კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 230-დად 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა თელავის რაიონული პროკურორის თანაშემწე ე. ტ-სა და შ. ყ-ს კერძო საკასაციო საჩივრები თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა თელავის რაიონული პროკურორის თანაშემწე ე. ტ-ს მიერ 2002წ. 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება შოთა ყარალაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა იმავე რაიონულ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
მოკვლევით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
2002წ. 1 აგვისტოს თელავის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართა თელავის რაიონის სოფ. შალაურში მცხოვრებმა თ. გუ-მა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი 1998წ. 26 აგვისტოდან მუშაობს თელავის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოში უფროსის მოადგილედ. 2002წ. 22 აპრილს შეიტყო, რომ სამმართველოს უფროსს შ. ყ-ს იგი 2002წ. 7 მარტის ბრძანებით გადაუყვანია მთავარ აგრონომ-მელიორატორად, ხოლო როცა შესაბამისი ბრძანების ამონაწერი მოითხოვა, შ. ყ-მა იგი არ მისცა და მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით შეძლო მისი მოპოვება. ამასთან, თ. გ-მა განაცხადა, რომ თელავის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსმა შ. ყ-მა 2002წ. 8 მარტის რიცხვით ყალბად შეადგინა ოქმი იმის შესახებ, რომ თითქოს მას თანამშრომელმა ლ. მ-მ შესთავაზა 2002წ. 7 მარტით შედგენილი ბრძანება ¹3-ის ამონაწერი, რომლის მიღებაზეც თითქოსდა უარი განაცხადა. აღნიშნული ოქმის სიყალბეს ადასტურებს იმით, რომ 8 მარტი, როგორც ქალთა საერთაშორისო დღე, გამოცხადებული იყო დასვენების დღედ და სამსახურში არავის უმუშავია. გარდა აღნიშნულისა, თ. გ-მა წარმოადგინა თელავის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს საშტატო განრიგის დოკუმენტი 2002წ. მდგომარეობით ორ ეგზემპლარად, რომელზეც მიუთითებს, რომ ყალბია, რასაც ადასტურებს შემდეგით:
დოკუმენტებზე მარცხნივ გაკეთებული ხელმოწერა რაიონის გამგეობის თავმჯდომარის გვარით ერთზე სრულყოფილია, მეორეზე კი შემოკლებული ფორმითაა წარმოდგენილი, იქვე არსებული სარეგისტრაციო თარიღი ერთგან ჩაწერილია, მეორეგან _ არა, დოკუმენტების მარჯვენა მხარეს მინისტრის ხელმოწერის ადგილზე სამინისტროს მრგვალი ბეჭედი ერთ ეგზემპლარზე ცოტა მარცხნივ არის დარტყმული, მეორეზე _ ხელმოწერის შუა ადგილზე. ამასთან, მიაჩნია, რომ მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. მ-ს უფლება არ ჰქონდა ხელი მოეწერა საშტატო განრიგის შეთანხმებაზე.
სასამართლომ თ. გ-ს საჩივარი განიხილა 2003წ. 20 ივლისს და თავისი დადგენილებით გააუქმა პროკურორის თანაშემწე ე. ტ-ს მიერ 2002წ. 20 აგვისტოს გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადასცა იმავე რაიონულ პროკურატურას. სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. გ-ს კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრული უფლებები უხეშად დაირღვა და ის არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ შეცდომად. სასამართლომ მიიჩნია: არის საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაული, რაც განსაზღვრულია სსკ-ს 332-ე, 333-ე და 369-ე მუხლებით.
