საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.10.2004
საქმის ნომერი
2კ-305დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.10.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 305-დად 15 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაინტერესებული პირების _ მ. ჩ-ისა და ს. ბ-ის საჩივრები თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მ. ჩ-ისა და ს. ბ-ს საჩივრებთან დაკავშირებით შემოსული არაღძრული მასალების შესწავლით ირკვევა შემდეგი:

2004წ. 30 აპრილს მოქალაქე მ. ჩ-მა განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურატურას, რომელშიც იგი მიუთითებდა ნოტარიუს ს. ბ-ის მიერ 2001წ. 19 ივლისს მასსა და მ. ბ-ეს შორის დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, რომ მ. ბ-ემ თავისი ყოფილი მეუღლისა და ნოტარიუს ს. ბ-ის თანამონაწილეობით მიითვისა და შემდგომ გააჩუქა ყოფილ მეუღლეზე თაღლითური გზით მასზე მიყიდული ქ. თბილისში, --- მდებარე ბინა, რის გამოც ითხოვდა მ. ბ-ის, გ. ბ-სა და ნოტარიუს ს. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ნოტარიუსის მიმართ დამატებით _ სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

2004წ. 11 მაისს მასალები ქვემდებარეობის წესით გადაგზავნილ იქნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში, სადაც ჩატარდა წინასაგამოძიებო შემოწმება.

აღნიშნული შემოწმებისას მოპოვებული მასალების მიხედვით, 2001წ. 19 ივლისს ქ. თბილისში, --- მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსმა ს. ბ-ემ მართლაც გააფორმა ხელშეკრულება მ. ჩ-ნსა და მ. ბ-ეს შორის, ქ. თბილისში, --- მდებარე მ. ბ-ს სახელზე რიცხული ბინის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, მ. ბ-ემ 18000 ლარად მიჰყიდა ხსენებული ბინა მ. ჩ-ნს.

მ. ჩ-ის ახსნა-განმარტებით, ნოტარიუს ს. ბ-ეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების წინ დოკუმენტები _ ბინის მასზე კუთვნილების დამადასტურებელი ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან _ წარუდგინა მ. ბ-ემ. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, ბინის მესაკუთრე იყო მხოლოდ მ. ბ-ძე, ხოლო ცნობა ბინის დაყადაღების შესახებ მას ნოტარიუსისათვის არ წარუდგენია და არც ამ უკანასკნელს მოუთხოვია იგი.

ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენისას, მან სანოტარო ბიუროს ეზოში გადასცა მ. ბ-ეს ხელშეკრულებაში მითითებული თანხა და ჩაიბარა ნოტარიუსის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების დედანი, თუმცა შემდეგ დღეებში ვერ შეძლო საჯარო რეესტრში ბინის რეგისტრაცია, რადგან სწორედ აქ გახდა მისთვის ცნობილი სასამართლოს მიერ ამ ბინის დაყადაღების შესახებ. მ. ჩ-ის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო, თუ რა სახის დოკუმენტები სჭირდებოდა ასეთი ხელშეკრულების გაფორმებას, ხოლო ყადაღის შესახებ მისთვის არავის არაფერი განუმარტავს.

ნოტარიუს ს. ბ-ის ახსნა-განმარტებით, 2001წ. 19 ივლისს მან მართლაც გააფორმა მ. ჩ-ნსა და მ. ბ-ეს შორის ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. მ. ბ-საგან ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენის შემდეგ, ორივე მხარის თანდასწრებით, მოითხოვა ბინის დაყადაღების შესახებ ცნობა, რაზეც მხარეებმა უპასუხეს, რომ დიდი რიგის გამო ვერ შეძლეს ნოტარიუსთა პალატიდან აღნიშნული ცნობის აღება. მათ სთხოვეს, დაეწყო ხელშეკრულების გაფორმება და იმ დღესვე წარმოადგენდნენ ყადაღის ცნობას, რის გამოც ნოტარიუსმა თავის თანამშრომლებს შეადგენინა დოკუმენტები და გააფორმა ხელშეკრულება. შედგენილი ხელშეკრულების 4 ეგზემპლარიდან არც ერთი არ ჩაუბარებია მხარეებისათვის, რადგან მან იმ დღესვე გადაამოწმა ნოტარიუსთა პალატაში და შეიტყო, რომ ბინა დაყადაღებული იყო. მან აცნობა მხარეებს აღნიშნულზე და ხელშეკრულების ოთხივე ეგზემპლარი დაიტოვა სანოტარო ბიუროში, თვით მ. ჩ-ნს კი აუხსნა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას ძალა არ ჰქონდა და რეგისტრაციაში ვერ გაატარებდა. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ფაქტობრივად გასული იყო ხელშეკრულების სათანადო ორგანოებში რეგისტრაციის ვადები, მ. ჩ-ნმა სთხოვა მას ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი, ვითომდა ქსეროასლის გადასაღებად და 2001წ. დეკემბერში ამ მიზნით მას გაატანა ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი, დარჩენილი სამი კი, მ. ბ-ეს კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტთან და საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად, თვითონ დაიტოვა, რაც შემდეგში ნოტარიუსმა ს. ბ-ემ წარადგინა რაიონულ პროკურატურაში.

