განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 119-კოლ 3 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა პროკურორ ა. ს-ის, დაზარალებულ ი. ძ-ს, ადვოკატების _ ა. ფ-ის, ლ. მ-სა და ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 აგვისტოს განაჩენსა და განჩინებაზე ბ. ს-ის, ც. ს-ის, ნ. ბ-ისა და მ. მ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 აგვისტოს განაჩენით მიესაჯათ: ბ. ს-ლს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 151-ე მუხლით _ ტუსაღობა 3 თვით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბ. ს-ლს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რასაც დაემატა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1995წ. 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 4 წელი და საბოლოოდ შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
ც. ს-ლს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 151-ე მუხლით _ ტუსაღობა 3 თვით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით ც. ს-ლს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
ნ. ბ-ლს ტუსაღობა 3 თვით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ნ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ნ. ბ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 14 ნოემბრიდან, ც. ს-ლს _ 2003წ. 7 მარტიდან, ნ. ს-ლს _ 2004წ. 28 თებერვლიდან. მასვე სასჯელში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო _ 2002წ. 14 ნოემბრიდან 2003წ. 12 თებერვლამდე. მ. მ-ნს 2003წ. 16 ივლისიდან აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა.
ნ. ს-ლს, ც. ს-ლს, ნ. ბ-ლს განაჩენით მსაჯვრი დაედოთ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის, მუქარისა და საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის, რაც განაჩენის მიხედვით ჩაიდინეს შემდეგ გარემოებებში:
ბ. ს-მა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრებისაგან შეიტყო, რომ ვინმე ზ. ნ-ეს შეეძლო გარკვეულ საფასურად მისი სასჯელისაგან ვადამდე, პირობით განთავისუფლება. ბ. ს-ლი 1999წ. დეკემბერში დაუკავშირდა მეუღლეს _ ც. ს-ლს და სიდედრს _ ნ. გ-ას, რომლებსაც სთხოვა, შეხვედროდნენ ზ. ნ-ეს და გაერკვიათ ხსენებული საკითხის გადაწყვეტის პირობები.
ც. ს-ლი შეხვდა ზ. ნ-ეს და სთხოვა დახმარება. ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ ამ საქმისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შესადგენად და ბ. ს-ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობის მოსაპოვებლად საჭირო იქნებოდა 3000 აშშ დოლარი და, თუკი ამ რაოდენობის თანხა არ ჰქონდათ, შეეძლოთ თავდაპირველად მიეცათ შესაძლებლობის მიხედვით. მართლაც ც. ს-მა ზ. ნ-ეს პირველი შეხვედრის დროს მისცა 300, შემდეგ კი _ 350 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ ზ. ნ-ძე აღარ ხვდებოდა ც. ს-ლს.
ც. საბაშვილმა ეჭვი შეიტანა ზ. ნ-ის საქმიანობაში და მოითხოვა 650 აშშ დოლარის დაბრუნება. ზ. ნ-ძე შეჰპირდა ც. ს-ლს ფულის დაბრუნებას, მაგრამ პირობა არ შეასრულა. აღნიშნულზე განაწყენებულმა, უკვე სასჯელისაგან განთავისუფლებულმა ბ. ს-მა, ც. ს-მა და მათმა ბიძაშვილმა ნ. ბ-მა გადაწყვიტეს სახლში მისულიყვნენ ზ. ნ-სთან და აეძულებინათ იგი, ფული დაებრუნებინა. ამ მიზნით 2002წ. 13 ნოემბერს ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, --- მე-12 ბინაში, სადაც დახვდნენ ზ. ნ-ის არასრულწლოვანი ბავშვები. ოჯახის დიასახლისის _ მ. ნ-ის გამოჩენის შემდეგ სამივე ლანძღვა-გინებითა და მუქარით, რომ მოიტაცებდნენ ბავშვებს და მოკლავდნენ, ითხოვდნენ ფულის გადახდას. ამის გამო მ. ნ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბ. ს-სა და მისი თანმხლები პირების მიერ ჩადენილი მუქარის შესახებ ცნობილი გახდა ქ. თბილისის ისან-სამგორის შს სამმართველოს ვაზისუბნის ¹-- ქვეგანყოფილებისათვის. შემთხვევის ადგილზე გასულმა პოლიციის ორმა ოპერატიულმა ჯგუფმა დ. მ-ის, დ. ბ-ის, ვ. თ-ას, შ. ჟ-ის, მ. მ-სა და ზ. ს-ის შემადგენლობით შესთავაზეს მსჯავრდებულებს, გაჰყოლოდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც აგრეთვე წაიყვანდნენ მათ მოდავე მხარეს და იქ გაარკვევდნენ სიტუაციას. ბ. ს-მა, ც. ს-ლმა და ნ. ბ-მა თანხმობა განაცხადეს, მაგრამ მოითხოვეს, რომ თავიანთი ავტომანქანით წასულიყვნენ პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის მუშაკები აღნიშნულზე დათანხმდნენ. ბ. ს-ის ავტომანქანა “ოპელში" ეს პირები განლაგდნენ შემდეგნაირად: საჭესთან დაჯდა ბ. ს-ლი, მის გვერდით _ ც. ს-ლი, უკანა სალონის მარცხენა კართან _ პოლიციის ლეიტენანტი დ. ძ-ძე, ხოლო მარჯვენა კართან _ პოლიციის მუშაკი დ. ბ-ლი, შუაში მოთავსდა ნ. ბ-ლი.
