საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 228-აპ 21 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის განაჩენსი კ. ბ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის განაჩენით კ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივლისის განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ კ. ბ. გამართლდა სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში სსსკ-ს 28-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და სსკ-ს 56-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით კ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2003წ. 6 იანვარს დაახლოებით 01 საათზე შეაღწია ქ. თბილისში ... მდებარე სასაუზმის სამზარეულოში, საიდანაც გაიტაცა 6 ცალი ალუმინის ქვაბი, კ. ბ. ცდილობდა მიმალვას, მაგრამ იგი შენიშნა სამზარეულოს თანამშრომელმა და მის ყვირილზე მოსულმა პოლიციის მუშაკებმა კ. ბ. სასაუზმის მახლობლად დააკავეს.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული კ. ბ. ითხოვს საშეღავათო გარემოებების გათვალისწინებით მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული კ. ბ. მხარს უჭერს თავის საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა ა. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საპელაციო პალატის 2003წ. 9 ივლისის განაჩენი კ. ბ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ის, რომ კ. ბ-მ ჩაიდინა სასაუზმის სამზარეულოში შეღწევით ექვსი ქვაბის ქურდობის მცდელობა საქმის მასალებით დადასტურებულია, სადაოდ არც მსჯავრდებული კ. ბ. ხდის.
ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ სახეზეა ექვსი ქვაბის ქურდობის მცდელობა და არა დამთავრებული დანაშაული, თავად მსჯავრდებული კ. ბ. აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩანადენს, იგი გულწრფელია საკასაციო პალატის სხდომაზეც და ითხოვს პატიებას, დანაშაული მან ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური გაჭირვების გამო, დანაშაულს ზიანი არ გამოუწვევია. პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ კ. ბ. პატიმრობაშია 2003წ. 7 იანვრიდან და ამჟამად მას მისჯილი სასჯელიდან მოხდილი აქვს თითქმის 10 თვე.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია კ. ბ-ს დანიშნული სასჯელი _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 5 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. ბ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივლისის განაჩენი კ. ბ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ს 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 5 წელი.
მსჯავრდებულ კ. ბ-ს დაევალოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.