საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 31-კოლ 27 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, თ. ლალიაშვილი
განიხილა ფინანსთა მინისტრის მოადგილის – ნ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რეაბილიტირებულ ნ. წ-ის სასარჩელო განცხადება სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ მისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
1986წ. 12 თებერვალს ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკოლმეურნეო ვაჭრობის გაერთიანების უფროსის – ნ. წ-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1982წ. 29 დეკემბრის რედაქცია) _ ქრთამის აღება დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, არაერთხელ, გამოძალვითა და დიდი ოდენობით. იმავე დღეს ნ. წ-ლი დააპატიმრეს.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 1986წ. 13 ნოემბერს ნ. წ-ის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი და ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენაში ბრალდების საფუძველზე მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, ქონების კონფისკაციითა და 4 წლის ვადით ვაჭრობის სისტემაში თანამდებობის დაკავების აკრძალვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1988წ. 11 აგვისტოს დადგენილებით ნ. წ-ლს ბრალდებიდან ამოერიცხა მაკვალიფიცირებელი ნიშანი _ ქრთამის გამოძალვა, რის გამოც მას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5 წლით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
1993წ. 16 ივლისს ნ. წ-ის ბრალდების საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გადაეგზავნა გენერალურ პროკურატურას. 1994წ. 31 იანვრის დადგენილებით საქმის წარმოება შეწყდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით (1998წ. 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და მიჩნეულ იქნა, რომ ნ. წ-ის ქმდებაში არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები და რომ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 1986წ. 12 თებერვლიდან 1990წ. აგვისტომდე.
გენერალური პროკურორის მოადგილის _ თ. კ-ას 1999წ. 7 ივნისის წერილის საფუძველზე ნ. წ-ის მიმართ კვლავ განახლდა დამატებითი გამოძიება, ვინაიდან, ნ. წ-ის განმარტებით, მაშინდელმა სახალხო დამცველმა დ. ს-ემ რეკომენდაციით მიმართა გენერალურ პროკურორ ჯ. ბ-ლს, ემსჯელა იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ. წ-ის მიმართ უკანონო განაჩენი იქნა გამოტანილი.
1999წ. 29 ივნისის დადგენილება ნ. წ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ შეწყვეტის საფუძველი გახდა არა მისი უდანაშაულობა, არამედ _ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გასვლა, რის გამოც 2000წ. 29 თებერვლის დადგენილებით ნ. წ-ის მიმართ კვალვ განახლდა სისხლის სამართლის საქმე. საბოლოოდ, 2001წ. 20 მარტს პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება ნ. წ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
განმცხადებელ ნ. წ-ის განმარტებით, ის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 1986წ. 12 თებერვლიდან 1990წ. აგვისტომდე, ხოლო 1994წ. 31 იანვრამდე იყო უკანონოდ მსჯავრდებული. უკანონო პატიმრობის გამო მან მიიღო უდიდესი ფიზიკური და მორალური ტრავმა, რასაც ემატებოდა მის მიმართ გამოქვეყნებული ცილისმწამებლური განცხადებები პრესასა და ტელევიზიაში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ის მძიმედ დაავადდა და გახდა მე-2 ჯგუფის ინვალიდი. პატიმრობაში მისი ყოფნის დროს ავტოკატასტროფაში მოჰყვა მისი ვაჟიშვილი და შექმნილი სიტუაციის გამო შეუძლებელი გახდა მისთვის სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება, რის შედეგადაც იგი დღემდე ავადმყოფია უმძიმესი დიაგნოზით, ხოლო მისმა უფროსმა ქალიშვილმა ნერვული სტრესის გამო მიიღოO თვალის უმძიმესი დაავადება – სიმსივნე.
პატიმრობის დროს მის მიმართ ხორციელდებოდა უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება: მას აშინებდნენ მოკვლით, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას სინამდვლეში არ ჩაუდენია. უკანონო დაპატიმრებითა და მსჯავრდებით მას შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. წ-ლი ითხოვდა, რომ მის მიერ დასახელებულ მოპასუხეებს _ ფინანსთა სამინისტროს და თანამდებობის პირებს (ჯ. პ-ლს, ა. ა-ლს, თ. კ-სა და ა. ბ-ლს) მისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ სასამართლოს მიერ დაკისრებოდა თითოეულს 100000 ლარის, ე.ი. სულ 500000 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ; ამასთან, თითოეულ მათგანს პრესის საშუალებით მოეხადა ბოდიში.
