განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 159-კოლ 17 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 ნოემბრის განაჩენით ბ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წ. გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ო” ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ბ.ფერაძე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან, ვითარების შეცვლის გამო.
განაჩენით ბ. ფ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში: ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა რა მოქალაქეების _ ს. კ-ისა და თ. ბ-ის სარჩელები მათი სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, უკანონოდ ჩათვალა სოფ. --- თემის საკრებულოს თავმჯდომარის _ ბ. ფ-ის -- განკარგულება ს. კ-ისა და თ. ბ-ს სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და 2004წ. 4 დეკემბერს გამოიტანა -- და -- გადაწყვეტილებები მათი სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე. ბ.ფ-მ, მიუხედავად სასამართლო აღმასრულებლის წერილობითი გაფრთხილებისა, არ შეასრულა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და ს.კ-ძე და თ.ბ-ძე დაუყოვნებლივ არ აღადგინა სამუშაოზე.
მსჯავრდებული ბ.ფ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მას არავითარი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ.ფ-ძე ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვას და ითხოვს ბ.ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
დაზარალებული ს.კ-ძე შესაგებლით ითხოვს ბ.ფ-ის სამსახურიდან განთავისუფლებას და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას.
პროკურორი ლ.ქეშელაშვილი არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ბ.ფ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის, ასევე შესაგებლის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ბ.ფ-ს არავითარი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა რა მოქალაქეების _ ს.კ-სა და თ.ბ-ის სარჩელები მათი სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, უკანონოდ ჩათვალა სოფ. ---ის თემის საკრებულოს --- _ ბ.ფ-ის ¹21 განკარგულება მათი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და 2004წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებებით ს.კ-ძე და თ.ბ-ძე დაუყოვნებლივ აღადგინა სამუშაოზე. ბ.ფ-ემ, მიუხედავად სასამართლო აღმასრულებლის წერილობითი გაფრთხილებისა, არ შეასრულა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და ს.კ-ძე და თ.ბ-ძე დაუყოვნებლივ არ აღადგინა სამუშაოზე. აღნიშნულით ბ.ფ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული უნდა შეწყდეს, თუ ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს.კ-ძე და თ.ბ-ძე ბ.ფ-ის 2004წ. 24 მაისის -- განკარგულებით აღდგენილ იქნენ თანამდებობებზე და მთლიანად აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდურები.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ვითარების შეცვლის გამო, საკასაციო პალატას ბ.ფ-ისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონლად მიაჩნია და თვლის, რომ ბ.ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 ნოემბრის განაჩენი ბ. ფ-ის მიმართ და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.