საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.04.2005
საქმის ნომერი
2კ-103დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 103-დად 14 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი

განიხილა მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილის _ მ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ამავე რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მარტის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა ი. პ-ამ 2005წ. 27 იანვარს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვითარების შეცვლის გამო, შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე მ. ჩოხელის მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა 1960წ. სსკ-ის 189-ე მუხლის მე-3, 186-ე მუხლის მე-2 და მე-17, 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

2005წ. 14 მარტს მ. ჩ-მა საჩივრით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ წინასწარ გამოძიებას არ ჰქონდა მისი თანხმობა, ვითარების შეცვლის გამო, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ 2005წ. 18 მარტს განიხილა მ. ჩ-ის საჩივარი და დააკმაყოფილა. სასამართლომ გააუქმა გამომძიებელ ი. პ-ას 2005წ. 27 იანვრის დადგენილება მ. ჩ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდა მცხეთის რაიონულ პროკურატურას წინასწარი გამოძიების განსაახლებლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

მცხეთის რაიონული პროკურორი შ. ფ-ე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და გამომძიებელ ი. პ-ას 2005წ. 27 იანვრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

პროკურორის აზრით, მ. ჩ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება წინასწარი გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურებულია დაDვინაიდან დანაშაულის ჩადენიდან გასულია გარკვეული დრო, ამასთან ერთად შეიცვალა ვითარება, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა არის კანონიერი.

პალატის სხდომაზე მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ _ მ. ფ-ემ მოითხოვა თავისი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

პალატის სხდომაზე მ. ჩ-მა უსაფუძვლოდ მიიჩნია საკასაციო საჩივრის მოტივები. მან აღნიშნა, რომ იგი წინააღმდეგია, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს ვითარების შეცვლის გამო. მ. ჩ-მა მოითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმიდან ირკვევა, გამომძიებელმა ი. პ-ამ ისე შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ მ. ჩ-ის მიმართ სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვითარების შეცვლის გამო, რომ ამ უკანასკნელის თანხმობა არ ჰქონია. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, ვითარების შეცვლის გამო, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია.

პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მარტის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა გამომძიებელ ი. პ-ას 2005წ. 27 იანვრის დადგენილება მ. ჩ-ის მიმართ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მარტის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ამავე რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ი. პ-ას 2005წ. 27 იანვრის დადგენილება მ. ჩ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.