კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 11.10.2001
საქმის ნომერი
2კ-79-I-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.10.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

79-I 11 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა ბრალდებულ მ. ა-ს ინტერესების დამცველის ადვოკატ მ.ჭ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 მაისის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ.თბილისის გლდანი ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი მ. ა-ძის მიმართ და ამ ნაწილში საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ქ.თბილისის პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მ. ა-ძე მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის: 1999 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, ყოფილი ახმეტელის თეატრის შენობის ვესტიბიულში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, მ. ა-ძემ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა გლდანის წმინდა გიორგის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლის წევრს თ. წ-ს და მ. ნ-ს. მ. ა-ძის ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში, რითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი.

განაჩენით მ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით და შეეფარდა 3 წლით თ/აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად ორი წლით გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ გააუქმა აღნიშნული განაჩენი მ. ა-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა ქ.თბილისის პროკურატურას იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, მ. ა-ძის მიერ თ. წ-სთვის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

სააპელაციო პალატამ განჩინებაში შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულ თ. წ-ურის ჩვენებებს და მიიჩნია, რომ ეს ჩვენებები არ შეიძლება საფუძველი გახდეს მ. ა-ძის მსჯავრდებისათვის რამეთუ ამ ჩვენებებიდან გამომდინარე, თ. წ-სათვის სხვისგან გახდა ცნობილი, რომ მას დაზიანება მიაყენა მ. ა-ძემ.

სააპელაციო პალატამ შეაფასა რა თ. წ-ს სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტი, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მიიჩნია, რომ ორივე დოკუმენტი მიღებულ იქნა საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ვინაიდან ორივე მათგანი შედგენილ იქნა ერთი და იმავე ექსპერტის ნ.თოფურიძის მიერ.

სააპელაციო პალატამ განჩინებაში დამატებით ძიებაში დაბრუნების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ წინასწარი გამოძიების მიერ საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი მ. ნ, მაგრამ საბრალდებო დასკვნით არავის ედება ბრალი, ამ უკანასკნელისათვის მიყენებული სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. საკითხის გარკვევა, თუ ვინ მიაყენა სხეულის დაზიანება მ. ნ-ს და რა ხარისხის, სააპელაციო პალატამ საფუძვლად დაუდო საქმის დამატებით ძიებაში დაბრუნებას.

მ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ჭ კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და მ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით უდავოდ არის დადგენილი, რომ მ. ა-ძეს რაიმე მართსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. კასატორის მითითებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ 1999 წლის 17 ოქტომბერს მამა … მის მომხრეებთან ერთად იეჰოვას მოწმეთა დარბევის მიზნით მივიდა შპს “გიზოს” შენობაში, სადაც ტარდებოდა “იეჰოვას” მოწმეების 120 კაციანი კრება, კასატორის განმარტებით მამა ..იმ და მისმა მომხრეებმა, მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრა დაარბიეს, რითაც მათ დაარღვიეს მ. ა-.სა და სხვათა უფლებები. ამ ქმედებით და მ. ა-ძის მსჯავრდებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 25-ე მუხლებით, აგრეთვე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14 მუხლებით გარანტირებული აზრის, სინდისის და რელიგიის, გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების უფლებები.

ბრალდებულმა მ. ა-.მ მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ მ.ჭ-ს მოთხოვნას.

პროკურორმა ა. ს-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. ა-ძემ ჩაიდინა ხულიგნობა იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, აღნიშნული დადასტურებულია გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და რაიონული სასამართლოს განაჩენით.

პროკურორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და მ. ა-ძის მიმართ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ ა.ს-ს, ბრალდებულ მ. ა-ძეს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მ.ჭ-ს და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 1999 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, გლდანის რაიონში, ყოფილი “ახმეტელის” სახელობის თეატრის III სართულზე, შპს “გიზოს” ერთ-ერთ ოთახში, დაიწყო “იეჰოვას მოწმეთა” მიმდევრების “სამხრეთ გლდანის – 2220” ორგანიზაციის წევრთა კრება და რელიგიური რიტუალის აღსრულება, რომელშიც მონაწილეობდა 124 პირი. ამავე დროს გლდანის რაიონის ¹2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გლდანის “წმინდა გიორგის” ეკლესიის ყოფილი მოძღვრის, მამა-..ს, მიმდევართა კრება და რელიგიური რიტუალის შესრულება.

საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ მამა ..ს მიმდევრები 1999 წლის 17 ოქტომბერს მივიდნენ ყოფილი ახმეტელის თეატრის შენობაში, სადაც ტარდებოდა “იეჰოვას მოწმეთა” კრება მათ მისვლას შედეგად მოჰყვა სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ადამიანთა ერთმანეთთან შეტაკება, შენობის დარბევა და “იეჰოვას მოწმეთა” კუთვნილი ლიტერატურის საჯაროდ დაწვა. აღნიშნული შეტაკების დროს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს მასში მონაწილე პირებმა.