ნოტარიუსმა ს. ბ-ემ თავის ახსნა-განმარტებაში კატეგორიულად უარყო მ. ან გ. ბ-ებთან რაიმე შეთანხმება, ან ხელშეკრულების გაფორმების გზით თაღლითობის ფაქტი, რადგან მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ჩოფლიანი ბინას ყიდულობდა მ. ბ-ისაგან და სწორედ ეს ხელშეკრულება გააფორმა. შემდეგში შეიტყო, რომ ჩოფლიანისაგან მ. ბ-ეს აღებული ჰქონდა სესხი და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მათ გააფორმეს ვალის დაბრუნების გარანტად, რა დროსაც ურთიერთშეთანხმებით ის შეიყვანეს შეცდომაში. როგორც მან იცის, ხელშეკრულების გაფორმების დროს მ. ჩ-ნს გ. ბ-ისათვის არავითარი თანხა არ გადაუცია.

გ. ბ-ის ახსნა-განმარტებით, მ. ბ-სთან განქორწინების შემდეგ მასთან კავშირი აღარ ჰქონია, ხოლო ყოფილი ---ს, ახლანდელი --- და --- მდებარე ბინები მათ შეიძინეს ერთად თანაცხოვრების პერიოდში. განქორწინების შემდეგ, ვინაიდან ბინები რეგისტრირებული იყო მხოლოდ მ. ბ-ის სახელზე, სასამართლოში თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე 2001წ. ივნისიდან მათ შორის დაიწყო სამოქალაქო დავა, რის გამოც ზემოხსენებულ ბინებს დაედო ყადაღა. 2001წ. სექტემბერში ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მ. ბ-ეს უარი ეთქვა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ყოველგვარ თანასაკუთრებაზე გ. ბ-ის სასარგებლოდ.

გ. ბ-ის განმარტებით, მისთვის არც სასამართლო სხდომების დაწყებამდე და არც მათი მიმდინარეობისას არ ყოფილა ცნობილი მ. ბ-ის მხრიდან აღნიშნული ბინების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. საქმის კურსში მ. ბ-ძე მას, ცხადია, არ ჩააყენებდა, რადგან სწორედ ამ ბინაზე ედავებოდა იგი ყოფილ მეუღლეს.

ის გარემოება, რომ გ. ბ-ძე არც ერთი გარიგების დროს დასახელებულიც კი არ ყოფილა და --- მდებარე ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების დროს არ ფიგურირებდა, დადასტურებულია ნოტარიუს ს. ბ-სა და სანოტარო ბიუროს თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებით. თვით გ. ჩ-ნი თავის ეჭვს გ. ბ-ის თაღლითობაში თანამონაწილეობის შესახებ მხოლოდ იმით ხსნის, რომ გ. ბ-ძე სწორედ ამ ბინაზე ედავებოდა მ. ბ-ეს სასამართლოში.

ლ. მ-ას ახსნა-განმარტებით, მისი ქალიშვილი მ. -ძე თითქმის ორი წელია იმყოფება მოსკოვში, საიდანაც ტელეფონის საშუალებით უკავშირდება მათ. მისთვის ცნობილი არ არის თავისი შვილის ვალებისა თუ სესხის თაობაზე, რადგან იგი მის საქმეებში არ ერეოდა. იგი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის ქალიშვილსა და ყოფილ სიძეს განქორწინების შემდეგ არავითარი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ და გ. ბ-ეს მათი ბინების გასხვისებასთან დაკავშირებით არაფერი ეცოდინებოდა, ვინაიდან ის დღესდღეობით ცხოვრობს --- ¹77-ში.

