შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 10.07.2006
საქმის ნომერი
2კ-287აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 287-აპ 10 ივლისი, 2006 წ.’ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. Lლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

მსჯავრდებული ო. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქცია) _ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19, მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქცია) _ ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურებით, ჯარიმის ერთი დღიური ანაზღაურება განისაზღვრა 20 ლარით, სულ _ 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურებით, ჯარიმის ერთი დღიური ანაზღაურება განისაზღვრა 20 ლარით, სულ _ 2000 ლარის ოდენობით;

მსჯავრდებული ფ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქცია) _ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,მე-200-ე მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქცია) _ ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურებით, ჯარიმის ერთი დღიური ანაზღაურება განისაზღვრა 20 ლარით, სულ _ 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურებით, ჯარიმის ერთი დღიური ანაზღაურება განისაზღვრა 20 ლარით, სულ _ 2000 ლარის ოდენობით.

განაჩენის მიხედვით, ფ. ი-სა და ო. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის მაისის თვეში ფ. ი-მ და ო. ლ-მ მოილაპარაკეს, ქ. გორში შეეძინათ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ქართული აქციზური მარკის გარეშე გამოშვებული სიგარეტები, რომლებსაც ო. ლ-ს მართვის ქვეშ მყოფი «მერსედესის» მარკის ავტომანქანით ჩამოიტანდნენ ქ. თბილისში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

2005 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 19 საათზე, ფ. ი. და ო. ლ. ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ზემოაღნიშნული ა/მანქანით გაემგზავრნენ ქ. გორში, სადაც გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ქართული აქციზური მარკის გარეშე გამოშვებული სიგარეტები: «ტროიკა» 2000 კოლოფი, «ნოვოსტი» 1020 კოლოფი და «ლდ» 500 კოლოფი, რომლებიც ჩაალაგეს ა/მანქანის საბარგულში და გამოემგზავრნენ ქ. თბილისის მიმართულებით. იმავე დღის 22 საათზე ა/მანქანა გააჩერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანთან, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ა/მანქანის საბარგულიდან ამოიღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ქართული აქციზური მარკის გარეშე გამოშვებული ზემოხსენებული სიგარეტები, რომელთა ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნით, შეადგინა 4976 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენით საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

ო. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და მე-19,მე-200 მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ძველი რედაქციით) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

ფ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და 19,მე-200 მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ძველი რედაქციით) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულ ო. ლ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენში ო. ლ-სა და ფ. ი-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, მაგრამ მსჯავრდებულების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ო. ლ-ს ქმედება არასწორად არის დაკვალიფიცირებული, ვინაიდან, 2005 წლის 30 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლში შესული ცვლილებიდან გამომდინარე, გაუმჯობესდა მსჯავრდებულის მდგომარეობა, კერძოდ, 2005 წლის 30 ივნისის ცვლილებით საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს; ამავე შენიშვნის მეორე პუნქტის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ხუთი ათას ლარს ზევით, ხოლო 2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-200 მუხლის შენიშვნის მეორე პუნქტის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლებოდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ორი ათასი ლარიდან ათი ათას ლარამდე. მსჯავრდებულ ო. ლ-ს მსჯავრი დაედო აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვასა და გადაზიდვაში, დიდი ოდენობით და ასეთი საქონლის რეალიზაციის მცდელობაში, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2005 წლის 8 ივნისს შემდგომი რეალიზაციის მიზნით მსჯავრდებულებმა გადაზიდეს და ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ ქართული აქციზური მარკის გარეშე გამოშვებულ სიგარეტებს, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 4976 ლარს, რაც 2005 წლის 30 ივნისიდან მოქმედი სსკ-ის მე-200 მუხლის შენიშვნის მეორე პუნქტის თანახმად, არ განეკუთვნება დიდ ოდენობას, ე.ი. მსჯავრდებულის ქმედება შეესაბამება 2005 წლის 30 ივნისიდან მოქმედი სსკ-ის მე-200 მუხლის პირველ ნაწილს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ო. ლ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 2005 წლის 30 ივნისიდან მოქმედი სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით. მაგრამ, იმის გამო, რომ 2005 წლის 30 ივნისიდან მოქმედი სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი უფრო მძიმეა, ვიდრე 2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი კოდექსის შესაბამისი მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ფ. ი-ს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულ ფ. ი-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების _ ფ. ი-სა და ო. ლ-სათვის შერაცხული დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ: განაჩენით გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი და მე-19,მე-200 მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს 2005 წლის 30 ივნისიდან მოქმედი სსკ-ის მე-200 მუხლის პირველ ნაწილსა და 19,მე-200 მუხლის პირველ ნაწილზე.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, ის, რომ ისინი პირველად არიან სამართალში, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილს, ო. ლ-ს კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და ორი მცირეწლოვანი შვილი და ასევე დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, რომელთა ერთობლიობიდან გამომდინარე, სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულთა პიროვნებასა და ქმედებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლო.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენში ფ. ი-სა და ო. ლ-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულების _ ო. ლ-სა და ფ. ი-სა ქმედებები საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტიდან და 19,მე-200 მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტიდან (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს 2005 წლის 30 ივნისიდან მოქმედი საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველ ნაწილსა და მე-19,მე-200 მუხლის პირველ ნაწილზე.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.