შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 34-კოლ 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი (მომხსენებელი),ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ ნ. ხ-სა და დაზარალებულ თ. მ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 17 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც:
ნ. ხ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 336-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ადმინისტრაციული თანამდებობის უფლების ჩამორთმევის ვადით 2 წლამდე. საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
დაზარალებულ თ. მ-ის სარჩელი მორალური ზიანის 11000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო სარჩელი მორალური ზარალის ანაზღაურების ნაწილში დარჩა ღიად დაზარალებულ თ. მ-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
1996წ. 22 ივლისს თბილისის რეგიონული სამხედრო პროკურატურიდან თბილისის რეგიონულ სამხედრო სასამართლოში საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის დაცვისა და უზრუნველყოფის ოცეულის მეთაურის, ლეიტენანტ თ. მ-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ. რედაქცია).
თ. მ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თბილისის რეგიონული სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის _ მ. ნ-ის რეზოლუციით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს პირველი კოლეგიის შემადგენლობას (კოლეგიის თავმჯდომარე ნ. ხ-უა, მოსამართლეები _ გ. ძ-ძე და ი. ლ-ლი).
საბრალდებო დასკვნით თ. მ-ეს ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა ანუ მოქალაქეთა პირადი ქონების მიღება მოტყუებით; ასევე _ საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ. რედაქცია).
მოსამართლე ნ. ხ-ამ საქმე წარმოებაში მიიღო საპროცესო კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით: 1996წ. 23 ივლისის თარიღით ერთპიროვნულად გამოიტანა დადგენილება სამართალში თ. მ-ის მიცემის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც საფუძვლად დაუდო თავისი და სხდომის მდივან ნ. კ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით შედგენილი ყალბი დოკუმენტები: 1. სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც, სხდომა თითქოსდა ჩატარდა კოლეგიალური შემადგენლობით _ სამი მოსამართლის, აგრეთვე, პროკურორ ლ. ლ-ას მონაწილეობით, ეს მაშინ, როცა სინამდვილეში მოსამართლეები _ გ. ძ-ძე და ი. ლ-ლი, აგრეთვე, პროკურორი ლ. ლ-ა სხდომას არ დასწრებიან და 2. სასამართლოს განჩინება სამართალში მიცემის შესახებ, რომელზეც ნ. ხ-ამ მოტყუებით მოაწერინა ხელი ხსენებულ ორ მოსამართლესაც. ზემოაღნიშნული ქმედებით ნ. ხ-ამ უხეშად დაარღვია იმჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 222-ე, 223-ე, 227-ე, 229-ე, 230-ე და 231-ე მუხლების მოთხოვნები.
მიუხედავად იმისა, რომ იმჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, სამხედრო სასამართლოში საქმის განხილვა ხდებოდა კოლეგიალურად _ სამი მოსამართლის შემადგენლობით, საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიეღო პროკურორს, სახაზინო წესით მოწვეულ ადვოკატს, აგრეთვე პროცესის სხვა მონაწილეებს, მათ შორის _დაზარალებულს, რომელთათვის წინასწარ უნდა შეეტყობინებინა საქმის განხილვის თარიღი, მოსამართლე ნ. ხ-ამ თ. მ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე 1996წ. 1 აგვისტოს განიხილა საპროცესო კანონის მოთხოვნათა იგნორირებით ერთპიროვნულად, მხოლოდ სხდომის მდივან ნ. კ-სა და განსასჯელ თ. მ-ის მონაწილეობით, ისე, რომ საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო ბრალმდებელს, ბრალდებულის უფლებების დამცველ ადვოკატს, მოწმე ი. ხ-სა და დაზარალებულ მ. ხ-ლს.
მოსამართლის დავალებითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, სხდომის მდივანმა ნ. კ-მა შეადგინა სხდომის ყალბი ოქმი, დათარიღებული 1996წ. 1 აგვისტოთი, რომელშიც განზრახ დაამახინჯა საქმის განხილვის მიმდინარეობა და შედეგები, მიუთითა, რომ თითქოს საქმის განხილვაში მონაწილეობდა პროკურორი ლ. ლ-ვა, ბრალდებულის უფლებების დამცველი, ადვოკატი რ. მ-ძე, მოწმე ი. ხ-ლი და დაზარალებული მ. ხ-ლი, ყალბად დააფიქსირა თითოეული მათგანის _ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეთა წარმომადგენლების პოზიცია, მოწმე ი. ხ-ისა და დაზარალებულ მ. ხ-ის სახელით შეადგინა ყალბი ხელწერილები ცრუ ჩვენებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების დასტურად.
იმავე დღეს, 1996წ. 1 აგვისტოს, მოსამართლე ნ. ხ-ამ ერთპიროვნულად, მხარეთა _ პროკურორის, ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობის გარეშე გამოიტანა უკანონო განაჩენი, რომლითაც თ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ. რედაქცია) და სასჯელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, რომელზეც მოტყუებით მოაწერინა ხელი მოსამართლეებს _ გ. ძ-სა და ი. ლ-ლს.
