დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.02.2003
საქმის ნომერი
2კ-37დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.02.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 37-დად 25 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ადვოკატების _ მ. ჭ-სა და ნ. ჟ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ერაგიას საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო პროკურორის თანაშემწის 2002წ. 24 იანვრის დადგენილება სააქციო საზოგადოება “ელექტრომექანიკოსის” თანამდებობის პირების: რ. ჩ-ს, ე. ზ-სა და ნ. ჟ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა ქუთაისის საქალაქო პროკურორს.

კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებას და პროკურატურის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

აღწერილობითი ნაწილი:

მოქალაქე ნ. ე. მუშაობდა სააქციო საზოგადოება “ელექტრომექანიკოსის” ელექტროძრავების საამქროს მექანიკური დამუშავების უბნის უფროს ოსტატად. ადმინისტრაციის 1998წ. 25 მაისის ბრძანებით, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, შრომის შინაგანაწესის სისტემატური დარღვევის მოტვით იგი დათხოვნილ იქნა სამუშაოდან.

ქ. ქუთაისის სასამართლოს 1999წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ე-ს სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროისათვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ. ეს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 29 აპრილის განჩინებით. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა ნ. ე-ს საჩივარი ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

2001წ. 30 ნოემბერს ნ. ე-მ საჩივრით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ითხოვა სააქციო საზოგადოება “ელექტრომექანიკოსის” თანამდებობის პირების რ. ჩ-ს, ნ. ჟ-სა და ე. ზ-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სამუშაოდან მისი უკანონოდ დათხოვნის გამო. აღნიშნული საჩივარი შესამოწმებლად და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა ქუთაისის საქალაქო პროკურატურას.

2002წ. 24 იანვარს ქუთაისის საქალაქო პროკურორის თანაშემწემ გამოიტანა დადგენილება რ. ჩ-ს, ე. ზ-სა და ნ. ჟ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით.

პროკურატურის აღნიშნული დადგენილება ნ. ე-მ 2002წ. 30 იანვარს გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ამ საჩივრის არსებითად განხილვამდე, 2002წ. 1 აგვისტოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით, დაკმაყოფილდა ნ. ერაგიას სარჩელი სააქციო საზოგადოება “ელექტრომექანიკოსში” მისი სამუშაოდ აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

2002წ. 12 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შ. ხ-მ განიხილა რა ნ. ე-ს საჩივარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ქუთაისის პროკურატურის დადგენილების გაუქმების თაობაზე, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, გააუქმა გამომძიებლის დადგენილება და მასალები გადასცა პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად. ასეთ გადაწყვეტილებას მოსამართლე შ. ხაჭაპურიძემ, ძირითადად, საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სასამართლომ ნ. ე აღადგინა წინანდელ სამუშაოზე.

კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ პროკურატურის დადგენილება არის კანონიერი და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე კასატორმა ნ. –ე-მ, ადვოკატმა მ. ჭ-მ და პროკურორმა ე. ქ-მ ითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 169-ე მუხლით და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებანი არის მხოლოდ განზრახი ბრალის შემცველი ქმედებანი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალები არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვინმემ წინასწარი შეცნობით, განზრახ უკანონოდ დაითხოვა სამუშაოდან მოქალაქე ნ. ე..

გარდა ამისა, თუნდაც ჩაითვალოს, რომ ნ. ე. განზრახ უკანონოდ იქნა დათხოვნილი სამუშაოდან, ეს მოხდა 1998წ. მაისში. ნ. ე-მ სააქციო საზოგადოება “ელექტრომექანიკოსის” თანამდებობის პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა 2001წ. ნოემბერში, ე.ი. სამი წლისა და 6 თვის შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლი სასჯელის მაქსიმალურ ღონისძიებად აწესებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 363-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადად დაწესებულია 2 წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული უნდა შეწყდეს, თუ გავიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.

კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა შესაბამისად მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქე ნ. ე-ს საჩივრის ირგვლივ შეგროვილ მასალებზე არ შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. გამომდინარე აქედან, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ პროკურატურის მიერ 2002წ. 24 იანვარს გამოტანილი დადგენილების გაუქმება ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და საბოლოოდ მაინც იგივე გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 12 ნოემბრის დადგენილება ნ. ე-ს საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე და ქუთაისის საქალაქო პროკურატურის 2002წ. 24 იანვრის დადგენილება რ. ჩ-ს, ე. ზ-სა და ნ. ჟ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.