საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 08.10.2004
საქმის ნომერი
2კ-44-I-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.10.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 44I 8 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი

განიხილა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის _ მ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 7 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე ა. ბ-ის მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა პროკურატურას.

საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას საოლქო სასამართლოში არსებითად განსახილველად.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 30 ოქტომბერს ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ი. ქ-სათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე. გამოძიებით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:

2003წ. 27 ოქტომბერს ქ. თბილისში, --- ქუჩაზე, ა. ბ-ლი, გ. გ-ია, გ. ჩ-ნი, გ. ხ-ძე და გამოძიებით დაუდგენელი კიდევ ერთი პირი სასაუბროდ შეხვდნენ ი. ქ-ეს და ის მოტყუებით ავტომანქანით წაიყვანეს დაბა კოჯორში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. იქ მისვლის შემდეგ გ. გ-ია იმავე ავტომანქანით გამოემართა თბილისის მიმართულებით, ხოლო ა. ბ-მა, გ. ხ-ემ, გ. ჩ-ნმა და მეოთხე პირმა განიზრახეს, ი. ქ-სათვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება ნივთებისა და ფულის გამოძალვის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ ი. ქ-ეს თავზე ჩამოაცვეს შავი ფერის ტომარა, დაადეს ხელბორკილი, აიყვანეს სახლის მეორე სართულზე, სადაც მას წაართვეს არასაბრძოლო მდგომარეობაში არსებული “სტეჩკინის” კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი, ტყავის საფულე, რომელშიც იდო 35 ლარი, ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამის შემდეგ მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ მოქალაქე გ. ღ-ეს და მისი მეგობრის _ ი. ქ-ის განთავისუფლების საფასურად მოსთხოვეს 7000 ამერიკული დოლარი. აღნიშნული ფაქტის შესახებ გ. ღ-ემ სასწრაფოდ შეატყობინა სამართლებრივ ორგანოებს, რის გამოც დამნაშავეთა ჯგუფმა ვერ შეძლო მოთხოვნილი თანხის გამოძალვა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისინი იძულებული გახდნენ ი. ქ-ძე გაეყვანათ დაბა კოჯორში არსებული სამხედრო ბატალიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ დაეტოვებინათ.

2003წ. 6 დეკმბერს დაკავებული და ეჭვმიტანილად დაკითხულ იქნა ა. ბ-ლი. მან მთლიანად აღიარა ჩადენილი დანაშაული. მეორე დღეს მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიების პროცესში საეჭვო გახდა ა. ბ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობა. ამის გამო გამომძიებლის 2004წ. პირველი თებერვლის დადგენილებით დაკმაყოფილდა ადვოკატ ო. ბ-ის შუამდგომლობა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის წარმოების დაწყების შესახებ და დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

2004წ. 10 თებერვალს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ბრალდებული ა. ბ-ლი სტაციონარული დაკვირვებისათვის გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის --- სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილებაში. 2004წ. 23 აპრილს საექსპერტო კომისიამ გასცა შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვით: “ა. ბ-ლს აღენიშნება დროებითი ავადმყოფური მდგომარეობა რეაქტიული ფსიქოზის სახით, რის გამოც მისი შერაცხადობის საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. საჭიროებს იძულებით მკურნალობას ჩვეულებრივი მეთვალყურეობის ქვეშ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (შპს ბ-ის ფსიქიატრიული საავადმყოფო), აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსვლამდე შემდგომი წარდგენით სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზების კომისიაზე საექსპერტო საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად” _ /ტ.3, ს.ფ. 198/.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე 2004წ. 22 მაისის დადგენილებით გამომძიებელმა სხვა ბრალდებულთა მიმართ საქმე გამოყო ცალკე წარმოებად, ა. ბ-ის მიმართ კი გამოძიება მიიჩნია დამთავრებულად და ამის თაობაზე 25 მაისს გამოუცხადა ა. ბ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატებსა და დაზრალებულ ი. ქ-ეს.

ადვოკატებისა და დაზარალებულის მიერ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, 2004წ. 29 ივნისს, გამომძიებელმა, საქართველოს სსსკ-ის 670-ე _ 672-ე მუხლებზე მითითებით, გამოიტანა დადგენილება ბრალდებულ ა. ბ-ის მიმართ დანაშაულზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის თბილისის საოლქო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2004წ. 7 სექტემბრის განჩინებით საქმე განმწესრიგებელი სხდომის სტადიიდან დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა ქ. თბილისის პროკურატურას. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძვლად სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა შუალედური ხასიათისაა. მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ ა. ბ-ის შერაცხადობა-შეურაცხადობის საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია მისი დროებითი აშლილობის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ექსპერტიზის გაგრძელება. ამრიგად, გამოძიებითა და ექსპერტიზით გარკვეული არ არის, ა. ბ-ლი არის თუ არა შეურაცხი და იმ შემთხვევაში, თუ ის ამჟამად შეურაცხია, დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაავადდა, თუ შეურაცხმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება არის უკანონო, ფსიქიატრ ექსპერტებს გააჩნდათ საკმაო დრო _ 10 თებერვლიდან 23 აპრილამდე _ იმისათვის, რომ გაეცათ კომპეტენტური დასკვნა ა. ბ-ის იძულებითი მკურნალობის საჭიროების აუცილებლობის თაობაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლოს სავალდებულოდ მიაჩნდა ბრალდებულის შერაცხადობა-შეურაცხადობის დადგენა, მას შეეძლო დაენიშნა საქმის სასამართლო განხილვა და ექსპერტ-ფსიქიატრთა დაკითხვით დაედგინა ეს საკითხი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში თავად დაენიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. მ-მა ითხოვა თავისი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი დაუჭირეს ადვოკატებმა _ ო. ბ-ლმა და ლ. ჯ-ძემ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ა. ბ-ის მიმართ გამოძიება ნაადრევად არის მიჩნეული დამთავრებულად. გამოძიებას არ ამოუწურავს საქართველოს სსსკ-ის 178-ე და 181-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურები, არ გადაუწყვეტია ა. ბ-ის შერაცხადობისა და შეურაცხადობის საკითხი, არ დაუდგენია ფსიქიკურად ჯანმრთელმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, თუ შეურაცხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას Uჰქონდა ადგილი. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოძიების დამთავრებულად მიჩნევა და საქმის სასამართლოში გაგზავნა ბრალდებულის მიმართ იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოსაყენებლად, უკანონოა.

გამოძიებამ უნდა ამოწუროს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, გამოიკვლიოს ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება გამოძიების დამთავრების შესახებ.

პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ექსპერტთა დაკითხვით სასამართლომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა ა. ბ-ლი შეურაცხი ან თვითონვე დანიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სრულიად უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ მ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 7 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება ა. ბ-ის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.