საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 03.06.2003
საქმის ნომერი
2კ-126აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 126-აპ 3 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ვ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 8 აპრილის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 20 იანვრის განაჩენი მის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 20 იანვრის განაჩენით ვ. დ-ს, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.

ვ. დ-ს მსჯავრი დაედო ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის, რაც განაჩენის მიხედვით გამოიხატა შემდეგში:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2002 წ. 17 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დააკმაყოფილა თ. ჯ-ს განცხადება და შეაჩერა უკანონო მშენებლობა ქ. თბილისში, ბათუმის ¹1 შესახვევში მდებარე შპს ავტოსერვის “დიდუბის” ტერიტორიაზე.

2002 წ. 18 ივნისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებელმა მიმართა შპს “დიდუბის” დირექტორ ვ. დ-ს უკანონო მშენებლობის შეჩერების თაობაზე და წინადადება მისცა ნაბაყოფლობით შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განუმარტა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ვ. დ-მა არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და განაგრძო მშენებლობა, სასამართლო აღმასრულებლის განმეორებითი მოთხოვნის შემდეგაც.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 8 აპრილის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 20 იანვრის განაჩენი ვ. დ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელმეორედ განხილვას.

საჩივარში იგი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია: იყო თუ არა კანონიერ ძალაში შესული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინება მშენებლობის შეჩერების შესახებ; არ გაურკვევია, რატომ განიხილეს თ. ჯ-ს განცხადება მისი დასწრების გარეშე და სხვა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ვ. დ-მა მოითხოვა თავისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

დაზარალებულმა თ. ჯ-მა შესაგებლით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო 2003 წ. 8 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ვ. დ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2002 წ. 17 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დააკმაყოფილა თ. ჯ-ის განცხადება და შეაჩერა უკანონო მშენებლობა ბათუმის ქუჩის პირველ შესახვევში მდებარე შპს ავტოსერვისის ტერიტორიაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად “სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ” სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით. ამიტომ მეორე დღეს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მიმართა შპს “დიდუბის” დირექტორს _ მსჯავრდებულ ვ. დ-ს შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება და შეეჩერებინა უკანონო მშენებლობა. ამასთან ერთად მას განუმარტა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და წინადადება მისცა, ნებაყოფლობით შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ვ. დ-მა არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და არ შეაჩერა უკანონო მშენებლობა სასამართლო აღმასრულებლის განმეორებითი მოთხოვნის შემდეგაც.

მსჯავრდებულის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინება უკანონოა, ვინადიან თ. ჯ-ს საჩივარი სასამართლომ მისი დასწრების გარეშე განიხილა, უსაფუძვლოა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის თანახმად “განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ” სასამართლო გადაწყვეტს სასარჩელო განცხადების შეტანის დღესვე _ მოპასუხის შეუტყობინებლად.

უსაფუძვლოა მსჯავრდებულის განცხადების ის მოტივიც, რომ თითქოს სასამართლოს განჩინება არ იყო კანონიერ ძალაში, ვინაიდან იგი მან გაასაჩივრა. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის მასალები და დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ. დ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 8 აპრილის განაჩენი ვ. დ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 8 აპრილის განაჩენი ვ. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.