განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 12.04.2005
საქმის ნომერი
2კ-423აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 423-აპ 12 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),ნ. გვენეტაძე

განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ეს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენით მ. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 23-ე,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1999წ. ზამთრის პერიოდში, ზუსტად თარიღი დადგენილი არ არის, ი. ხ-მა ფინანსური დახმარება სთხოვა მ. შ-ეს. მ. შ-ემ ი. ხ-კს ფინანსურ დახმარებაზე უარი განუცხადა და შესთავაზა, მიეყვანა მასთან უცხოური მარკის ავტომანქანა, რომლის რეალიზაციას მოახდენდა და თანხას თანაბრად გაუნაწილებდა. მ. შ-ემ ი. ხ-კს კონკრეტულად მიუთითა დაბა წყნეთში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, უცხოური წარმოების ავტომანქანაზე. ი. ხ-მა მ. შ-ეს განუცხადა, რომ დანაშაულის ჩასადენად დასჭირდებოდა ცეცხლსასროლი იარაღი. მ. შ-ემ უთხრა, მისულიყო დაბა წყნეთში მცხოვრებ გ. მ-თან, რომელიც მას ათხოვებდა ცეცხლსასროლ იარაღს. ი. ხ-კი მითითებისამებრ მივიდა გ. მ-თან და სთხოვა იარაღი. გ. მ-მა მას ათხოვა პისტოლეტი _ ტყვიამფრქვევი ---, 21 ცალი საბრძოლო ვაზნით.

ი. ხ-მა გადაიფიქრა მ. შ-ის მიერ შეთავაზებული “ბმვ” მარკის ავტომანქანის ყაჩაღური თავდასხმის გზით გატაცება და განიზრახა, ყაჩაღური გზით გაეტაცა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის კუთვნილი, 59 148 ლარად ღირებული “ვოლვოს” მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მ. დ-ნი. აღნიშნულის თაობაზე იგი ტელეფონით შეუთანხმდა მ. შ-ეს და დაჰპირდა ამ ავტომანქანის მიყვანას.

ი. ხ-კი 1999წ. 2 მარტს, დაახლოებით 20 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მივიდა მ. დ-ის საცხოვრებელ სახლთან _ ... ¹10-ში. პისტოლეტი _ ტყვიამფრქვევი დამალა ჩიხში არსებული შენობის ნანგრევებში და თვითონაც იქვე დაიმალა. 20 საათსა და 30 წუთზე მ. დ-ნი ავტომანქანით მივიდა სახლში და გააჩერა იგი ჩვეულ ადგილზე. ი. ხ-მა აიღო ნანგრევებში დამალული ცეცხლსასროლი იარაღი და გაემართა მ. დ-ისაკენ, რომელიც უკვე გადმოსული იყო ავტომანქანიდან. მან ჩაკეტა მანქანის კარი. ი. ხ-კი მივიდა მ. დ-თან და მოკვლის მუქარით მოსთხოვა ავტომანქანის გასაღების გადაცემა. მ. დ-მა გასაღები არ მისცა და გაუწია წინააღმდეგობა. საპასუხოდ ი. ხ-მა ესროლა მას, მ. დ-ნს ტყვია მოხვდა მუცლის არეში, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ი. ხ-კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

შეთანხმებისამებრ ი. ხ-კი იმავე დღეს, 1999წ. 2 მარტს, მივიდა დაბა წყნეთში მ. შ-სთან, მაგრამ ეს უკანასკნელი სახლში არ დახვდა.

2000წ. 20 ნოემბერს, დაახლოებით 22 საათსა და 15 წუთზე, მ. შ-ძე იჯდა ავტომანქანა “ნივაში”, რომელსაც მართავდა გ. შ-ვი, ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა ი. გ-ძე. --- ქ. ¹78 სახლის წინ, ურთიერთშელაპარაკებისას მ. შ-ემ “ტტ”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ატარებდა, განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ესროლა ზურგისა და გულმკერდის არეში გ. შ-ვს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ მან ცეცხლსასროლი იარაღი შესანახად მიუტანა ---ში მცხოვრებ მ. კ-ლს, ხოლო თვითონ კი მიიმალა.

