საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 114-დად 8 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ა. კ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა გურიის საოლქო პროკურატურის დადგენილება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 30 აპრილს გურიის საოლქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹8598802 ლანჩხუთის აგროფირმა “...ში” სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს სსკ 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
1998 წლის 31 აგვისტოს გურიის საოლქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹859828 ლანჩხუთის აგროფირმა “..ში” ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცებისა და ყალბი ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 961 მუხლით და 88-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
1998 წლის 1 სექტემბერს მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და სისხლის სამართლის საქმეს მიეკუთვნა ¹8598828.
1999 წლის 19 ნოემბერს გურიის საოლქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹8599831 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “...ში” გამოვლენილი მოგების შემოსავლის და გადასახადით დასაბეგრ სხვა ობიექტების დიდი ოდენობით დამალვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 186-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და იგი 2000 წლის 18 მაისს გაუერთიანდა ¹8598828 საქმეს.
2000 წლის 12 ივნისს ა. კ-ძე მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში და ბრალად შეერაცხა სსკ-ის ზემოთ მითითებული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. ჩატარებული გამოძიების შემდეგ გურიის საოლქო პროკურატურის 2000 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ა. კ-ძის მიმართ.
აღნიშნული დადგენილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული შემდეგი: ა. კ-ძე 1988 წლიდან მუშაობდა ლანჩხუთის ჩაის ექსპერიმენტული საწარმოო კომბინატის გენერალურ დირექტორად, 1991 წლიდან კი აგროფირმა “..ის” გენერალურ დირექტორად. ამავე პერიოდში აგროფირმა “..თან” ჩამოყალიბდა კოოპერატივი “..”, რომლის სამართალმემკვიდრე 1991 წლიდან არის შპს “.. 91”. ამჟამად შპს “.. 91”-ის დირექტორია ა. კ-ძე.
1993 წლის 20 იანვრამდე ა. კ-ძე იყო ა/ფ “..ის” კრედიტის განმკარგულებელი. 1993 წლის 20 იანვრიდან 1994 წლის 4 სექტემბრამდე ა. კ-ძე მუშაობდა ლანჩხუთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ.
ლანჩხუთის ა/ფ “..ის” გენერალური დირექტორის ა. კ-ძის 1990 წლის 18 დეკემბრის ¹273 და 1991 წლის 26 იანვრის ¹11 წერილის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს რესპუბლიკური გაერთიანება “საქართველოს ჩაის” 1991 წლის 11 თებერვლის ¹2/27 წერილით ნება დაერთო ა/ფ “..ს” ძირითადი ფონდების პასიური ნაწილისათვის, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა პროდუქციის წარმოებაში, კერძოდ: მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, გრიგოლეთის დასასვენებელი სახლის, დამხმარე მეურნეობის მეცხოველეობის ფერმების, “ბოკვერაძის” კუნძულზე მდებარე მონადირეთა სახლის, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კისლოვოდსკის მოდულის სასტუმროსა და სასადილოს შენობებისათვის გაეკეთებინა რეალიზაცია; რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები კი გამოეყენებინა წარმოების გაფართოებისა და ახალი პროდუქციის შექმნისათვის, ასევე ბიუჯეტისა და მუშა-მოსამსახურეთა დავალიანების დასაფარავად. უშუალოდ ამ წერილის საფუძველზე 1991 წლის 17 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ლანჩხუთის ა/ფირმა “..ის” გენერალურ დირექტორ ა. კ-ძესა და კოოპერატივ “..ს” დირექტორ ო. ჩ-ძეს შორის, რომლითაც ფირმა “.” კისრულობდა ვალდებულებას, კოოპერატივ “..სათვის” სათანადო ანაზღაურებით მიეყიდა “..ის” კუთვნილი ქონება. კოოპერატივი “.” თავის მხრივ კისრულობდა ვალდებულებას, მიღებული ქონების საფასური გადაეხადა ფირმა “..სათვის” 1993 წლის მაისამდე ნაწილობრივ ფულადი ერთეულით, ხოლო ნაწილი ჩაის პროდუქციის სახით.