მ. ბ-ის დამოწმებული ახსნა-განმარტების მიხედვით, 2001წ. 19 ივნისს მ. ჩ-სა და მას შორის ნოტარიუს ს. ბ-სთან დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მოჩვენებითი იყო, რადგან მ. ჩ-ნისაგან ადრე აღებული ჰქონდა სესხი და ამ უკანასკნელმა გარანტად ჩაადებინა ბინა. აღნიშნულზე არაფერი იცოდნენ არც ნოტარიუსმა და არც მისმა ყოფილმა მეუღლემ _ გ. ბ-ემ. მ. ჩ-ნს რაიმე პრეტენზია ამ ბინასთან დაკავშირებით არ ჰქონია, ფიზიკურად არც კი უნახავს იგი, რადგან მას ბინა კი არ ესაჭიროებოდა, არამედ სესხის დაბრუნების გარანტიას იღებდა.

გარდა ამისა, საყურადღებოა შემდეგი გარემოებებიც:

თავის ახსნა-განმარტებაში მ. ჩ-მა, მართალია, აღნიშნა, რომ გასაყიდი ბინა მოინახულა, მაგრამ ვერ შეძლო, აღეწერა შესასყიდი ბინის განლაგება, ზუსტი მდებარეობა, ვერ მიუთითა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე იყო საუბარი, განმარტა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფართი შეთანხმებულ ფასად ხელს აძლევდა.

გ. ბ-ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ --- არსებული ფართი მან შეუძინა ყოფილ მეუღლეს _ მ. ბ-ეს, ფირმა “---ის” გახსნის მიზნით, ე.ი. ხსენებულ მისამართზე ფუნქციონირებდა კერძო ფირმა და ეს არ იყო საცხოვრებელი ბინა, რაც მყიდველს, რომელსაც თუკი ბინის ყიდვა უნდოდა, როგორც წესი, უნდა დაეთვალიერებინა, როგორც შესასყიდი ქონება და, შესაბამისად, ესეც უნდა სცოდნოდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ და შემდგომში, ზემდგომმა _ თბილისის საოლქო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მ. ჩ-ის სარჩელი ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე სასარჩელო მოთხოვნის შედეგად გ. ბ-ის თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ 2001წ. 18 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ მ. ჩ-ის მხრიდან მ. ბ-ესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს სადავო ბინაზე არ წარმოშობია საკუთრების უფლება, ხოლო თუ მომჩივანი მიიჩნევს, რომ სადავო ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად მ. ბ-ძე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მას რჩება უფლება, აღძრას სარჩელი თანხის დაბრუნების შესახებ.

სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა უნდათ, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.

მ. ბ-ძე თავის ახსნა-განმარტებაში ცალსახად აღიარებს მ. ჩ-ისაგან სესხის აღების ფაქტს, აღნიშნული დასტურდება წინასაგამოძიებო შემოწმებისას გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებითაც, რის საფუძველზეც, პრეტენზიების მქონე მხარეებს თავისთავად რჩებათ სასამართლოში სამოქალაქო წესით დავის უფლება.

ამრიგად, წინასაგამოძიებო შემოწმებით მოპოვებული მასალების საფუძველზე პროკურატურამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა ს. ბ-ემ სანოტარო მოქმედების დამთავრებამდე მოსთხოვა მხარეებს, წარედგინათ ცნობა იმ ბინის დაყადაღების შესახებ, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენდა. ამ საკითხის ნოტარიუსთა პალატაში გადამოწმებით გამოირკვა, რომ აღნიშნული ბინა დაყადაღებული იყო, რის გამოც მხარეებს უარი ეთქვათ ხელშეკრულების ეგზემპლარების გადაცემაზე, ხოლო ნოტარიატის რეესტრში, რომელშიც უკვე გატარებული იყო ხსენებული ხელშეკრულება, შესაბამის გრაფაში გაკეთდა აღნიშვნა, რომ ეს სანოტარო მოქმედება ძალადაკარგული და გაუქმებული იყო, რაც დადასტურდა ასევე წინასაგამოძიებო შემოწმებისას სანოტარო დოკუმენტების დათვალიერებით.