საკასაციო საჩივრით მ. შ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და და ყაჩაღობის ბრალდების ეპიზოდში გამართლებას, ხოლო მკვლელობის ეპიზოდში _ მისი ქმედების დაკვალიფიცირებას ძლიერი სულიერი აღელვებისა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობად. კასატორის განმარტებით, მას რაიმე მონაწილეობა ო. ხ-ის მიერ ჩადენილ ყაჩაღობაში არ მიუღია. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მან წააქეზა ი. ხ-კი ყაჩაღობის ჩადენაში. კასატორის განმარტებით, მან, მართალია, ესროლა გ. შ-ვს, მაგრამ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიებისა და ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. კასატორის მითითებით, გ. შ-ვი მუდმივად აყენებდა შეურაცხყოფას, შემთხვევის დღეს ძალით ჩაისვა ავტომანქანაში და აგრძელებდა მის შეურაცხყოფას. გ. შ-მა მისი თანდასწრებით ახლობელსაც კი დაურეკა და უთხრა, რომ მ. შ-ის მოკვლას აპირებდა, ავტომანქანაში გ. შ-მა ხელი წაიღო იარაღისაკენ და სურდა მისი მოკვლა, მაგრამ მან მოიგერია იგი, რა დროსაც მოხდა გასროლები.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ც-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ მსჯავრდებული ყაჩაღობის ბრალდების ეპიზოდში უნდა გამართლდეს. ადვოკატის მითითებით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა წააქეზა ო. ხ-კი, ყაჩაღური გზით გაეტაცებინა ავტომანქანა. ადვოკატის განმარტებით, საქმის იმ ეპიზოდზე, სადაც ბრალდება უთითებს, რომ მ. შ-ემ წააქეზა ი. ხ-კი და შესთავაზა, გაეტაცებინა კონკრეტული ავტომანქანა, პროკურატურას გამოტანილი აქვს საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. ადვოკატის მითითებით, მსჯავრდებულმა ა. შ-ის მკვლელობა ჩაიდინა ძლიერი სულიერი აღელვებისა და აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ადვოკატის განმარტებით, საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ გ. შ-ვი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მსჯავრდებულს. შემთხვევის დღეს იგი ძალით ჩაისვა ავტომანქანაში. საქმეში არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზეც, რომ გ. შ-მა დაურეკა თავის ნაცნობს და უთხრა, რომ მ. შ-ძე უნდა მოეკლა.

მსჯავრდებულმა მ. შ-ემ მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას და ითხოვა განაჩენის გაუქმება, ყაჩაღობის ბრალდების ეპიზოდში _ გამართლება, ხოლო მკვლელობის ეპიზოდში _ მისი ქმედების დაკვალიფიცირება ძლიერი სულიერი აღელვებისა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობად.

პროკურორმა პ. მ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, დასაბუთებული, სამართლიანი და კანონიერია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს _ მსჯავრდებულ მ. შ-ეს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ც. ც-ლს, პროკურორ პ. მ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესაბამისად, მ. შ-ძე მსჯავრდებულ იქნა ი. ხ-თან ერთად ყაჩაღობის ჩადენაში თანამონაწილეობისათვის. განაჩენით დადგინდა, რომ მ. შ-ემ წააქეზა ი. ხ-კი ყაჩაღობის ჩადენაში, კერძოდ, მასთან ფინანსური დახმარებისათვის მისულ ი. ხ-კს შესთავაზა კონკრეტული ავტომანქანის გატაცება, რის რეალიზებასაც თვითონ მოახდენდა. განაჩენით ასევე დადგინდა, რომ ი. ხ-მა გადაიფიქრა მ. შ-ის მიერ დასახელებული კონკრეტული ავტომანქანის გატაცება და განიზრახა, აწ გარდაცვლილ გ. დ-სათვის გაეტაცებინა ავტომანქანა. საქმის მასალების შესაბამისად, პროკურატურამ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ მ. შ-ის წაქეზების შემდეგ ი. ხ-მა რატომ არ გაიტაცა მ. შ-ის მიერ კონკრეტულად მითითებული ავტომანქანა და ამ ეპიზოდში გამოიტანა საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება ი. ხ-ის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას გამოტანილი აქვს საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, პროკურატურამ საბრალდებო დასკვნით მ. შ-ეს მაინც ბრალად წაუყენა ყაჩაღური გზით იმ ავტომანქანის გატაცების წაქეზება, რომლის შესახებაც მას არაფერი უთქვამს ი. ხ-ისათვის და რომლის გატაცებაც თვითონ ი. ხ-მა გადაწყვიტა. ფაქტობრივად, სააპელაციო პალატამ განაჩენით მ. შ-ეს მსჯავრი დასდო იმ დანაშაულის ჩადენის წაქეზებისათვის, რომლის თაობაზეც მ. შ-ემ გაიგო თვით ი. ხ-ისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში მ. შ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან გ. შ-ის მკვლელობა ჩაიდინა ძლიერი სულიერი აღელვებისა და აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმე ი. გ-ის ჩვენებებს, რომელმაც დაადასტურა ავტომანქანა “ნივაში” გ. შ-სა და მ. შ-ეს შორის დედის გინების თაობაზე შეკამათებისა და ატომანქანაში სროლის ხმის გაგონების ფაქტი და ასევე ის, რომ ი. შ-სა და მ. შ-ეს შორის გასროლამდე რაიმე ურთიერთჭიდილი იარაღის წართმევასა ან სხვა რაიმეზე არ მომხდარა.