სასამართლო პროცესზე ნ. წ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა დააზუსტა, რომ ნ. წ-ლი მოპასუხეებისაგან ითხოვდა ფიზიკური ზიანის ასანაზღაურებლად მის სასარგებლოდ 50.000 ლარის, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად _ 450.000 ლარის გადახდას სოლიდარული წესით.
პროცესში მონაწილე პროკურორმა დ. მ-მა ითხოვა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და ნ. წ-ის, როგორც უკანონოდ მსჯავრდებულის, სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის 10.000 ლარის დაკისრება.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ. გ-ძეE მიიჩნევდა, რომ თუკი სასამართლო ნ. წ-ის მოთხოვნას ხანდაზმულად არ ჩათვლიდა, სარჩელი მაინც არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მას არ წარმოუდგენია ფიზიკური და მორალური ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ სასამართლო მოთხოვნას მაინც დააკმაყოფილებდა, გადახდა უნდა მომხდარიყო სოლიდარულად.
ნ. წ-ის მარეაბილიტირებელი აქტი _ დადგენილება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოტანილ იქნა 2001წ. 20 მარტს, ხოლო 2003წ. აპრილში მან სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც ზემოთ დასახელებული ფიზიკური პირებისაგან ითხოვდა მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურებას. კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, რომლითაც ნ. წ-ლს უარი უთხრა სარჩელის მიღებასა და განხილვაზე იმ მოტივით, რომ საკითხი მიეკუთვნებოდა იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განსჯადობას. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ უცვლელად დატოვა. ამის შემდეგ, 2003წ. 26 სექტემბერს, ნ. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, რომელშიც იმავე მოთხოვნას აყენებდა ზემოხსენებულ ფიზიკურ პირთა მიმართ, ე.ი. მარეაბილიტირებელი აქტის გამოტანიდან 2 წელსა და 6 თვეზე მეტი ხნის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, სასამართლო კოლეგიამ რეაბილიტირებულ ნ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ მიიჩნია ხანდაზმულად შემდეგი მოსაზრებით: 2001წ. 20 მარტის დადგენილებაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისას, ნ. წ-ლს არ განემარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-229-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და მისთვის მიყენებული მატერიალური, ფიზიკური, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზაციისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადების შესახებ. ამასთან, სსსკ-ის 227-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს წინასწარ გამოძიებაში მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისას ამ აქტის მიღების შემდეგ განხორციელებულ სამართლებრივ მოქმედებებს, არ განმარტავს ასეთ შემთხვევაში, თუ რა ვადაში შეუძლია რეაბილიტირებულ პირს სარჩელით მიმართოს სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
სასაამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ნ. წ-ის მოთხოვნა მის მიერ მოპასუხედ მითითებულ ფიზიკურ პირებზე მისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საკომპენსაციო თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე იმ მოტივით, რომ საამისოდ არ არსებობდა კანონიერი საფუძველი, კერძოდ, მათ მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მათი ბრალეული ქმედება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 11 დეკემბრის განჩინებით რეაბილიტირებულ ნ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ მორალური ზიანის ნაწილში _ 15.000 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული განჩინების თაობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნ. ხ-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ განჩინების გაუქმებასა და ნ. წ-სათვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივრის მიმართ ნ. წ-მა პალატაში შეიტანა შესაგებელი, რომელშიც ასაბუთებს მის უსაფუძვლობას და ითხოვს, კასატორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
პალატის სხდომაზე განხილვისას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
რეაბილიტირებულ ნ. წ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 11 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
პროცესში მონაწილე პროკურორი ბ. გ-ძეE მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს; ამასთან, ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ. წ-ის სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის დაკისრებული თანხა შემცირდეს 10.000 ლარამდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასამართლო კოლეგიის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, მასზე დართული მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ნ. წ-ის მიმართ პროკურატირის მიერ 2001წ. 20 მარტს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ რეაბილიტირებული ნ. წ-ლი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო შემდეგ _ მსჯავრდებული, რის გამოც უკანონო პატიმრობაში გაატარა ოთხი წელი და ოთხი თვე _ 1986წ. თებერვლიდან 1990წ. აგვისტომდე. უკანონო მსჯავრდებისა და პატიმრობის შედეგად მან მიიღო დიდი ფსიქიკური ტრავმა და განიცადა სულიერი ტანჯვა, ე.ი. მორალური ზიანი, რომლის დამადასტურებელია ნ. წ-ის ბრალდების საქმის მასალები და ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურის ორგანოების, ასევე უმაღლესი სასამართლო ინსტანციების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც ნ. წ-ლს საბოლოოდ მოეხსნა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება და გამართლდა.
