განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა წარმოებით
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 26-აპ 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ე. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის განაჩენი ე. ე-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის განაჩენით ე. ე-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და მიესაჯა: სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ს 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ე. ე-ლი სასჯელს იხდის 2001წ. 20 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით ე. ე-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება. მანვე ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ე. ე-ლი ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ვ. ჭ-სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, 2001წ. 2 თებერვალს, ღამის საათებში, თავისი კუთვნილი გაზ-21011 მარკის ავტომანქანით მივიდა თბილისში, --- სადაც მ. ჩ-ას კუთვნილი გაზ-21011 მარკის ავტომანქანის საბარგულიდან ფარულად გაიტაცეს 15 ლარად ღირებული საბურავი და ჩადეს ე-ის ავტომანქანაში. მათვე იქვე მდგომ მ. მ-ის ავტომანქანა ვაზ-2107-ს მოხსნეს და ფარულად გაიტაცეს 30 ლარად ღირებული აკუმულატორი, რაც ასევე მოათავსეს ე. ე-ის ავტომანქანაში.
ე. ე-ლი და ვ. ჭ-ძე შემოვლაზე მყოფმა პოლიციის მუშაკებმა დააკავეს მოპარული ნივთებით.
ე. ე-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და პიროვნებისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა “აკმ”-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალასთან _ 45 ცალ ვაზნასთან ერთად, რომელსაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და ინახავდა სხვის საცხოვრებელ სახლში.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი თ. გ-ნი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, სახელდობრ, სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ე. ე-ის მიმართ განაჩენის გაუქმებასა და საქმის წარმოებით შეწყვეტას. იგი უთითებს შემდეგ გარემოებებზე:
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ე. ე-ის მიერ სსკ-ს 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ის მტკიცებულებებიც კი, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო, სააპელაციო პალატამ დაუშვებლად ცნო, დაზარალებულების ჩვენებები კი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ე. ე-ის ბრალის დამადასტურებლად, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ შესწრებია ქურდობის ფაქტს.
ე. ე-ლს არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს არც სსკ-ს 236- ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში იარაღის ტარებას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატი თ. გ-ნი და მსჯავრდებული ე. ე-ლი მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს.
პროკურორი ო. ბ-ლი განაჩენს ე. ე-ის მიმართ მიიჩნევს კანონიერად და შუამდგომლობს მის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ქურდობის ეპიზოდში განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებში მსჯავრდებულმა ვ. ჭ-ემ ამხილა ეჭვმიტანილი და დაადასტურა, რომ ავტომანქანებიდან საბურავი და აკუმულატორი მოიპარა ე. ე-თან ერთად.
მართალია, სასამართლომ ე. ე-ის პირადი ჩხრეკისა და მისი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები ცნო დაუშვებელ მტკიცებულებებად, მაგრამ თავად ე. ე-ლი არ უარყოფს მოპარული საბურავისა და აკუმულატორის მისი კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღების ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით ე. ე-ის მსჯავრდების ნაწილში.
პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს ე. ე-ის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის შენახვას და შეძენას, რასაც სადავოდ არ ხდის თავად მსჯავრდებულიც. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ე. ე-ის მსჯავრდებას, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს, რადგან თავად მსჯავრდებული უარყოფს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარებას, საქმეში კი არ მოიპოვება მსჯავრდებულ ე. ე-ის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს: იმის გათვალისწინებით, რომ ე. ე-ის მიმართ განაჩენი გაუქმდა და საქმე წარმოებით შეწყდა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, იგი ნაწილობრივ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ, თვლის, რომ ე. ე-ლს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად დარჩეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ს 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით ე. ე-ლს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: ე. ე-ის მიმართ განაჩენი გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდების ნაწილში, ხოლო სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად დარჩეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ს 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, ე. ე-ლს სსკ-ს 177-ე მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.