სასამართლოს მიერ მიღებულ აღნიშნულ დადგენილებას არ დაეთანხმა თელავის რაიონული პროკურორის თანაშემწე ე. ტ. და კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი საჩივარში მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ მოკვლეულ იქნა მასალები შ. ყ-სა და მისი თანამშრომლების მიმართ, მაგრამ დანაშაულის ჩადენის ფაქტი ვერ დადგინდა, რის გამოც მათ მიმართ სავსებით კანონიერად გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
წარმოდგენილია შ. ყ-ს კერძო საკასაციო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას, მიუთითებს, რომ არავითარი სიყალბე არ ჩაუდენია, სასამართლომ, ყოვლად დაუსაბუთებლად, გააუქმა პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ტ-მა ვრცლად მიმოიხილა მასალები. მან აღნიშნა, რომ არ არსებობდა არავითარი საფუძველი შ. ყ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის, რის გამოც მიიღო სათანადო დადგენილება. პროკურორმა წარმოადგინა სასამართლოს დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაული, რაც განსაზღვრულია სსკ-ს 232-ე, 234-ე და 341-ე მუხლებით. პროკურორმა აღნიშნა, რომ სსკ-ს 232-ე მუხლი ეხება ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას, ხოლო 234-ე მუხლით კი გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, ტოქსიკური სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი. პროკურორმა მიუთითა, რომ ასეთი ხასიათის დანაშაული შ. ყ-ს არ შეიძლება ჩაედინა. ამასთან, სასამართლოს მასალებში არსებულ დადგენილებაში მოსამართლის მიერ შემდგომ არის ზემოაღნიშნული მუხლები გადასწორებული, ეს შესწორება შეტანილია პროკურატურისათვის დადგენილების გადაცემის შემდეგ. ამის უფლება კი მოსამართლეს არ ჰქონდა.
შ. ყ-მა ვრცლად მიმოიხილა მასალები, მან მიუთითა, რომ არავითარი სიყალბე არ ჩაუდენია, პროკურატურამ დეტალურად შეამოწმა ყველა გარემოება და სავსებით სამართლიანად მიიღო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. შ. ყ-მა იშუამდგომლა მისი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
პალატის სხდომაზე თ. გ. არ გამოცხადდა. მისი მეუღლის განმარტებით, სხდომის დღე მათთვის ცნობილია და იშუამდგომლა საჩივრების განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მასალებში არ მოიპოვება უტყუარი დამადასტურებელი საბუთი იმის შესახებ, რომ შ. ყ-მა განზრახ შეადგინა ყალბი დოკუმენტი, ან ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში შეიტანა სიყალბე. თ. გ-ის საჩივარში მითითებული გარემოებები არის მხოლოდ მისი მოსაზრება (რაც გარკვეულწილად სასამართლომაც გაიზიარა), მაშინ, როდესაც მოკვლეული მასალებით ასეთი არ დასტურდება.
პალატა აღნიშნავს, რომ პროკურატურამ მთელი სისრულით გამოიკვლია მასალები და მისცა მათ სათანადო შეფასება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თ. გ-ს როგორც რაიონულმა, ისე საოლქო სასამართლოებმა უარი უთხრეს თელავის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე სამმართველოს უფროსის 2002წ. 7 მარტის ბრძანება სასამართლომ არაკანონიერად ცნო, რადგან სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეებს რაიონის გამგეობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. ამდენად, რადგან 2002წ. 7 მარტის ბრძანება სასამართლოს მიერ ცნობილია არაკანონიერად, ასეთ ვითარებაში ამ ბრძანების ასლი გადაეცა თუ არა თ. გ-ს, აღარა აქვს რაიმე მნიშვნელობა.
რაც შეეხება თელავის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს საშტატო განრიგს, მის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ თვითონ დაუშვა ხარვეზები, როდესაც მასალებში მოთავსებულ დადგენილებაში არის არაერთი გადასწორება, ხოლო პროკურატურისათვის გადაცემულ დადგენილებაში კი შესაბამისი ცვლილება საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ყოფილი გამოსწორებული.
პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ საჩივარი არ იქნა გონივრულ ვადაში განხილული, სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება მიღებულია 2000წ. 20 აგვისტოს, ხოლო სასამართლომ გააუქმა 10 თვის შემდეგ, რაც საკასაციო განხილვისათვის გამოაგზავნა ორი თვის დაგვიანებით. აღნიშნულით უხეშად დაირღვა სსსკ-ს 242-ე მუხლის მოთხოვნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 243-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის დადგენილება გაუქმდეს. ამავე რაიონული პროკურორის თანაშემწე ე. ტ-ს 2002წ. 20 აგვისტოს დადგენილება შ. ყ-სა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.