საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 279-აპ 22 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის განაჩენსა და განჩინებაზე ლ. ბ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 აპრილის განაჩენით ლ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 193-ე მუხლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით. სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელისაგან იგი გათავისუფლდა “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს 2004წ. 24 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე სასამართლოს 2005წ. 13 აპრილის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე ლ. ბ-ს მიმართ სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ბრალდების ეპიზოდში დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა სამეგრელო-სვანეთის საოლქო პროკურატურას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი ლ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ განჩინება სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ გააუქმა და საქმე ბრალდების ამ ეპიზოდში არსებითად განსახილველად დაუბრუნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხვა შემადგენლობას. აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება ლ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად. იგი პატიმრობაშია 2004წ. 9 ოქტომბრიდან.
განაჩენით ლ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცრუ მეწარმეობა და ყალბი საკრედიტო საანგარიშსწორებო ბარათებისა და სხვა საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში: ლ. ბ-მ სამეწარმეო საქმიანობის გარეშე დააფუძნა ინდივიდუალური საწარმო “ლ. ბ.”, რომელიც 2003წ. 15 იანვარს რეგისტრაციაში გატარდა ზუგდიდის საოლქო საგადასახდო ინსპექციაში და მიენიჭა საგადასახადო გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი. 2003 წელს ლ. ბ-მ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, შემდგომი გამოყენების მიზნით, შეიძინა გაუქმებულად გაცხადებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები: _ 68 _ ¹003268 და აა-68 ¹0034274, დაამზადა ისინი და 706928 ლარის საქონელი და 117820 ლარის დღგ-ს თანხა გაწერა შპს “კონტაქტზე”, შპს “ინტექსსა” და შპს “მეგასერვისზე”.
საბრალდებო დასკვნით ლ. ბ-ს ბრალად ედება სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან განზრახვა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვის ნივთს დიდი ოდენობით, ვერ მოიყვანა სისრულეში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა გააუქმა ინდმეწარმე “ლ. ბ-ს” მიერ ხელოვნურად შექმნილი აქტივის ჩათვლები, როგორც ინდმეწარმე “ლ. ბ-ზე”, ასევე _ შპს “კონტაქტზე”, “ინტექსსა” და “მეგასერვისზე”, ვინაიდან ლ. ბ-ს მიერ გამოყენებული ანგარიშფაქტურები, რომლებიც გაცემული იყო ინდმეწარმე “ჰ. მ-ზე,” დაკარგულად იყო გამოცხადებული.
საკასაციო საჩივრით ლ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ. ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენისა და განჩინების გაუქმებას და ლ. ბ-ს მიმართYსაქმის შეწყვეტას. იმ შემთხვევაში კი, თუ პალატა არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ითხოვს ლ. ბ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის შეცვლას არასაპატიმრო ღონისძიებით. ადვოკატი თვლის, რომ საქმეში არ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ექსპერტიზის დასკვნით, საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ აღმოჩნდა ლ. ბ-ს მიერ შევსებული, რაც, ადვოკატის აზრით, გამორიცხავს ლ. ბ-ს მიერ სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქმეში მოიპოვება ლ. ბ-ს მიერ განხორციელებული სხვა ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები, რომელთა კანონიერებას წინასწარი გამოძიება ეჭვქვეშ არ აყენებს. ამდენად, ადვოკატი თვლის, რომ სსკ-ის 193-ე მუხლით ლ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საფუძველს მოკლებულია. ამასთან ერთად, ადვოკატი აღნიშნავს იმასაც, რომ ლ. ბ-ს რომც ჩაედინა სსკ-ის 193-ე და 210-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, დამატებით აღარ უნდა წარდგენოდა თაღლითობის მუხლი, რამდენადაც ეს ზოგადი ნორმაა და მისი, როგორც დანაშაულის, ნიშნები მოიაზრება სპეციალურ ნორმებში, კერძოდ, ცრუ მეწარმეობასა და ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადებასა და გასაღებაში და ა. შ.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ გ. გ-მ და კ. კ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ლ. ბ.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ჯ. კ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი და განჩინება ლ. ბ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მათი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 აპრილის განაჩენები, რომლითაც ლ. ბ. მსჯავრდებულია სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 193-ე მუხლით, უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ეპიზოდში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის განჩინება ლ. ბ-ს მიმართ, რომლითაც მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით ბრალდების ეპიზოდში განსახილველად დაბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასამართლო განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ბრალდების ეპიზოდში ამ ეტაპზე საქმის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრალდების ამ ეპიზოდში სრულად არ გამოურკვევია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და, შესაბამისად, არ მიუღია გადაწყვეტილება გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის სახით. პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მითითებული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლოს განხილვის ფარგლებს და მათი შემოწმება სავსებით შესაძლებელია ბრალდების ამ ეპიზოდში საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების გარეშეც. პალატა ასევე თვლის, რომ საქმის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ლ. ბ-ს მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს, დამატებით გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.
ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მრავალი მტკიცებულება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ლ. ბ-ს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის. კერძოდ: განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ ლ. ბ-მ არარსებულ ინდმეწარმე გ. ხ-საგან ფიქტიურად შეიძინა 706,928 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და მარაგი ნაწილები, რომლის დღგ-ის თანხა შეადგენდა 117820 ლარს. განაჩენით ისიც დადგენილად არის მიჩნეული, რომ მან ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციიდან მიღებული ხუთი ანგარიშფაქტურით და ზედნადებებით, რომლებიც შეავსო ყალბი მონაცემებით, არარსებულ ინდმეწარმე გ. ხ-საგან თითქოს ფიქტიურად მიღებული 706,928 ლარის საქონელი და 117820 ლარის დღგ-ის თანხა გაწერა შპს “კონტაქტზე”, “ინტექსსა” და “მეგასერვისზე”.
მსჯავრდებული ლ. ბ. კატეგორიულად უარყოფს ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, ყალბი ანგარიშსწორების ფაქტურების შეძენას, დამზადებასა და გამოყენებას. იგი ჩვენებებში მიუთითებს, რომ გ. ხ-საგან ნაღდი ანგარიშსწორებით ნამდვილად შეიძინა 706,928 ლარის კომპიუტერული ტექნიკა და მარაგი ნაწილები. საქონლის შესყიდვაზე გ. ხ-მ მას წარუდგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურები და მასზე მოაწერა ხელი. აღნიშნული ტექნიკა და მარაგი ნაწილები კი 2003წ. 16 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით მიჰყიდა შპს “კონტაქტს”, “ინტექსსა” და “მეგასერვისს”.
წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში გ. ხ. კატეგორიულად უარყოფს არა მარტო სამეწარმეო საქმიანობას, არამედ ლ. ბ-ს ნაცნობობას და მისთვის კომპიუტერული საქონლის მიყიდვას. წინასწარი გამოძიების დროს ლ. ბ-ს მიერ გ. ხ-ს ამოცნობა და, შესაბამისად, დაპირისპირება არ ჩატარებულა.
სასამართლო სხდომაზე გ. ხ. არ დაკითხულა და ეს იმ დროს, როცა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე წარადგინა გ. ხ-ს სახელით სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ქსეროასლები.
