შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 209-აპ 12 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულების – მ. ყ-სა და ი. ყ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის განაჩენით:
1. მ. ყ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის I ნაწილით, მე-19,1821-ე მუხლის II ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
2. ი. ყ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,1821-ე მუხლის II ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რასაც დაემატა მოუხდელი სასჯელი – 1 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ მ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 389-ე მუხლის I ნაწილით, მე-19,177-ე მუხლის II ნაწილის “ა“, “გ“ ქვეპუნქტებით, III ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ი. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის II ნაწილის “ა“, “ბ“, “გ“ ქვეპუნქტებით და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 1 თვით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით მ. ყ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, სახელდობრ: 2002წ. 18 აგვისტოს მ. ყ. ჩაირიცხა ... სამხედრო ნაწილში ჯარისკაცად. 2003წ. 16 იანვარს მან თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი და მას შემდეგ იქ აღარ დაბრუნებულა.
ამავე განაჩენით მ. და ი. ყ-ებს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს შავი და ფერადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ი. ყ-მ 2003წ. 23 აპრილს, დაახლოებით 15 საათზე, ქ. თბილისში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპირტიანი სასმელების მიღების დროს თავის ძმასთან – მ. ყ-სთან და გამოძიებით დაუდგენელ ვინმე “ვ-სთან“ ერთად, ამ უკანასკნელისაგან მიიღო შეთავაზება, შესულიყვნენ ... ქუჩაზე მდებარე რომელიმე ობიექტზე და გაეტაცებინათ ფერადი ლითონები. ი. ყ. დასთანხმდა ამ წინადადებას. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2003წ. 24 აპრილს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე, ი. ყ-მ, მ. ყ-სა და ვინმე “ვ-სთან“ ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ... მდებარე შს სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მექანიზაციის საქმიან ეზოში, რის შემდეგაც იგი აღნიშნულ პირებთან ერთად შეუვარდა ოთახში დარაჯს, რომელსაც დაემუქრნენ, რათა მას არ გაეწია წინააღმდეგობა. მ. ყ. დარჩა დარაჯის ოთახში სამეთვალყურეოდ, ი. ყ. კი ვინმე “ვ-სთან“ ერთად გავიდა საქმიანი ეზოს ტერიტორიაზე, სადაც მათ სპეციალურად მომარჯვებული რკინის ნაჭრის მეშვეობით შეარჩიეს ფერადი ლითონის შემცველი დეტალები, ჩააწყვეს პოლიეთილენის ტომარაში და გამოიტანეს სათავსიდან, მაგრამ, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლეს აშკარად დაუფლებული ქონების გატანა ეზოს ტერიტორიიდან, რადგან ი. და მ. ყ-ები დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.
საკასაციო საჩივრებში მსჯავრდებულები - მ. ყ. და ი. ყ. ითხოვენ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მათ მიმართ შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას იმ მოტივებით, რომ მ. ყ. ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდებიან დადებითად, სახეზეა ქურდობის მცდელობა და არა დამთავრებული დანაშაული.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. ხ-მ ითხოვა მსჯავრდებულების – ი. და მ. ყ-ებისათვის დანიშნული სასჯელის შეცვლა პირობითი მსჯავრით. ადვოკატმა პალატას სთხოვა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება: მსჯავრდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, მ. ყ. არ არის ნასამართლევი, დანაშაული მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს მძიმე ეკონომიკური პირობების გამო.
პროკურორმა პ. მ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მ. და ი. ყ-ების მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. და ი. ყ-ების დანაშაული დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, რასაც მსჯავრდებულები სადავოდ არ ხდიან საკასაციო საჩივრებში.
პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებისა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების ქმედებებს.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ განაჩენში მიუთითა, მაგრამ ჯეროვნად არ გაითვალისწინა მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მ. ყ. პირველადაა სამართალში; მსჯავრდებულები აღიარებენ და გულწრფელად ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს; მ. ყ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია; ი. ყ. ხასიათდება დადებითად; პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ სახეზეა მცდელობა და არა დამთავრებული დანაშაული. ამდენად, მათ საქართველოს შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საფინანსო დეპარტამენტის მექანიზაციის საქმიანი ეზოსათვის ზიანი არ მიუყენებიათ, დაზარალებულს მსჯავრდებულთა მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მ. და ი. ყ-ების მიმართ შეფარდებული სასჯელის 1-1 წლით შემცირებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მ. ყ-ს შეფარდებული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად დარჩეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ი. ყ-ს შეფარდებული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად დარჩეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.