სისხლის სამართლის საპროცესი კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მოვალეა, რეაბილიტირებულ პირს გონივრულ და დასაბუთებულ ფარგლებში კომპენსაციის სახით აუნაზღაუროს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებებით მიყენებული მორალური ზიანი (სსსკ-ის 219-227-ე მუხლები). იქიდან გამომდინარე, რომ ნ. წ-ის უკანონო დაპატიმრებისა და მსჯავრდების თაობაზე არსებობს დოკუმენტურად დამტკიცებული უდავო ფაქტები, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რეაბილიტირებულ ნ. წ-ლს მთლიანად ეთქვას უარი მორალური ზიანის კომპენსაციაზე, რადგან, კასატორის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ აღუდგინა მას სასარჩელო განცხადების შეტანისათვის კანონით გათვალისწინებული ის ვადა, რომელიც მან გაუშვა არასაპატიო მიზეზით. სინამდვილეში საქმის გარემოებები და იმ დადგენილების შინაარსი, რომლითაც საბოლოოდ ნ. წ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მარეაბილიტირებელი საფუძვლით შეწყდა, იმაზე მიუთითებენ, რომ ხსენებული ვადა ნ. წ-მა გაუშვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით _ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისას შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს არაადეკვატური ქმედებით, უფრო სწორად, კანონსაწინააღმდეგო უმოქმედობით, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნ. წ-ლს სწორად ჩაუთვალა საპატიოდ სასამართლოსათვის მიმართვის ექვსთვიანი ვადის გაშვება, არსებითი განხილვისათვის მიიღო და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მის მიერ შეტანილი სასარჩელო განცხადება მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ამავე დროს პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის კომპენსაციას უმთავრესად აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რომლითაც სახელმწიფო აღიარებს თავის ბრალს მისი მოქალაქისათვის უსაფუძვლოდ მიყენებული მორალური ზიანის გამო; ამდენად, შესაძლოა, იგი ფულადად არ გამოიხატოს დიდ ოდენობაში თუნდაც იმიტომ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია დადგინდეს კომპენსაციის ისეთი ზომა, რომელიც უკანონოდ მსჯავრდებულისათვის მიყენებული უდიდესი სულიერი ტანჯვის ადეკვატური იქნება.
ასეთ პირობებში მორალური ზიანის კომპენსაციისათვის განკუთვნილი თანხის მოცულობა უნდა განისაზღვროს გონივრულ და დასაბუთებულ ფარგლებში, რათა იგი, ერთი მხრივ, შეესაბამებოდეს სახელმწიფოს რეალურ მატერიალურ შესაძლებლობებს, ხოლო, მეორე მხრივ, პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპსაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას საფუძვლიანად მიაჩნია კერძო საკასაციო საჩივრის განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რეაბილიტირებული ნ. წ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის კომპენსაციისათვის განსაზღვრული და სახელმწიფოსათვის გადასახდელად დაკისრებული თანხა _ 15.000 ლარი უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში, კერძოდ, 10.000 ლარამდე, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 დეკემბრის განჩინებაში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 219-227-ე მუხლებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ ნ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 დეკემბრის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: რეაბილიტირებულ ნ. წ-ის სასარგებლოდ მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა _ 15.000 ლარი შემცირდეს 10.000 ლარამდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.