პალატა თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ უნდა დაკითხოს გ. ხ. და გამოარკვიოს: ეწევა თუ არა იგი სამეწარმეო საქმიანობას; ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ასახავს თუ არა მის სამეწარმეო საქმიანობას და არის თუ არა იგი ის პიროვნება, ვისგანაც, როგორც ლ. ბ. განმარტავს, შეიძინა მან კომპიუტერული ტექნიკა და მისი მარაგი ნაწილები
სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ლ. ბ-ს ჩვენებების საფუძვლიანობა _ მის მიერ გ. ხ-საგან შეძენილი კომპიუტერული ტექნიკის შპს “კონტაქტისათვის”, “ინტექსისა” და “მეგასერვისისათვის” მიყიდვის შესახებ. განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ ლ. ბ-მ ზემოთ ხსენებულ შპს-ს წარმომადგენლებზე _ ბ-ზე, ა-სა და შ-ზე ფიქტიურად გაწერა გ. ხ-საგან თითქოსდა შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა. ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების დროს და შემდეგ _ სასამართლო სხდომაზე ზემოხსენებულმა პირებმა არამარტო დაადასტურეს ლ. ბ-საგან საქონლის შესყიდვის ფაქტი, არამედ სასამართლოს წარუდგინეს ამ ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც, რაც სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია და ასევე არ შეუფასებია, უფრო მეტიც: მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა სასამართლო სხდომაზე წარადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველი პროკურორის _ ა. კ-ს 2005წ. 29 მაისის დადგენილების ქსეროასლიც, რითაც ირკვევა, რომ შპს “...”, “...” და “.” ხელმძღვანელების _ დ. ა-ს, ლ. შ-სა და ს. ბ-ს ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და მათ მიმართ გამოტანილია დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ დამატებით უნდა დაკითხოს დ. ა., ლ. შ. და ს. ბ., რომელთა ჩვენებებსა და მითითებულ გარემოებებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად უნდა მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს: ლ. ბ. რა ხერხითა და მეთოდით ცდილობდა ბრალად შერაცხული თანხის მითვისებას, რამდენადაც საბრალდებო დასკვნაში ამის თაობაზე მითითებული არ არის.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი სადავოდ მიიჩნევს ლ. ბ-ს ქმედების სსკ-ის მე-19 180-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებას. მისი აზრით, ლ. ბ-ს ჩადენილი რომც ჰქონდეს სსკ-ის 193-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, დამატებით არ უნდა წარდგენოდა თაღლითობის მუხლი, რამდენადაც მიაჩნია, რომ იგი ზოგადი ნორმაა და ამ დანაშაულის ნიშნები მოიაზრება სპეციალურ ნორმებში, კერძოდ: ცრუ მეწარმეობასა და ყალბი ანგარიშსწორების ფაქტურების დამზადებასა და გასაღებაში.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საკასაციო საჩივრის ამ მოსაზრებასაც.
პალატა თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმესა და საკასაციო საჩივარში მითიებული ყველა გარემოება ლ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაარკვიოს მისი როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე პასუხისმგებლის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამასთან ერთად, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ლ. ბ. პატიმრობაშია 2004წ. 9 ოქტომბრიდან და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც უსაფუძვლოდ ჭიანურდება. პალატას მიაჩნია, რომ ლ. ბ-ს მიმართ სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ბრალდების ორ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში “ამნისტიის” შესახებ კანონის საფუძველზე იგი თავისუფლდება სასჯელიდან, ბრალდების ერთი ეპიზოდი კი დანაშაულის ჩადენის მცდელობაა. ასეთ პირობებში პალატას მიაჩნია, რომ ლ. ბ-ს აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება უნდა შეეცვალოს უფრო მსუბუქი ღონისძიებით _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მოთხოვნაა, რომ ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს. კანონის ეს მოთხოვნა ვრცელდება სისხლის სამართალწარმოების მთელ პროცესზე და გულისხმობს პატიმრობაში მყოფი პირისათვის აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქით დაუყოვნებლივ შეცვლას, როგორც კი წარმოიშობა ამის შესაძლებლობა და სისხლის სამართალწარმოების ორგანო მივა დასკვნამდე, რომ პატიმრობის გარეშე შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 167-ე მუხლით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ე” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 აპრილის განაჩენები ლ. ბ-ს მიმართ გაუქმდეს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის განჩინება, რომლითაც ლ. ბ-ს სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ბრალდების ეპიზოდში განსახილველად დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, დარჩეს უცვლელად.
აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება _ ლ. ბ-ს მიმართ შეიცვალოს პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით და იგი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდეს.
განჩინება აღკვეთის ღონისძიების ნაწილში აღსასრულებლად გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებას განსასჯელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.