საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.01.2003
საქმის ნომერი
2კ-2-I-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.01.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 21 4 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ ე. ბ-ს, განსასჯელ ზ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მაისის განაჩენი ზ. კ-სა და ლ. მ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

წინასწარი გამოძიების მიერ ზ. კ-ს ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე და 108-ე მუხლებით, ხოლო არასრულწლოვან ლ. მ-ს – სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულობების ჩადენა, რომელიც საბრალდებო დასკვნის მიხედვით გამოიხატა შემდეგში:

2000წ. 31 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე, ზ. კ. სტუმრად იმყოფებოდა გლდანის “ა” მიკრორაიონის დასახლებაში მცხოვრებ წ-ების ოჯახში, სადაც ასევე მისულები იყვნენ არასრულწლოვანი დები თ. და ნ. ხ-ები. სახლში ყოფნისას თ.ხ-მა ხუმრობით თავზე ხელი მოუსვა ზ.კ-ს, ამ უკანასკნელმა საპასუხოდ მას ხელი დაარტყა. თ.ხ-ს შეკითხვაზე, რა იყო დარტყმის მიზეზი, ზ.კ-მა მას ნატკენ ფეხზე დააბიჯა ფეხი, ამასთან ერთად, დაუწყო გინება და ხელის კვრით წააქცია იატაკზე, წაქცეულს კი ჩაარტყა ფეხი. წ-ებმა სიტუაცია განმუხტეს და ისინი გაიყვანეს ცალ-ცალკე ოთახებში. სახლიდან გასვლისას ზ.კ-მა კვლავ ამოარტყა ფეხი დაზარალებულს და განაგრძო მისი შეურაცხყოფა. თ.ხ-ს ეზოში ჩასვლის დროს შეხვდა მეზობელი დ. ჩ., რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. დ.ჩ-მა ჰკითხა ზ. კ-ს, თუ რატომ სცემა თ.ხ-ს. პასუხად ზ.კ-მა დ.ჩ-ს აგინა, გაარტყა ხელი და აიღო ქვა მისთვის დასარტყმელად. ეზოში ჩასულმა დებმა წ-ებმა მას ქვა გადააგდებინეს, თუმცა ზ.კ. განაგრძობდა ხულიგნობას და უცენზურო სიტყვებით გინებას.

იმავე დღეს ზ.კ. თავის მეგობრებთან – ლ.მ-სთან, ზ.ყ-სთან, ძმებ თ. და ზ. ვ-ებთან ერთად გლდანის “ა” მიკრორაიონის 58-ე კორპუსთან მდებარე ბაღში, საქმის გარჩევის მიზნით, შეხვდა დ.ჩ-ს და ამ უკანასკნელის ამხანაგებს: კ.ჯ-ს, გ.დ-ს, რ.გევონდიანს და კ.ბ-ს.

თ.ხ-ს ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქმის გარჩევისას მათ შორის მოხდა შეკამათება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ზ.კ-მა და ლ.მ-მ დანებით გულმკერდისა და წელის არეში კ. ჯ-ს მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. აღნიშნული ჩხუბის დროს გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა მჩხვლეტავი, მჭრელი საგნების მოქმედებით გ. დ-ს და დ.ჩ-ს მიაყენეს ასევე სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ჩ. გარდაიცვალა.

წინასწარი გამოძიების დროს ზ.კ-ს და ლ.მ-ს აღკვეთ ღონისძიებად შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. საბრალდებო დასკვნით საქმე გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში განსახილველად შევიდა 2001წ. 6 თებერვალს.

საქმის სასამართლოში განხილვისას სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ზ.კ-ს და ლ.მ-ს მოუხსნა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება. დაზარალებულმა ლ.ჯ-მ მისი შვილის განზრახ მკვლელობის ნაწილში გააგრძელა სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნა.

გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 20 ივლისის განჩინებით კ. ჯ-ს მკვლელობის ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმე ზ.კ-სა და ლ.მ-ს მიმართ დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას.

ამავე თარიღის განაჩენით კი ზ.კ-ს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და 129-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 15 ნოემბერს გააუქმა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივლისის განჩინება და საქმე მკვლელობის ბრალდების ეპიზოდში განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

ხსენებული სასამართლოს 2002წ. 5 მაისის განაჩენით ლ. მ. გამართლებულ იქნა სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამავე განაჩენით ზ. კ-ს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაზარალებულ ლ.ჯ-ს საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2002წ. 19 ნოემბერს გააუქმა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მაისის განაჩენი ლ.მ-სა და ზ.კ-ს მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა ქ.თბილისის პროკურატურას შემდეგი მოტივებით: წინასწარი გამოძიება საქმეზე ჩატარებულია არასრულად, სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მხილებული არ არის ყველა დამნაშავე პირი, შეფასებები არა აქვს მიცემული მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებებს, ზ. კ-სა და ლ. მ-ს მიერ ჩადენილია მკვლელობა ჯგუფურად. გამომძიებლის 2000წ. 18 ნოემბრის დადგენილება ზ.კ-სა და ლ.მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ჯგუფური მკვლელობის ნაწილში უკანონოა და უნდა გაუქმდეს და სხვა.

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ლ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ბ. ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების, როგორც დაუსაბუთებელის და უკანონოს, გაუქმებას.

განსასჯელი ზ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას მისი ხელმეორედ განხილვის მიზნით.

შესაგებელ საჩივარში დაზარალებული ლ.ჯ. ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ე.ბ-მ მოითხოვა მისი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. ზ.კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ.დ-მა მოითხოვა განსასჯელ ზ.კ-ს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

დაზარალებულმა ლ.ჯ-მ მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ.მ-მ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება, რომლითაც გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მაისის განაჩენი ზ. კ-ს და ლ. მ-ს მიმართ და საქმე დაუბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის ქ.თბილისის პროკურატურას, უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განჩინების მოსაზრებებს და თვლის, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად უნდა მოხდეს საქმის გარემოებათა გამოკვლევა, სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ზ.კ-სა და ლ.მ-ს ქმედებებს. გამოძიებამ უნდა იმსჯელოს, ხომ არ ჩაიდინეს მათ ბრალად შერაცხული დანაშაული ჯგუფურად, ან ხულიგნური ქვენაგრძნობით; უნდა შესრულდეს სააპელაციო პალატის მითითებებიც მოწმეთა დამატებითი დაკითხვების, მათი ჩვენებების სრულყოფილად შეფასების და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ობიექტური და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეული დებულებები: “ზ.კ-მა და ლ.მ-მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჯგუფურად”. “ისინი შეიარაღებულნი იყვნენ დანებით” და მითითება იმის შესახებ, რომ გაუქმდეს გამომძიებლის 2000წ. 18 ნოემბრის დადგენილება – ჯგუფურად მკვლელობის ჩადენის თაობაზე ზ.კ-სა და ლ.მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატას, რომელმაც მოცემული საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, უფლება არ ჰქონდა, დადგენილად მიეჩნია ისეთი გარემოებები, ან განესაზღვრა ბრალდებულთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია, რომელიც დამატებით შემოწმებას და შეფასებას მოითხოვს, ან გაეუქმებინა გამომძიებლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება, რომელიც არ იყო სააპელაციო წესით გასაჩივრებული. დამატებით გამოძიებას შეუძლია, იმსჯელოს ხსენებული დადგენილების კანონიერებაზეც და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაუქმების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მაისის განაჩენი ზ. კ-სა და ვ. მ-ს მიმართ და საქმე დაუბრუნდა ქ.თბილისის პროკურატურას დამატებითი გამოძიებისათვის, დარჩეს უცვლელად.