ავტომანქანით მსვლელობისას მსჯავრდებულებმა პოლიციელებს მოსთხოვეს საქმის გასარკვევად პოლიციის რაიონული განყოფილების ნაცვლად ქალაქის პოლიციის სამმართველოში წასვლა. აღნიშნულზე მიიღეს რა უარი, საჭესთან მჯდომმა ბ. ს-მა მუქარის სიტყვებით: “ახლა განახებთ, სად წაგიყვანთო", _ მოუმატა სიჩქარეს და დიდი სისწრაფით წავიდა კახეთის გზატკეცილით მეტროსადგურ “---" მიმართულებით. პოლიციის მუშაკებმა კატეგორიულად მოსთხოვეს ბ. ს-ლს ავტომანქანის გაჩერება, მაგრამ უშედეგოდ. ბ. ს-მა, ც. ს-მა და ნ. ბ-მა განიზრახეს, პოლიციის მუშაკებისათვის გაეწიათ წინააღმდეგობა. ამ მიზნით საჭესთან მჯდომმა ბ. ს-მა მარჯვენა ხელით აიღო თანნაქონი ხელჯოხი, რითაც პოლიციის მუშაკებს თავისა და ტანის არეში დაუწყო ცემა. ც. ს-ლი თმებში სწვდა დ. ბზიშვილს და შეეცადა მის დამორჩილებას, ხოლო ნ. ბ-ლი მთელი ძალით სცემდა მარცხენა კართან მჯდომ დ. ძ-ეს, რომელსაც ბ. ს-იც ურტყამდა ხელჯოხს თავისა და ტანის არეში. ნ. ბ-ლი მიუბრუნდა პოლიციის მუშაკს _ დ. ბ-ლს და მასაც დაუწყო ცემა. დ. ბ-ლი მიხვდა რა, რომ ბოროტმოქმედები არ გააჩერებდნენ ავტომანქანას, მოახერხა ც. ს-ის მხრიდან გაწეული ძალადობიდან თავის დაღწევა, რა დროსაც ბ. ს-ზე ზემოქმედების მიზნით მას თავში მუშტი ჩაარტყა, ამ უკანასკნელმა ინსტიქტურად დაამუხრუჭა ავტომანქანა, ამ მომენტში ნ. ბ-ლი ისევ აგრძელებდა დ. ბ-ის ცემას.
