჯ-ძე, ხოლო სამოქალაქო მოპასუხეებად _ განსასჯელები ა. ა-ლი, ვ. გ-ვა და გ. ჟ-ნი და ისე დააკისრა მათ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაზარალებულთა სასარგებლოდ თანხის გადახდა.
აღნიშნული განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ ა. ა-ლი და ვ. გ-ვა გაამართლა ნ. ჯ-ის ბინაზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში, ხოლო რ. ი-ის ბინის დაყაჩაღების ეპიზოდში საქმეზე არ იყო დაწყებული სამოქალაქო სამართალწარმოება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულებისათვის დაეკისრებინა დაზარალებულად ცნობილი პირების _ რ. ი-სა და ნ. ჯ-ის სასარგებლოდ 10188 და 15300 ლარის გადახდა.
პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი მსჯავრდებულების _ ა. ა-ის, ვ. გ-სა და გ. ჟ-სათვის დაზარალებულების _ რ. ი-სა და ნ. ჯ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს, ხოლო დაზარალებულ რ. ი-ლს უფლება აქვს, სარჩელი წარადგინოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ა. ა-ის, ვ. გ-სა და გ. ჟ-სათვის დაზარალებულების _ რ. ი-სა და ნ. ჯ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.