1999 წლის 17 ოქტომბერს “იეჰოვას მოწმეთა” შორის იმყოფებოდა მ. ა-ძეც, რომელიც ამ მოვლენის შემდეგ სისხლის სამართლის დევნის ორგანოების მიერ ბრალდებულ იქნა ხულიგნური მოქმედების ჩადენისათვის, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც საკასაციო პალატას არასწორად მიაჩნია, ვინაიდან როგორც ზემოთ იქნა მითითებული, მ. ა-ძე 1999 წლის 17 ოქტომბერს იმყოფებოდა “იეჰოვას მოწმეთა” შორის, ესწრებოდა კრებას და მონაწილეობას იღებდა იმ რელიგიური რიტუალის შესრულებაში, რომელიც თვითონ საკუთარი რწმენით აირჩია და რის უფლებასაც აძლევს, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპის კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მიერ, რომლითაც სახელმწიფომ იკისრა ამ კონვენციით გარანტირებულ ადამიანის უფლებათა დაცვა.

ამ კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, ყველას აქვს რელიგიის თავსუფლების უფლება, ასევე უფლება, თავისუფლად გამოამჟღავნოს მისი რელიგია სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით.

ამ უფლებით სარგებლობდა მ. ა-ც, რომელიც შემთხვევის დღეს ესწრებოდა “იეჰოვას მოწმეთა” კრებას. მ. ა-ს ამ უფლების გარანტი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, რომლის თანახმადაც ყოველ ადამიანს აქვს რწმენის თავისუფლება.

1999 წლის 17 ოქტომბრს “იეჰოვას მოწმეთა” კრება არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს და არც სახელმწიფოს მიერ არ ყოფილა დაწესებული რაიმე შუზღუდვები, მათი რელიგიისა და რწმენის გამომჟღავნების მიმართ.

საქმის ფაქტობრივი მასალებით დადგენილია, რომ მამა … მომხრეები თავიანთი ინიციატივით მივიდნენ შემთხვევის ადგილას მამა ..ის მომხრეები დაკითხვის ოქმებში არ უარყოფენ, რომ ისინი თვითონ მივიდნენ შემთხვევის ადგილას, მაგრამ მიუთითებენ, რომ მათ სურდათ შეხვედროდნენ იეჰოვას მოწმეებს, რათა მოეწოდებინათ, მშვიდობიანი გზით დაშლილიყვნენ და ნუ ავრცელებდნენ ანტიქრისტიანულ ლიტერატურას. ამის უფლება მამა ..ს და მის მეგობრებს არ გააჩნდათ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებევროპის კონვენციის თანახმად, არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს ადამიანს რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, ასევე თავისუფლება მშვიდობიანი შეკრებებისა, ეს თავისუფლებები ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც განსზღვრულნი არიან კანონით.

მამა ..ის მომხრეებს უფლება არ ჰქონდათ შეეზღუდათ “იეჰოვას მოწმეთა” რელიგიის და რწმენის თავისუფლება.

საქმის ფაქტობრივი მასალებით დადგენილია, რომ მამა ..ის მომხრეთა მისვლას და მათ მოთხოვნას შედეგად მოჰყვა შეტაკება, რომელშიც სხვადასხვა რელიგიური რწმენის მიმდევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქმეში არსებული მასალებით ასევე დადგენილია, რომ მამა ..ის მიმდევრებმა საჯაროდ დაწვეს “იეჰოვას მოწმეთა” ლიტერატურა, რითაც გამოამჟღავნეს მათი აგრესიული დამოკიდებულება იეჰოვას მიმდევრების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ხელყვეს “იეჰოვას მოწმეთა” რწმენის თავისუფლება და მათი ასეთი მოქმედება უარყოფს მათ პოზიციას, რომ ისინი მხოლოდ მშვიდობიანი მისიით მივიდნენ “იეჰოვას მოწმეებთან”.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, მ. ა-ძე, რომელიც “იეჰოვას” მოწმეა და რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, გახდა მონაწილე აღნიშნული შეტაკებისა, მაგრამ მას თავისი მოქმედებით არ განუხორციელებია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობა. მას რაიმე განზრახვა ხულიგნობის ჩადენისა არ ჰქონია, იგი ყოფილი “ახმეტელის” თეატრის შენობაში მისული იყო თავისი რელიგიური მრწამსის გამოსახატავად.

დადგენილი ფაქტია, რომ 1999 წლის 17 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა მამა ..ის მიმდევართა და “იეჰოვას” მოწმეთა, ე.ი. ორი სხვადასხვა რელიგიური რწმენის წარმომადგენელთა შეტაკებას, რის საფუძველსაც მათ შორის განსხვავებული რელიგიური შეხედულებები წარმოადგენს, დადგენილი ფაქტია ისიც, რომ მამა ბასილის მიმდევრები გმობენ “იეჰოვას” სარწმუნოებას და “იეჰოვას მოწმეებს” ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ საშიშ დაჯგუფებას უწოდებენ, რასაც გამოხატავენ რელიგიური ექსტრემიზმის უხეში ფორმებით.

ამრიგად, ორი სხვადასხვა რწმენის წარმომადგენელთა შორის შეტაკება არ მომხდარა უმიზეზოდ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, რის გამოც მ. ა-ძე თავისი მოქმედებით ვერ განახორციელებდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ხულიგნობის შემადგენლობას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მ. ა-ძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით, უნდა შეწყდეს, ვინაიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ არსებობს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის არავითარი სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 მაისის განჩინება მ. ა-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე; ასევე ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მ. ა-ძის მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.