ი. გ-ის ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2000წ. 14 დეკემბრის დასკვნით, რომლის შესაბამისადაც, გ. შ-ის სიკვდილის მიზეზია 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ და გამომავალი გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ შინაგანი ორგანოების დაზიანებით. ორივე ფილტვისა და გულის დაზიანებანი მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვების მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ყველა ზემოთ აღწერილი ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, ჭრილობის არხი მიემართება უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ. ამდენად, გ. შ-ვს ნასროლი აქვს ზურგში.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისადაც, ტოკარევის კონსტრუქციის 1930წ. ნიმუშის 7,62-კალიბრიანი პისტოლეტი (ტტ) -- ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

ექპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა “ნივას” სახ. ¹--დან დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც, ამოღებულია 7 მასრა, 4 ტყვია, 1 ტყვიის ფრაგმენტი და 1 ტყვიის გარსი, რაც გასროლილია (ტტ) პისტოლეტიდან.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, “ნივა” სახ. ¹--დან ამოღებულ ნივთმტკიცებასა და გ. შ-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება გ. შ-ის სისხლის ჯგუფს ანუ --.

ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, გ. შ-ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებანი წარმოადგენს შემავალ და გამომავალ ხვრელებს. მათზე არსებული დაზიანებანი შეესაბამება გ. შ-ის სხეულზე არსებულ ჭრილობებს. დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი მეტალ-სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედების შედეგად, რომელიც ნაწარმოებია ახლო მანძილიდან სროლის დამატებითი ფაქტორების მოქმედებების ზონის ფარგლებში.

მ. კ-ის ჩვენებით, რომელმაც დაადსტურა მ. შ-ის მასთან მისვლის, მისთვის მ. შ-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემისა და შენახვის თხოვნის ფაქტი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა აღნიშნული ჩვენებებს და სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ ამ ჩვენებებით უარყოფილია მ. შ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან მკვლელობა ჩაიდინა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და ქმედების ჩადენის შემდეგ იმყოფებოდა უგონოდ და არ ახსოვს არაფერი.

შპს “---იდან” სასამართლო ბრძანების საფუძველზე ამოღებული ცნობის თანახმად, გ. შ-ის მობილურ ტელეფონზე _ 8-- 2000წ. 20 ნომბერს შემავალი და გამავალი ზარები არ განხორციელებულა, რითაც უარყოფილ იქნა მსჯავრდებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი უთითებს, რომ გ. შ-მა შემთხვევის დღეს დაურეკა ახლობელს და უთხრა, რომ მ. შ-ძე უნდა მოეკლა.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მსჯავრდებულ მ. შ-ეს საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ ქვეპუნქტით, 568-ეA მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მ. შ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით მსჯავრდების ეპიზოდში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მ. შ-ეს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.