ბ. ს-მა და ც. ს-მა სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში ჩასასვლელად 2003წ. 16 თებერვალს უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც გამოიყენეს ბ. ღ-სა და ხ. შ-ას სახელზე გაცემული პასპორტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 აგვისტოს განჩინებით სისხლის სამართლის საქმე ბ. საბაშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 109-ე მუხლის “ა", “გ", “ვ", “თ", “ი", “ლ", “ო" ქვეპუნქტებით, მე-19-109-ე მუხლის “გ", “თ" ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ", “გ", “დ", “ე" ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 336-ე მუხლის პირველი ნაწილით, ც. საბაშვილის მიმართ, სსკ-ის 109-ე მუხლის “ა", “გ", “თ" ქვეპუნქტებით, მე-19-109-ე მუხლის “გ", “თ" ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “გ", “დ" ქვეპუნქტებით, ნ. ბ-ის მიმართ _ სსკ-ის 109-ე მუხლის “ა", “გ", “თ" ქვეპუნქტებით, მე-19-109-ე მუხლის “გ", “თ" ქვეპუნქტებით, მ. მნაცაკანიანის მიმართ _ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “გ", “დ" ქვეპუნქტებით, 375-ე მუხლით დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მათ ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინეს შემდეგ გარემოებებში:
ბ. ს-მა, ც. ს-მა და ნ. ბ-მა, რომლებიც პოლიციის მუშაკებს _ დ. ბ-სა და დ. ძ-ეს მიყავდათ პოლიციის განყოფილებაში, განიზრახეს მათი განზრახ მკვლელობა ავტომანქანიდან გადაგდების გზით. განზრახვის შესასრულებლად საჭესთან მჯდომმა ბ. ს-მა აიღო თანნაქონი ხელჯოხი, რითაც პოლიციის მუშაკებს თავისა და ტანის არეში დაუწყო ცემა. ც. ს-ლი დ. ბ-ლს თმებში სწვდა და ცდილობდა მის დამორჩილებას, ხოლო ნ. ბ-ლი მთელი ძალით სცემდა მარცხენა კართან მჯდომ დ. ძ-ეს, რომელსაც ბ. ს-იც ურტყამდა ხელჯოხს. ნ. ბ-ლმა მოახერხა ცემის შედეგად გონდაკარგული დ. ძ-ის წინააღმდეგობის დაძლევა, გააღო ავტომანქანის მარცხენა კარი და სწრაფად მიმავალი მანქანიდან იგი ქუჩაში გადააგდო. აღნიშნულის შემდეგ ნ. ბ-ლი მიუბრუნდა დ. ბ-ლს და მასაც დაუწყო ცემა. დ. ბ-მა მოახერხა ც. ს-ის მხრიდან გაწეული ძალადობიდან თავის დაღწევა და ბ. ს-ლს თავში მუშტი ჩაარტყა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ინსტიქტურად დაამუხრუჭა ავტომანქანა. ამ მომენტში ნ. ბ-ლი აგრძელებდა მის ცემას. მას შემდეგ, რაც ც. ს-მა ავტომანქანის მარჯვენა კარი გააღო, ნ. ბ-მა უკვე სვლაშენელებული ავტომანქანიდან გადააგდო პოლიციის მუშაკი დ. ბ-ლი.
ბ. ს-მა, ც. ს-მა და ნ. ბ-მა დ. ძ-ეს ავტომანქანის სალონში განხორციელებული ძალადობითა და ავტომანქანიდან გადაგდებით მიაყენეს სიცოცხლისათვის საშიში, მძიმე კატეგორიის დაზიანებანი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. რაც შეეხება პოლიციის ლეიტენანტ დ. ბ-ლს, მის მიმართ მსჯავრდებულებმა განზრახვა ბოლომდე ვერ მოიყვანეს სისრულეში მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვინაიდან ეს უკანასკნელი სიკვდილს გადარჩა.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ. ს-მა და ც. ს-მა მიმალვაში მყოფ მ. ბ-თან და მ. მ-თან ერთად ქ. ერევანში ჩაიდინეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ლ. ლ-ზე ყაჩაღური თავდასხმა და განზრახ მკვლელობა შემდეგ გარემოებებში:
ლ. ლ-ვა 2003წ. 5 თებერვლიდან ცხოვრობდა ქ. ერევანში, --- ¹29 ბინაში ორ მცირეწლოვან შვილსა და თბილისში მცხოვრებ მ. მ-თან ერთად. ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ ლ. ლ-ას გააჩნდა 50 ათასი აშშ დოლარი. ამ თანხის თაობაზე მ. მ-მა 2003წ. 15 თებერვალს ც. და ბ. ს-ებს აცნობა. ეს უკანასკნელი დაინტერესდა ამ ინფორმაციით და განიზრახა ც. ს-თან ერთად ლ. ლ-ას კუთვნილი ფულის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. ამ დანაშაულთა განხორციელებაში მათ ჩართეს მ. მ-ნი და საგარეჯოს მკვიდრი, ბ. ს-ის ახლო მეგობარი _ მ. ბ-ლი. მ. მ-ნს ც. ს-ლი და ბ. ს-ლი შეჰპირდნენ, რომ გატაცებული თანხიდან წილად მისცემდნენ 15000 აშშ დოლარს.