ზემოაღნიშნულით ნ. ხ-ამ არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1961წ. რედაქცია) 23-ე თავის „სასამართლო განხილვის საერთო პირობები“ და 27-ე თავის „განაჩენის დადგენა“ ნორმები, მათ შორის _ სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე (საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეები), 248-ე (პროკურორის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში), 249-ე (დამცველის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში) 284-ე (მოწმის გაფრთხილება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ), 285-ე (მოწმის დაკითხვის წესი) 289-ე (დაზარალებულის დაკითხვა) მუხლების მოთხოვნები და მათი სრული უგულებელყოფით გამოიტანა განაჩენი.
აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ნ. ხ-ამ ჩაიდინა პირადი მოტივით, კერძოდ, წარმოებაში ჰქონდა რა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, სურდა, საქმეთა დროული განხილვის ყალბი სტატისტიკური მაჩვენებლებით შეექმნა თავისი საქმიანობის მოჩვენებითი დადებითი სურათი.
ზემოთ აღწერილ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენისათვის ნ. ხ-ას წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 336-ე მუხლის I ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება.
საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა მოითხოვა ხ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში აღძრული საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და ნ. ხ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 336-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სასამართლო კოლეგიის მიერ იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ნ. ხ-ა ითხოვს თავისი ქმედების 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს, რომ თ. მ-ის მიმართ განაჩენის დადგენისას მას არც ანგარებითი და არც სხვა რაიმე პირადი მოტივი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსკ-ის 193-ე მუხლის პირველი ნაწილით (სსკ-ის 1960წ. რედაქცია) და, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, საქმე უნდა შეწყვეტილიყო. ამასთან, თავის ბრალდების საქმეში თ. მ-ძე უკანონოდ არის ცნობილი დაზარალებულად და ამიტომ უნდა გაუქმდეს მისი დაზარალებულად ცნობის დადგენილება.
დაზარალებული თ. მ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, რათა მსჯავრდებულ ნ. ხ-ას წარედგინოს უფრო მძიმე ბრალდება, კერძოდ კი _ ქრთამის აღების ბრალდება, ხოლო თუკი პალატა მის ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მაშინ განაჩენი უნდა გაუქმდეს შეფარდებული სასჯელის ლმობიერების მოტივით; ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს მისი მორალური და მატერიალური ზიანი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ. ხ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა თავის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ნ. ხ-ამ აღნიშნა, რომ თავისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქმე შეწყდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
თ. მ-ემ მხარი დაუჭირა თავის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა გ. ყ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია მსჯავრდებულ ნ. ხ-ას მიმართ დადგენილი განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ასევე ძირითადი სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, იშუამდგომლა, რომ განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ნ. ხ-ას მიმართ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლების 2 წლით ჩამორთმევის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ ნ. ხ-ას მიმართ დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება: მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 193-ე მუხლის პირველ ნაწილზე (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მსჯავრდებული ნ. ხ-უა მუშაობდა რა თბილისის სამხედრო სასამართლოს მოსამართლედ, 1996წ. 1 აგვისტოს ერთპიროვნულად, მხარეთა მონაწილეობის გარეშე, გამოიტანა უკანონო განაჩენი, რომლითაც თ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ. რედაქცია) და სასჯელად განუსაზღვრა ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
წინასწარმა გამოძიებამ მიიჩნია, რომ ნ. ხ-ამ უკანონო განაჩენი დაადგინა პირადი მოტივით. გამოძიებამ პირად მოტივად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსამართლე ნ. ხ-ას წარმოებაში ჰქონდა რა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, სურდა, საქმეთა დროული განხილვის ყალბი სტატისტიკური მაჩვენებლით შეექმნა თავისი საქმიანობის მოჩვენებითი დადებითი სურათი. თუმცა ეს მოტივი საქმის სასამართლო განხილვის დროს არ დადასტურდა და აღნიშნული გარემოება არც სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა, რადგან საამისო მტკიცებულება საქმეში არ არსებობდა.
პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წინასწარმა გამოძიებამ, ასევე სასამართლო კოლეგიამ არასწორად დააკვალიფიცირეს მსჯავრდებულ ნ. ხ-ას ქმედება მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა ძველი სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედების დროს, ხოლო ახალი კანონი არ ამსუბუქებდა სასჯელს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის. ამიტომ ახალ კანონს არ ჰქონდა უკუძალა, თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილისა.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ნ. ხ-ას ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლის პირველ ნაწილზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება კი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილისა, ხოლო ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ ნ. ხ-ას ქმედება დააკვალიფიცირეს უფრო მძიმე მუხლით, ვიდრე მას აქვს ჩადენილი და საქმეზე დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო საქმის საკასაციო განხილვის დროს გამოვლინდა, რომ ნ. ხ-ას ჩადენილი ჰქონდა უფრო მსუბუქი დანაშაული, ამიტომ, თანახმად სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტისა და მეექვსე ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ნ. ხ-უა სასჯელის მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება თ. მ-ის დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების საფუძველი. ამასთან, არ არსებობს დაზარალებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და მეექვსე ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
დაზარალებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 17 თებერვლის განაჩენში ნ. ხ-ას მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება: ნ. ხ-ას ქმედება მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იგი გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.