წინასაგამოძიებო შემოწმების ჩატარებისას შესწავლილ იქნა შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგინეს როგორც მხარეებმა, ასევე ნოტარიუსმა ს. ბ-ემ. გარდა ამისა, გამოკითხულ იქნა და ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ: მომჩივან მ. ჩ-ნს, ნოტარიუს ს. ბ-ეს, სანოტარო ბიუროს მდივან მ. ნ-სა და მდივან-მემანქანე მ. გ-ას, საშუამავლო ფირმა შპს “---ის” მფლობელ ე. გ-ლს, მ. ბ-ის განქორწინებულ მეუღლეს _ გ. ბ-სა და სხვებს. გარდა ამისა, მასალებში წარმოდგენილ იქნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი საკასაციო პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა მ. ჩ-ს მოთხოვნა სადავო ბინაზე მ. და გ. ბ-ებს შორის არსებული მორიგების ბათილად ცნობის თაობაზე.

აღნიშნული მასალების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის უფროსმა თანაშემწემ ი. ყ-მა მ. ჩ-ის საჩივართან დაკავშირებით გააკეთა შემდეგი დასკვნა:

მ. ბ-ის, გ. ბ-სა და ნოტარიუს ს. ბ-ის ქმედებაში ვერ დადასტურდა წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლებისა ან მოტყუებით ქონებრივი უფლების მიღების ანუ თაღლითობის ფაქტები. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ნოტარიუსმა ს. ბ-ემ ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმა ბინის დაყადაღების შესახებ ცნობის გარეშე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2004წ. ¹-- წერილის თანამხად, 2001წ. ივლისისათვის მოქმედებდა “ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” 1998წ. 30 ივნისის ინსტრუქცია, რომლის 38-ე პუნქტი მოიცავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რითაც დასტურდება ბინაზე საკუთრების უფლება, მათ შორისაა _ სანოტარო წესით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (რაც მოცემულ შემთხვევაში ნოტარიუს ს. ბ-ს მიერ დამოწმებულ იქნა). ხსენებული ინსტრუქციის 41-ე პუნქტის შესაბამისად, ყადაღის საკითხი ნოტარიუსს აღნიშნული სანოტარო მოქმედების შესრულებამდე უნდა შეემოწმებინა, ხოლო ნოტარიუსმა ს. ბ-ემ, მართალია, იმავე დღეს გამოარკვია ბინაზე ყადაღის არსებობის ფაქტი, მაგრამ სანოტარო მოქმედება უკვე შესრულებული ჰქონდა.

ამდენად, ნოტარიუსმა ს. ბ-ემ არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის _ მ. ჩ-ის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ნოტარიუს ს. ბ-ის ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ ამ ნაწილშიც არ შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 2 წელი დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას.

ამ დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის უფროსმა თანაშემწემ ი. ყ-მა 2004წ. 9 ივნისს გამოიტანა დადგენილება მ. ბ-ის, გ. ბ-ისა და ნოტარიუს ს. ბ-ს მიმართ თაღლითობის ნიშნებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედების არარსებობის გამო, თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა. იმავე დადგენილებით ნოტარიუს ს. ბახტაძის მიმართ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე: ა) საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნიშნებით ამ მუხლში მითითებული ქმედების არარსებობის მოტივით; ბ) სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის, პირველი ნაწილით, ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტისა.

აღნიშნული დადგენილების თაობაზე დაინტერესებულმა პირებმა _ მ. ჩ-მა და ს. ბ-ემ საჩივრებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. მ. ჩ-ნი ითხოვდა დადგენილების გაუქმებას, მასალების დაბრუნებას ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურისათვის მის საჩივარში მითითებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად. ს. ბ-ძე საჩივრით ითხოვდა დადგენილების იმ ნაწილის გაუქმებასა და შესაბამისი მასალების ხსენებული პროკურატურისათვის დაბრუნებას, რომლის მიხედვით, მის მიმართ სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნიშნებით სისხლის სამართლის საქმე არ იქნა აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება არ ჩაუდენია.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა საჩივრები და, არ დააკმაყოფილა რა მომჩივანთა მოთხოვნა, 2004წ. 15 ივლისს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც უცვლელად დატოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის უფროსი თანაშემწის ი. ყ-ის მიერ მ. ბ-ის, გ. ბ-სა და ს. ბ-ის მიმართ 2004წ. 9 ივნისს გამოტანილი დადგენილება.

მ. ჩ-ნმა და ს. ბ-ემ აღნიშნული სასამართლო დადგენილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრებით ისინი ითხოვენ ამ დადგენილების გაუქმებას, ამასთან, იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მათ წარმოდგენილი ჰქონდათ იმ საჩივრებში, რომლებითაც წინათ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მიმართეს.