2003წ. 16 თებერვალს, ქ. ერევანში ჩასვლისას, დაახლოებით 10 საათზე, ისინი მიადგნენ ლ. ლ-ას საცხოვრებელ სახლს. მეთვალყურეობის მიზნით ეზოში დარჩა ც. ს-ლი, ხოლო ლ. ლ-ას ბინაში შევიდნენ მ. მ-ნი, ბ. ს-ლი და მ. ბ-ლი. მ. მ-მა ა. ლ-ას ბ. ს-ლი გააცნო თავის ბიძად, მ. ბ-ლი კი _ ახლო ნათესავად. ბ. ს-ლი და მ. ბ-ლი ლ. ლ-სთან ერთად შევიდნენ სამზარეულოში და ყურადღების გაფანტვის მიზნით დაუწყეს საუბარი, მანამდე კი მ. მ-ნს დაავალეს, შესულიყო საძინებელ ოთახში და მოეძებნა ფული. მ. მ-მა ვერ შეძლო ლ. ლ-ას კუთვნილი ფულის მოძებნა და ბ. ს-ლს შესთავაზა, დაენებებინათ თავი ყველაფრისათვის და წასულიყვნენ. აღნიშნულზე ბ. ს-მა უკვე მუქარის ტონით მოსთხოვა მ. მ-ნს კარგად მოეძებნა ფული.
ვინაიდან მ. მ-ნი ფულს ვერ პოულობდა, ბ. ს-მა და მ. ბ-მა გადაწყვიტეს, ფიზიკური ძალის გამოყენებით აეძულებინათ ლ. ლ-ვაEეთქვა, სად ჰქონდა ფული შენახული. ამ მიზნით ლ. ლ-ას სახის არეში ბ. ს-მა გაარტყა ხელი, მ. ბ-მა ხელების გადაგრეხვით იგი გაიყვანა სასტუმრო ოთახში, სადაც დასვეს სკამზე და ნახევრად გონებამიხდილს ე.წ. “სკოჩით" შეუკრეს პირი და ხელ-ფეხი. მ. ბ-ლი და ბ. ს-ლი გამეტებით სცემდენენ ლ. ლ-ას, რის გამოც მან გონება დაკარგა და გონს მოსვლის შემდეგ მოძალადეებს მიუთითა ადგილზე, სადაც ფული ჰქონდა შენახული. ბ. ს-ი და მ. ბ-ლი დაეუფლნენ რა ლ. ლ-ას კუთვნილ 50 ათას აშშ დოლარს, ყაჩაღობის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტეს მისი მოკვლა. ლ. ლ-ას განზრახ მოკვლის შესახებ ც. ს-სა და მ. მ-ნს ბ. ს-თან და მ. ბ-თან წინასწარი შეთანხმება არ ჰქონიათ.
ლ. ლ-ას განზრახ მოკვლის მიზნით, ბ. ს-მა აიღო რკინის წვეტიანი ხელკეტი და რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ლ. ლ-ას, რითაც მას მიაყენა სასიკვდილო დაზიანება. ბოროტმოქმედებმა ამგვარად განახორციელეს ლ. ლ-ას განზრახ მკვლელობა მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ.
ბ. ს-მა და მ. ბ-მა ხერხით დაანაწევრეს ლ. ლ-ას გვამი. ტანს მოახერხეს თავის ქალა და ქვედა კიდურები, რაც ჩააწყვეს ტომრებში და მოათავსეს ორ ხელჩანთაში, ქუჩაში სამეთვალყურეოდ დარჩენილი ც. ს-ლი ავიდა ბინაში და, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მ. მ-თან ერთად მოწმინდა სახლში არსებული სისხლის კვალი, მათვე ცელოფნის პარკში ჩააწყვეს ლ. ლ-ას კუთვნილი ტანსაცმელი შემდეგში გასანადგურებლად.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ. ს-მა, მ. ბ-მა და ც. ს-მა მ. მ-ნს გატაცებული თანხიდან მისცეს შეპირებული 15 ათასი აშშ დოლარი და დაავალეს, წყალში გადაეყარა ლ. ლ-ას გვამის ნაწილები და ტანსაცმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ შვილის მკვლელობით. მ. მ-მა შეასრულა დავალება და ლ. ლ-ს გვამის ნაწილები სხვა პირებთან ერთად გადაყარა მდინარეში, ტანსაცმელი კი დაწვა, რითაც დაფარა წინასწარ შეუპირებელი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
სასამართლო კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმე ბრალდების ამ ეპიზოდებში დამატებითი გამოძიებისათვის დააბრუნა შემდეგი მოტივებით:
1. წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, წინასწარმა გამოძიებამ კრიტიკულად არ შეაფასა მოპოვებული ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, არ გადაამოწმა ბრალდებულთა ყველა ვერსია, საბრალდებო დასკვნა ბრალდების ამ ეპიზოდებში დაამყარა ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებზე;
2. დაზარალებული დ. ბ-ლი არის ავტომანქანაში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი და, მისი ჩვენებებიდან გამომდინარე, უნდა გაირკვეს: თუ დ. ბ-ლს სცემდა ნ. ბ-ლი, ამ უკანასკნელმა როგორ გადააგდო დ. ძ-ე ავტომანქანიდან, რასაც წინასწარი გამოძიება იზიარებს;
