განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 22-აპ 2 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მარტის განაჩენი გ. დ-ის მიმართ. აღნიშნული განაჩენით გ. დ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
განიხილება ასევე ადვოკატ გ. ზ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც ადვოკატს უარი ეთქვა დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, დაუშვებელ მტკიცებულებად არ იქნა ცნობილი 2000წ. 16 ოქტომბრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მასზე დართული სქემატური ნახაზი; გ. დ-ის ეჭვმიტანილად დაკითხვის ოქმი; წინასწარი გამოძიების დამთავრების შეტყობინებისა და საქმის მასალების გასაცნობად წარდგენის ოქმი.
განიხილება ასევე მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის დამატებითი საკასაციო საჩივარი.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გ. დ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მართავდა რა სატრანსპორტო საშუალება ავტომობილს, ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2000წ. 15 ოქტომბერს, დაახლოებით 20 საათზე, გ. დ-ლი მისი მართვის ქვეშ არსებული “ვაზ-2108” მარკის ავტომანქანით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზატკეცილზე ქ. ლაგოდეხის მიმართულებით მოძრაობდა დაახლოებით 50 კმ/საათი სიჩქარით. როდესაც მიუახლოვდა აღნიშნული გზატკეცილის 26,5 კილომეტრს, მან დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად: “გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გადასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებას”. გ. დ-მა, რომელიც ითვალისწინებდა რა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ შედეგს თავიდან აიცილებდა, უგულვებელყო ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები და დაიწყოიმავე მიმართულებით მის წინ მოძრავი ავტობუსის გასწრება, ისე, რომ არ დარწმუნდა, ზოლი, რომელზედაც უნდა გადასულიყო, იყო თუ არა თავისუფალი გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით დაბრკოლებას არ შეუქმნიდა საპირისპიროდ ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებას, რის გამოც მითითებულ ავტობუსზე გასწრებისთანავე გადავიდა საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომანქანის სავალ ნაწილზე, დაიკავა მისი სავალი ნაწილი, შეუქმნა დაბრკოლება საპირისპირო მხრიდან დაზარალებულ ნ. წ-ის მართვის ქვეშ არსებულ “ვაზ-2108” მარკის ავტომანქანას, რის გამოც გ. დ-სა და ნ. წ-ის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლმა ნ. წ-მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მის გვერდით მჯდომი ნ. წ-ის მამა _ რ. წ-ლი გარდაიცვალა.
აღნიშნული ბრალდების საქმე განიხილა გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ და 2001წ. 10 სექტემბრის დადგენილებით საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა გარდაბნის რაიონის პროკურატურას.
ზემოაღნიშნული დადგენილება გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 31 ოქტომბრის განჩინებით და საქმე ხელმეორედ განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მარტის განაჩენით გ. დ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მართავდა რა სატრანსპორტო საშუალება ავტომობილს, ჩაიდინა მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სასამართლომ გ. დ-ლს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ერთი წლის ვადით ჩამორთმევით, ხოლო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ორი წლის ვადით ჩამორთმევით. თანახმად სსკ-ის 59-ე მუხლისა, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. დ-ლს მიესაჯა 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების 2 წლის ვადით ჩამორთმევით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ზ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს განაჩენი და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა პროკურატურას.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 24 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ზ-ლი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და გ. დ-ის გამართლებას, ხოლო სხვა პირების მიმართ _ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას. იგი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება გ. დ-ის მიერ გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, ხოლო სხვა პირების მიერ, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება. ანალოგიური მოთხოვნაა დაყენებული ადვოკატ გ. გ-ის მიერ წარმოდგენილ დამატებით საკასაციო საჩივარში.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ. ზ-ლი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა 2000წ. 16 ოქტომბრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და მასზე დართული სქემატური ნახაზის, გ. დ-ის ეჭვმიტანილად დაკითხვის ოქმის, წინასწარი გამოძიების დამთავრების შეტყობინებისა და საქმის მასალების გაცნობის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. იგი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დამამტკიცებელი საბუთები მოპოვებულია საპროცესო ნორმების დარღვევით.
წარმოდგენილია დაზარალებულ ნ. წ-ის ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ დ. ბ-ის შესაგებელი და ორი დამატებითი შესაგებელი, რომლითაც ის ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილების შესახებ (ადვოკატმა გ. გ-ემ წარმოადგინა დამატებით საკასაციო საჩივარი, რომელიც დაერთო საქმეს).
მსჯავრდებულმა გ. დ-მა აღნიშნა, რომ მას გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნა არ დაურღვევია. მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
დაზარალებულ ნ. წ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა დ. ბ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
ანალოგიური მოთხოვნა წამოაყენა ადვოკატმა ა. კ-ემ.
