კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 289-დად 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენასი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი
განიხილა დაინტერესებული პირის _ ზ. გ-ს საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
შსს-ს თელავის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში ზ. გ-სა და მ. გ-ს მიმართ 1999წ. 7 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹3599012, დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 212-ე მუხლით, მოქალაქე ზ. გ-ს ბინის გაქურდვის ფაქტზე.
საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების შემდეგ, 2003წ. 27 ივნისს, გამოტანილ იქნა დადგენილება, რომლითაც მ. გ-სა და ზ. გ-ს მიმართ შეწყდა მოქ. ზ. გ-ს ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 212-ე მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
აღნიშნული დადგენილების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა ზ. გ-მ საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა ამ დადგენილების გაუქმებასა და საქმის თელავის რაიონული პროკურატურისათვის დაბრუნებას გამოძიების განახლების მიზნით. მომჩივანს მიაჩნდა, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ მ. გ-სა და ზ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება გამოტანილია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად.
დაინტერესებული პირის _ ზ. გ-ს საჩივრის თაობაზე 2003წ. 13 ოქტომბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე მ. ცერცვაძე), იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 242-ე მუხლით, გამოიტანა დადგენილება და ამ სასამართლო გადაწყვეტილებით დაადგინა: ზ. გ-ს უარი ეთქვას მის მიერ გაშვებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 2003წ. 10 ივლისის დადგენილების მიმართ სასამართლოში საჩივრის შეტანისათვის კანონით განსაზღვრული ვადის აღდგენაზე.
აღნიშნული დადგენილების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა ზ. გ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მის გაუქმებას, აგრეთვე შსს საგამოძიებო დეპარტამენტის თელავის განყოფილების მიერ მ. გ-სა და ზ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 2003წ. 10 ივლისს გამოტანილი დადგენილების გაუქმებას, რადგან ორივე დადგენილება მიაჩნია უკანონოდ.
საკასაციო განხილვისას დაინტერესებულმა პირმა ზ. გ-მ მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორი რ. ც. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, საჩივრის მოტივები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის დადგენილება გამოტანილია მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს ემსჯელა დაინტერესებული პირის _ ზ. გ-ს საჩივრის დასაშვებობაზე და ამის საფუძველზე გამოეტანა დადგენილება არსებითი განხილვისათვის საჩივრის წარმოებაში მიღების ანდა არსებითი განხილვისათვის საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლომ გამოიტანა დადგენილება გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, ეს მაშინ, როდესაც ზ. გ-ს სასამართლოსათვის არ მიუმართავს განცხადებით ან შუამდგომლობით გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენის თხოვნით. ეს იმას ნიშნავს, რომ რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ისეთი საკითხის თაობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილიყო სასამართლო განხილვის საგანი.
გარდა ამისა, საქმის გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ დაინტერესებულმა პირმა ზ. გ-მ საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოტანილი დადგენილების თაობაზე საჩივარი დროულად შეიტანა სასამართლოში. უსაფუძვლოა საგამოძიებო ორგანოსა და პროკურორის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზ. გ. დროულად არ გამოცხადდა გამომძიებელთან გამოძახებაზე, რათა ჩაებარებინა დადგენილების ასლი, რითაც გაუშვა გასაჩივრების ვადა. იმ შემთხვევაში, თუკი მხარე არ ცხადდება დადგენილების ჩასაბარებლად, საგამოძიებო ორგანო მოვალეა, ფოსტით გაუგზავნოს მას ასეთი დოკუმენტი და საფოსტო დაწესებულების მიერ მისთვის ჩაბარების დღიდან უნდა იქნეს გამოთვლილი გასაჩივრების ვადა, რაც არ გაუკეთებიათ თელავის რაიონის შს საგამოძიებო განყოფილებასა და რაიონულ პროკურატურას.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაინტერესებულმა პირმა ზ. გ-მ საგამოძიებო ორგანოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ფაქტობრივად ჩაიბარა 2003წ. 3 სექტემბერს, ხოლო ამ დადგენილების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2003წ. 8 სექტემბერს, რითაც დაცულია საქართველოს სსკ-ს 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გასაჩივრების ვადა (15 დღე), რადგან უნდა ჩაითვალოს, რომ ოფიციალურად სწორედ 2003წ. 3 სექტემბერს გახდა ცნობილი ზ. გ-სათვის საგამოძიებო ორგანოს იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც მან უკანონოდ მიიჩნია.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში უნდა მიიღოს და არსებითად განიხილოს დაინტერესებული პირის _ ზ. გ-ს საჩივარი თელავის საგამოძიებო განყოფილების 2003წ. 10 ივლისის დადგენილების თაობაზე და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო ამ ეტაპზე საკასაციო პალატა უფლებამოსილი არ არის უშუალოდ იმსჯელოს აღნიშნული დადგენილების კანონიერების თაობაზე, რის გამოც თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო დაინტერესებული პირის _ ზ. გ-ს საჩივარი გადაეგზავნოს ამ სასამართლოს არსებითი განხილვისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ს 242-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაინტერესებული პირის _ ზ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის დადგენილება ზ. გ-სათვის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე 2003წ. 10 ივლისის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
დაინტერესებული პირის _ ზ. გ-ს საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თელავის რაიონის განყოფილების 2003წ. 10 ივლისის დადგენილების თაობაზე გადაეგზავნოს თელავის რაიონულ სასამართლოს არსებითი განხილვისათვის.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.