3. დამატებითი გამოძიების დროს უნდა შესრულდეს პროკურორ ხ. კ-ის წერილობითი მითითება ნ. მ-ის ავტომანქანის ბენზინგასამართი სადგურის ბორდიურზე მიჯახების შესახებ;
4. სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომანქანიდან დ. ძ-სა და დ. ბ-ის გადაგდებას შორის ინტერვალი შეადგენდა 15 წამს. უნდა დადგინდეს, დროის ამ მონაკვეთში შეიძლებოდა თუ არა დ. ბ-ის გადაგდება ავტომანქანიდან, როცა ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას უწევდა განსასჯელებს;
5. შემთხვევის მომენტში პოლიციელები _ დ. ბ-ლი და დ. ძ-ძე შეიარაღებულნი იყვნენ ე. წ. “დუბინკით" და პისტოლეტით. უნდა გაირკვეს, რატომ ვერ გამოიყენეს მათ ეს იარაღები, თუკი განსასჯელები მათ სასიკვდილოდ იმეტებდნენ;
6. საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა გაირკვეს, დაზარალებულების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბ. ს-ლი, რომელიც მარცხენა ხელით მართავდა ავტომანქანას, მარჯვენა ხელით 1მ და 10 სმ სიგრძის ხელჯოხით შეძლებდა თუ არა ავტომანქანის სალონში დ. ძ-სათვის შუბლისა და თხემის არეში დაზიანების მიყენებას.
7. ც. ს-ლს ისე აქვს ბრალად შერაცხული დ. ძ-ის განზრახ მკვლელობა, ხოლო ბ. ს-ლს _ დ. ბ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რომ საბრალდებო დასკვნაში მითითებული არ არის, მოქმედებდნენ თუ არა ისინი ერთიანი განზრახვით, ან კონკრეტულად რა როლი შეასრულა თითოეულმა ამ ქმედების ჩადენისას. უნდა გაირკვეს, განსასჯელებმა გადმოაგდეს დაზარალებულები ავტომანქანიდან, თუ ისინი თვითონ გადახტნენ. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა იმსჯელოს ბრალის ფორმაზე.
8. დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს, თუ რატომ მოხდა ნივთმტკიცების _ დ. ძ-ს ქურთუკის შეცვლა. დამატებითი ექსპერტიზით უნდა გაირკვეს, რით არის გამოწვეული გარდაცვლილის მაისურზე, სვიტერსა და ჯემპრზე არსებული დაზიანებები;
9. შს სამინისტროს 2003წ. 23 თებერვალს უკვე ჰქონდა ინფორმაცია ბ. ს-ის მიმართ მ. ლ-ას მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, 28 თებერვალს მოხდა მისი ბინის ჩხრეკა და ბ. ს-ის დაკავება. დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს, ხომ არ შექმნილა ბ. ს-ის მიმართ ბრალდება ხელოვნურად ხელყუმბარისა და ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის ნაწილში;
10. წინასწარმა გამოძიებამ არ შეაფასა და არ იმსჯელა მოწმე ო. რ-ას ჩვენებაში მოყვანილ ფაქტებზე, რომელიც ეწინააღმდეგება განსასჯელ მ. მ-ის ჩვენებებს. დამატებითი გამოძიებისას უნდა დაიკითხოს ო. რ-ვა, უნდა დადგინდეს მასთან მყოფი ვინმე ანიასა და ალესიას ვინაობა, ჩატარდეს მათი დაპირისპირებები მ. მ-თან;
11. უნდა დადგინდეს გარდაცვლილ ლ. ლ-ას უფლებამონაცვლე, გაიარკვეს, რა ბედი ეწია მის ქონებას, რაიმე კავშირში ხომ არ არის მის მკვლელებთან;
12. ლ. ლ-ას გვამიდან ამოღებული 60-თვლიანი ბეჭედი და 20 _ თვლიანი საყურეები არ შეესაბამება ნივთმტკიცებად ცნობილ ბეჭედსა და საყურეებს, რაც უნდა გაირკვეს დამატებითი გამოძიების შედეგად;
13. მ. მ-ის მამიდის _ მ. ო-სა და ამ უკანასკნელის მეუღლის _ ა. ო-ის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 143I-ე მუხლით. დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს, ხომ არა აქვს რაიმე კავშირი მათ ო. რ-სა და იმ ორ გოგოსთან, რომლებიც შემთხვევის მომენტში ლ. ლ-ას ბინაში იმყოფებოდნენ, დადებით შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ საქმეთა გაერთიანება და ა. შ.
კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი ა. ს-ლი ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და ყველა იმ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმის ხელმეორედ განხილვას, რომელშიც სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიებისათვის. პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების ამ ეპიზოდებში წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულად და ყოველმხრივ. იგი თვლის, რომ განჩინებაში მითითებული საკითხების შემოწმება და სამართლებრივი შეფასება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს. მისი აზრით, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ბრალდების ამ ეპიზოდებში დაედგინა განაჩენი.
საკასაციო საჩივრით დაზარალებული ი. ძ-ძე ითხოვს სასამართლო კოლეგიის განაჩენისა და განჩინების გაუქმებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ სასამართლომ მისი ძმის _ დ. ძ-ის მკვლელობის ეპიზოდში ობიექტურად არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ დააბრუნა საქმე დამატებითი გამოძიებისათვის.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულების _ ბ. და ც. ს-ების, ნ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები: ი. ჩ-ძე, ა. ფ-ძე და ლ. მ-ნი ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყევეტას შემდეგი მოტივებით:
1. საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ განაჩენით შერაცხული დანაშაულის ჩადენას;
2. განაჩენის სამოტივაციო ნაწილი დადგენილად მიიჩნევს მსჯავრდებულების მიერ პოლიციელებზე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევას, სარეზოლუციო ნაწილში კი მიუთითებს, რომ მათ ჩაიდინეს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;
3. ბ. ს-ლი პატიმრობაში იმყოფება 2003წ. 28 თებერვლიდან, განაჩენით კი სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 28 თებერვლიდან;
4. განაჩენი პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევისა და ნ. ნ-ის მუქარის ბრალდების ეპიზოდებში ემყარება დაინტერესებული პირების _ დ. ბ-ის, ზ. ნ-ისა და მ. ნ-ის ჩვენებებს. ადვოკატებს გაუგებრად მიაჩნიათ მათი ჩვენებების მტკიცებულებად გამოყენება იმ პირობებში, როცა ზ. ნ-ს მიმართ თაღლითობის ბრალდებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დ. ბ-ის ჩვენებები კი მკვლელობის ბრალდების ეპიზოდში სასამართლო კოლეგიის მიერ მიჩნეულია საეჭვოდ და ამ ეპიზოდში საქმე დაბრუნებულია დამატებითი გამოძიებისათვის.
საჩივრის ავტორები თვლიან, რომ გამომძიებელმა ა. მ-ემ წინასწარი გამოძიება ჩაატარა პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სამსახურებრივი სიყალბით, რის გამოც ითხოვენ, აღნიშნულის შესახებ ეცნობოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რათა მის მიმართ აღიძრას სისხლისსამართლებრივი დევნა.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ს-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება _ სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმება და ბრალდების იმ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმის სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობის მიერ ხელახალი განხილვა, რომელშიც სისხლის სამართლის საქმე დაბრუნებულია დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
დაზარალებულმა ი. ძ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ა-მა მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება _ სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმება და დ. ძ-ის განზრახ მკვლელობის ეპიზოდში საქმის სასამართლო კოლეგიის მიერ ხელახალი განხილვა.