დაზარალებულმა ნ. წ-მა აღნიშნა, რომ მას მოძრაობის წესები არ დაურღვევია და სასამართლომ დაადგინა სავსებით კანონიერი განაჩენი. მან იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიების ჩატარებისას არ ყოფილა დაცული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შესახებ. ასევე მთელი გულმოდგინებით არ ყოფილა გარკვეული ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. იმის გამო, რომ წინასწარი გამოძიების დროს აღნიშნული მოთხოვნები არ შესრულებულა, ასევე არაერთმა სასამართლო განხილვამ სრულყოფილად ვერ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად უნდა დაბრუნდეს. წინასწარი გამოძიების სტადიაზე ასევე არ იქნა დაცული საქართველოს სსსკ-ის 62-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია სისხლის სამართლის საქმე შსს-ს ატესტირებული თანამშრომლის მიმართ, კერძოდ, მოცემული საგზაო _ სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე იყო ნ. წ-ლი, რომელიც მუშაობდა შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს საკუთრების დაცვის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დადგენილი, თუ ვინ დაარღვია მოძრაობის წესები და ვისი ბრალეული ქმედების შედეგად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაბნის შს განყოფილებამ დაიწყო წინასწარი გამოძიების ჩატარება, მაშინ, როდესაც ჯერ უნდა გარკვეულიყო, რომ შსს-ს თანამშრომელს არ ჰქონდა დარღვეული მოძრაობის წესები, მის მიმართ პროკურატურას უნდა მიეღო სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შემდეგ თუკი დადგინდებოდა, რომ ნ. წ-ლს არ მიუძღოდა არავითარი ბრალი მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, საქმე უნდა გადასცემოდა შს საგამოძიებო განყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში საპროცესო კანონის ეს მოთხოვნა არ იქნა დაცული. პირიქით, გარდაბნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ნ. მ-ემ 2001წ. 21 იანვარს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ნ. წ-ის მიმართ გ. დ-ის სხეულის დაზიანებისა და რ. წ-ის გარდაცვალების ფაქტზე, ასევე არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ თ. გ-ის, თ. დ-ის, ო. -ოს, თ. წ-ის სხეულის დაზიანების ნაწილში მის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო, ე.ი. შსს-ს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა თვითონ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი, რისი უფლებაც, საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, არ ჰქონდა. დამატებითი გამოძიების დროს ეს გარემოება უნდა იქნეს გათვალისწინებული და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად უნდა გადაეცეს პროკურატურას.
პალატა აღნიშნავს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გარემოებების გარკვევისა და შეჯახების მექანიზმის ახსნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის ადგილის (შეჯახების ადგილი) ზუსტად დადგენას.
შემთხვევის ადგილის ზუსტად დადგენისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის ადგილის სრულყოფილად დათვალიერებას, არსებული ფაქტებისა და კვლევის ზუსტად აღწერას და შემთხვევის ადგილის დათვალიერების სრულყოფილი ოქმისა და სქემის შედგენას.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევაში მონაწილეობდა რამდენიმე ავტომანქანა, ძალზე ზერელად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ასევე უფრო ზერელედ იქნა შემთხვევის ადგილის სქემა შედგენილი, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჩატარდა სასამართლო სხდომა, დაიკითხა არაერთი მოწმე, მაინც საბოლოოდ სრულყოფილად ვერ დადგინდა შეჯახების ადგილი, ასევე ვერ გაირკვა, თუ კონკრეტულად რომელი ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია მოძრაობის კანონის მოთხოვნები, რომელმაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.
კერძოდ, წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილად არ ყოფილა დადგენილი, თუ კონკრეტულად სად და გზის რომელ მონაკვეთზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. არაა გარკვეული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზატკეცილის 25,5 კმ-ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, თუ ამავე გზატკეცილის 26,5 კმ-ზე. ამ საკითხის სრულყოფილად გარკვევას მნიშვნელობა აქვს საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. ასევე მთელი სისრულით არაა გამოკვლეული, ნ. წ-ის სავალ ნაწილზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა თუ გ. დ-ის ავტომანქანის სავალ ნაწილზე. ამ საკითხზე არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მასალები, რაც მოითხოვს დამატებით შემოწმებასა და შეფასებას.
პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ საქმეზე ჩატარებული არაერთი ავტოტექნიკური ექსპერტიზა ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გარკვეული ზომებით აღმოფხვრა არსებული წინააღმდეგობები, საბოლოოდ მაინც ეს საკითხი არ გადაწყვეტილა.
პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნების ყველა არგუმენტი და მიეცეს სათანადო შეფასება.
პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიება დაწყების სტადიიდანვე მიმდინარეობდა ტენდენციურად, კერძოდ, გ. დ-ლი მოწმის სახით საავადმყოფოში დაიკითხა თარჯიმნის გარეშე, მაშინ, როდესაც გ. დ-მა ქართული წერა-კითხვა არ იცის, ხოლო ჩვენებაში მითითებულია, რომ მან თვითონ წაიკითხა ქართულ ენაზე შესრულებული ჩვენება და რუსულ ენაზე მოაწერა ხელი. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაკითხვის დროს გამოძიებას არ გაურკვევია, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეძლო თუ არა ჩვენების მიცემა, მით უმეტეს, გ. დ-ლს მიღებული ჰქონდა სხეულის მძიმე დაზიანება.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საგზაო პოლიციის მიერ მოკვლეული მასალები საქმეს დაერთო ყოველგვარი მიმართვის გარეშე; ამასთან, საქმეში არაა ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თაობაზე. გამოძიებამ არ მიიღო არავითარი ზომა გაერკვია, დაზარალებულად ცნობილ ნ. წ-ლს ჰქონდა თუ არა ავტომანქანის მართვის მოწმობა, რატომ მართავდა მინდობილობის გარეშე (ნ. წ-ზე გაცემულ მინდობილობის ვადა ჰქონდა გასული) სხვის ავტომანქანას, უფრო მეტიც: თავის დროზე არ იქნენ დაკითხული საგზაო პოლიციის მუშაკები, რომლებმაც შემდგომ დაადასტურეს, რომ ნ. წ-ლი ავტომანქანას მართავდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას ავტომანქანის გაჩერების შესახებ.
აღნიშნულ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას მნიშვნელობა აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები საჭიროებს დამატებით შემოწმებას, რის გამოც სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას. რაც შეეხება კერძო საკასაციო საჩივარს, ამ ეტაპზე მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ჩასატარებელია დამატებითი გამოძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ა” და “ბ” პუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით, ხოლო კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განაჩენი გ. დ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
აღკვეთის ღონისძიება გ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.