შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹2აგ-12 თბილისი
25 იანვარი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე ახლად გამოვლენილი გარემოების გამო საქმის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-ი, _ მსჯავრდებულია ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივნისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით, სსკ-ის 178-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) პირველი ნაწილით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე 363-ე მუხლის მეორე ნაწილით, რის გამოც მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივნისის განაჩენი ა. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 სექტემბრის განაჩენი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) პირველი ნაწილით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში და ამ ნაწილში საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით მსჯავრდების ნაწილში აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.
2011 წლის 1 ნოემბერს მსჯავრდებულმა ა. გ-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რასაც ასაბუთებდა იმ მოტივით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლს (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი, რომელშიც 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შემცირდა სასჯელის ზომები, კერძოდ კი 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა რვიდან თორმეტ წლამდე, მას კი შეფარდებული აქვს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დააკმაყოფილა მსჯავრდებულ ა. გ-ის შუამდგომლობა და მის მიერ ჩადენილი ქმედება ყაჩაღობის ნაწილში საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებიდან გადააკვალიფიცირა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო საბოლოო სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენის სასჯელის ნაწილის შეცვლას, კერძოდ: მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ მსჯავრდებულს მიაჩნია ზედმეტად მკაცრად, ვინაიდან მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (დაავადებულია უკურნებელი სენით – შიდსით, ასევე „ც“ ჰეპატიტით, არტერიული ჰიპერტენზიით), ამასთან, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე, რის გამოც ითხოვს განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. გ-ის საქმის მასალები და შეამოწმა მისი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო მის მიმართ არსებული საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე, მას სწორად განუსაზღვრა საბოლოო სასჯელის ზომა ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის სახით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, ხოლო სასჯელის ამ ზომის კიდევ უფრო შემცირების უფლება სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა. ახლად გამოვლენილი გარემოების გამო საქმის გადასინჯვისას მსჯავრდებულისათვის გადასასინჯი სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე დანაშაულისათვის ახალი კანონით დადგენილი სასჯელის მაქსიმალურ ზღვრამდე. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ისეთ გარემოებაზე, როგორიცაა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით ეს გარემოება არ განიხილება ახლად გამოვლენილ გარემოებად. ასეთი გარემოება, ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის რედაქცია) 284-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, შეიძლება გახდეს არა სასჯელის შემსუბუქების, არამედ დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მთლიანად განთავისუფლების თაობაზე საკითხის დასმის საფუძველი, ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი სიმძიმისა და ხასიათისაა, რომ იგი ხელს უშლის და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სასჯელის მოხდას.
ამავე დროს საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილი გარემოების გამო მსჯავრდებულ ა. გ-ის საქმის გადასინჯვისას, როდესაც მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე ცვლილება შეიტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებაში, ა. გ-ის ქმედების კვალიფიკაცია იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენას, დანაშაული, გათვალისწინებული წინათ მოქმედი საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, განმეორებით მოიყვანა შესაბამისობაში მოქმედ კანონთან სახელდობრ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მაშინ, როდესაც იგი უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინებით უკვე მოყვანილი იყო შესაბამისობაში ახალ კანონთან, რითაც სააპელაციო სასამართლომ, მატერიალური სისხლის სამართლის კანონმდებლობის თვალსაზრისით, განმეორებით შეასრულა ისეთი მოქმედება, რომელიც ზედმეტი და არასაჭირო იყო.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მასში გამოვლენილი ზედმეტობის გასასწორებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის რედაქცია) 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 310-ე და 314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: აღნიშნული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე ამ განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით _ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.