ადვოკატებმა: ი. ჩ-ემ, ა. ფ-ემ და ლ. მ-მა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება _ განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა. მსჯავრდებულები _ ბ. ს-ლი, ც. ს-ლი და ნ. ბ-ლი დაეთანხმნენ თავიანთი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 აგვისტოს განაჩენი და განჩინება ბ. და ც. ს-ების, ნ. ბ-ისა და მ. მ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გაუქმდეს, ხოლო მათი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე კოლეგიის სხვა შემადგენლობას შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 501-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 426-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიებისათვის შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებული გამოძიება არასრულია და არ შეიძლება შეივსოს სასამართლო სხდომაზე. პალატა ეთანხმება პროკურორ ა. ს-ისა და დაზარალებულ ი. ძ-ის საკასაციო საჩივრებს და თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინებაში მითითებული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს და მათი შემოწმება და სამართლებრივი შეფასება სავსებით შესაძლებელია სრულყოფილი სასამართლო გამოძიების საფუძველზე, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების გარეშე. სასამართლო კოლეგია შეზღუდული არ არის, ჩაატაროს ექსპერიმენტი და გაარკვიოს, შეძლებდა თუ არა განსასჯელი ბ. ს-ლი ხელჯოხით ავტომანქანის სალონში დ. ძ-ისათვის დაზიანების მიყენებას; რატომ არ გამოიყენეს პოლიციელებმა _ დ. ძ-ემ და დ. ბ-მა სამსახურებრივი იარაღები მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს; რამდენად საფუძვლიანია განსასჯელთა ჩვენებები დაზარალებულების ავტომანქანიდან გადახტომის შესახებ; ხელოვნურად ხომ არ არის შექმნილი ბრალდება ბ. ს-ის მიმართ ნარკოტიკული და ფეთქებადი საშუალების აღმოჩენის შესახებ; აღნიშნული გარემოებები საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი არ არის და იგი სასამართლო გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. პალატა თვლის, რომ სასამართლო განჩინებაში მითითებული სხვა საკითხების შემოწმება, რომლებიც ეხება მოწმე ო. რ-ას დაკითხვას, მის და განსასჯელ მ. მ-ის ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობათა აღმოფხვრას და ა. შ. არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს და მათი შემოწება და სამართლებრივი შეფასება სავსებით შესაძლებელია მტკიცებულებათა სრულყოფილი სასამართლო გამოძიების შედეგად.
პალატა უსაფუძვლობის გამო არ ეთანხმება ადვოკატების _ ი. ჩ-ს, ლ. მ-სა და ი. ფ-ის საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულთა მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
ამასთან ერთად, პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მსჯავრდებულების _ ბ. ს-ის, ც. ს-ისა და ნ. ბ-ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს _ პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევის, ნ. ნ-ის მიმართ განხორციელებული მუქარის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდების ეპიზოდებში ხელახალ სასამართლო გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებას საჭიროებენ. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ, სხვა ბრალდებებთან ერთობლიობაში, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი განსასჯელთა როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი მტკიცებულებები და მისცეს მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივარს იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიამ განაჩენის სამოტივაციო ნაწილში არასწორად მიუთითა მსჯავრდებულების მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად პოლიციელებზე წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, მაშინ, როდესაც სარეზოლუციო ნაწილით დადგენილად მიიჩნია მათ მიერ სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მართებულია საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ ბ. ს-ლს განაჩენით არასწორად აქვს განსაზღვრული სასჯელის მოხდა 2004წ. 28 თებერვლიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1995წ. 26 დეკემბრის განაჩენით ბ. ს-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 16 აპრილს იგი 4 წლით, 5 თვითა და 16 დღით ადრე გაათავისუფლა სასჯელის მოხდისაგან მძიმე ავადმყოფობის გამო. საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს გამოჯანმრთელების შემთხვევაში შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ არის გასული ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. სასამართლო კოლეგიამ, სსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ გაარკვია, გამოჯანმრთელდა თუ არა ბ. ს-ლი და ისე დაუნიშნა მას სასჯელი.
პალატა თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლო კოლეგიამ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად, ყოველმხრივ და ობიქტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდების თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით, ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაარკვიოს განსასჯელთა როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები. სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო კოლეგიამ საქმეზე უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი არსებითი ხასიათის შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ", “ე” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ა. ს-სა და დაზარალებულ ი. ძ-ის კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
ადვოკატების _ ი. ჩ-ის, ა. ფ-სა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 აგვისტოს განაჩენი და განჩინება ბ. ს-ის, ც. ს-ის, ნ. ბ-სა და მ. მ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაუქმდეს.
მათი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.
აღკვეთის ღონისძიება ბ. სა-ის, ც. ს-ის, ნ. ბ-ისა და მ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.