განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 16.01.2006
საქმის ნომერი
430-დად
თარიღი
16.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

430-დად. 16 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი

დ. სულაქველიძე,თ. თოდრია

განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ ლ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასმართლო კოლეგიის 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილების თაობაზე.

საქართველოს მოქალაქე ა. კ-ძე 2000წ. 9 ნოემბერს გასამართლებული იქნა რუსეთის ფედერაციის ---ის საოლქო სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის სსკ-ს 162-ე მუხლის III ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 222-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, ქონების კონფისკაციით. სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 1998წ. 8 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასმართლო კოლეგიის აღნიშნული სასამართლოს 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილებით, ა. კ-ის მიმართ რუსეთის ფედერაციის ---ის საოლქო სასამართლოს 2000წ. 9 ნოემბრის განაჩენით დადგენილი კვალიფიკაცია შეესაბამება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის II ნაწილის «ა», «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებს, 236-ე მუხლის I და II ნაწილს და უცვლელად აღსრულებულ უნდა იქნეს საქართველოში.

2005წ. 1 აპრილს, რუსეთის ფედერაციის ---ის ოლქის ქ. ანგარსკის სასამართლოს დადგენილებით, ---ის საოლქო სასამართლოს 2000წ. 9 ნოემბრის განაჩენი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კანონში შეტანილი ცვლილებებთან და მსჯავრდებულ ა. კ-ეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და ექვსი თვის ვადით, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

რუსეთის ფედერაციის ---ის ოლქის ქ. ანგარსკის სასამართლოს აღნიშნული დადგენილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის ა. კ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას ცნობილი არ იყო.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ა. კ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ დალი აფციაურის კერძო საკასაციო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილება და შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.

სასამართლო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსეთის ფედერაციის ---ის ოლქის ქ. ანგარსკის სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის დადგენილებით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ა. კ-ეს თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 12 წლითა და 6 თვით, ასევე, ამორიცხული იქნა დამატებითი სასჯელი.

აღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისათვის ცნობილი გახდა გამოტანილი დადგენილების შემდეგ. ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლომ განმეორებით უნდა განიხილოს საკითხი ა. კ-ის მიმართ, განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 546-570-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 26 აგვისტოს დადგენილება ა. კ-ის მიმართ და მასალები ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.