პალატის სხდომაზე განხილვისას დაინტერესებულმა პირმა _ მ. ჩ-მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-ამ მხარი დაუჭირეს თავიანთ საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

დაინტერესებულმა პირმა _ ს. ბ-ემ მოხსნა თავისი საჩივარი და ითხოვა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილება დარჩეს უცვლელად, ხოლო მ. ჩ-ნს უარი ეთქვას საჩივარზე.

პროცესში მონაწილე პროკურორმა მხარი არ დაუჭირა მ. ჩ-ის საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის დადგენილება დარჩეს უცვლელად, ხოლო მომჩივანს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა წინასაგამოძიებო შემოწმებისა და სასამართლო განხილვისას მოპოვებული მასალები, შეაფასა დაინტერესებული პირის _ მ. ჩ-ის საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თვით მ. ჩ-ის განცხადების გარდა არ არსებობს სხვა არავითარი სარწმუნო ფაქტი, რომელიც შეიძლებოდა საფუძველი გამხდარიყო ვარაუდისათვის, რომ მ. და გ. ბ-ებსა და ნოტარიუს ს. ბ-ეს შორის ნამდვილად არსებობდა დანაშაულებრივი შეთანხმება მ. ჩ-ის წინააღმდეგ, რათა ამ უკანასკნელისაგან თანხა გამოეტყუებინათ. განსახილველ ფაქტთან დაკავშირებული პირების ახსნა-განმარტებებით ან სხვა რაიმე დოკუმენტური მასალით ასეთი რამ ვერ დასტურდება. ამიტომ ვაკე-საბურთალოს რაონული პროკურატურისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილებებს ამ ნაწილში პალატა დასაბუთებულად თვლის.

აღნიშნული დადგენილებები საკმარისადაა დასაბუთებული აგრეთვე იმ ნაწილშიც, რომლითაც ნოტარიუს ს. ბ-ის მიმართ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით, რადგან არ მოიპოვება რაიმე ისეთი დამაჯერებელი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ იმ სანოტარო მოქმედების შესრულებისას, რომლითაც გარკვეული ზიანი მიადგა მ. ჩ-ის კანონიერ ინტერესებს, ს. ბ-ძე მოქმედებდა წინასწარგანზრახულად, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიზნით.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პროკურატურამ ს. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან წინასაგამოიძებო შემოწმებისას მოპოვებული მასალა საამისო საფუძველს ნამდვილად იძლევა, თუმცა საქმე მის მიმართ ვერ აღიძვრება აღნიშნული მუხლითაც, რადგან პროკურატურის მიერ ხსენებული დადგენილების გამოტანისას უკვე გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის კანონით გათვალისწინებული ვადა, ხოლო დაინტერესებულმა პირმა ს. ბ-ემ, მოხსნა რა თავისი საკასაციო საჩივარი, ამით თანხმობა გამოხატა პროკურატურისა და რაიონული სასამრათლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა მიმართ.

ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის აღნიშნული საფუძველი არ არის მარეაბილიტირებელი და ადასტურებს ს. ბ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, იგი უფლებას აძლევს დაინტერესებულ პირს _ მ. ჩ-ნს, მიმართოს სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოითხოვოს ს. ბ-საგან მისი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მისთვის მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურება.

პალატას მიაჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ წინასაგამოძიებო შემოწმებისას ამოწურა ყველა შესაძლებლობა დამატებითი მასალის მოსაპოვებლად, რომელიც, არაპირდაპირ მაინც, სარწმუნოს გახდიდა დანაშაულის შესაძლო არსებობის ფაქტს, გარდა ს. ბ-ის მიმართ შერაცხული ქმედებისა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამდენად, კანონიერი და საფუძვლიანია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილებაც, რომელშიც სამართლებრივად სწორი შეფასება მიეცა პროკურატურის მიერ გამოტანილ დადგენილებას და რომელმაც ეს უკანასკნელი უცვლელად დატოვა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა მ. ბ-ს, გ. ბ-სა და ს. ბ-ის მიმართ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში 2004წ. 9 ივნისს გამოტანილი დადგენილება, არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით, 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 243-ე მუხლითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაინტერესებული პირის _ მ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის დადგენილება ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მიერ 2004წ. 9 ივნისს მ. ბ-ის, გ. ბ-ისა და ს. ბ-ის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.