საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 128-დად 26 აპრილი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1992წ. 13 ნოემბრის განაჩენით ვ. მ. საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლევი, მცხოვრები ქ. რუსთავში, ..., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მესამე და მეოთხე პუნქტებით, 150-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 212-ე მუხლით, 135-ე მუხლით და განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1993წ. 26 ივლისის განაჩენით ვ. მ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მეორე ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით _ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ვ. მ. სასჯელს იხდის 1993წ. 19 აპრილიდან.
2005წ. 7 მარტს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹2 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ ვ. მ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული ვ. მ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მან უკვე მოიხადა დანიშნული სასჯელის 3/4-ზე მეტი.
პროკურორი ო. რ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, მსჯავრდებულ ვ. მ-ს მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც, თანახმად საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, პირობით ვადამდე გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვ. მ. სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის დროისათვის მას მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი _ 3 წელზე მეტი, სასამართლომ მიზანშეუწონლად ჩათვალა ამ ეტაპზე სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატაც და სასამართლოს დადგენილებას მიიჩნევს კანონიერად. ამდენად, საჩივრის მოთხოვნას დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ ვ. მ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ პალატა არ იზიარებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ ვ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.