ამ ხელშეკრულების საფუძველზე ა/ფ “..ს” გენერალურმა დირექტორმა ა. კ-ძემ 1991 წლის 18 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით სანოტარო მოქმედების გარეშე გადასცა გრიგოლეთის დასასვენებელი ბაზის ¹1 და ¹2 დასასვენებელი სახლი კოოპერატივ “..ს”, რომელმაც იგი შეიტანა ძირითად საშუალებათა ბალანსში. ა. კ-ძემ სანოტარო მოქმედებათა გარეშე კოოპერატივ “..ს” მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა კისლოვოდსკის (ორსკის) ტიპის მოდული. მანვე 1991 წლის 11 ოქტომბერს სანოტარო მოქმედების გარეშე კოოპერატივ “ექსტრას” გადასცა ქ. ლანჩხუთში, მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი. 1991 წლის 20 მაისს კოოპერატივ “..ს” გადასცა დამხმარე მეურნეობა სოფ. ... თავისი მსხვილფეხა პირუტყვით, მანვე 1991 წლის 4 მაისს სანოტარო მოქმედების გარეშე მიღება-ჩაბარების აქტით კოოპერატივ “..ს” გადასცა სოფ. გრიგოლეთში, “ბოკვერაძის” კუნძულზე, მდებარე სამონადირეო სახლი თავისი ელგადამცემი ხაზით. სულ კოოპერატივ “..ს” აგროფირმა “..მა” გადასცა 1.002831 საბჭოთა მანეთის ქონება.
წინასწარმა გამოძიებამ დადგენილად ჩათვალა, რომ კოოპერატივმა “..მ” დათქმულ ვადაში მიღებული ქონების საფასური ა/ფირმა “..ს ” აუნაზღაურა.
აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებად წინასწარმა გამოძიებამ მიიჩნია აგროფირმა “..ის” გენერალური დირექტორის ა. კ-ძის წერილები, კერძოდ კი შემდეგი:
1992 წლის 28 აპრილის ¹36 წერილი, რომლითაც ფირმა “..ის” გენერალური დირექტორი ა. კ-ძე კოოპერატივ “..ას” სამართალმემკვიდრეს, შპს “გურია 91”-ის ხელმძღვანელობას სწერს, რომ მათ შორის 1991 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ოზურგეთის სარემონტო-მექანიკურ ქარხანას ჩაერიცხა 107853,04 საბჭოთა მანეთი, რაც გადაირიცხა 1992 წლის 19 აპრილს.
1992 წლის 3 მაისის ¹41 წერილით ფირმა “..ის” გენერალური დირექტორი ა. კ-ძე შპს “გურია 91”-ის დირექტორს მიმართავს, რომ 1991 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კონიაკის ბოთლების შესაძენად ჩაურიცხოს 660 000 საბჭოთა მანეთი. წერილის თანახმად, შპს “გურია 91”-ს ეს თანხა გადახდილი აქვს 1992 წლის 17 აპრილს და ამავე წლის 4 მაისს, კერძოდ კი 1992 წლის 17 აპრილს 60000 საბჭოთა მანეთი, ხოლო 1992 წლის 4 მაისს 600 000 საბჭოთა მანეთი.
დადგენილებით დადასტურებულადაა მიჩნეული ასევე, რომ “გურია 91”-ის 1992 წლის 18 თებერვლის გადარიცხვის დავალების მიხედვით, რომელშიც მითითებულია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მოდულის ღირებულება - 152500 საბჭოთა მანეთი, მიღებულია კომერციული ფირმა “...ს” მიერ.
წინასწარი გამოძიება დადასტურებულად თვლის და ანგარიშსწორების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევს შპს “გურია 91”-დან 3019261 საბჭოთა მანეთის ღირებულების 22. 300 კგ. შავი ბაიხის ჩაის მისაღებად ა/ფ “..ის” მიერ 1992 წლის 22 სექტემბერს ე. ბ-ძეზე გაცემულ ¹377 მინდობილობას. წინასწარი გამოძიება ჩაის მიღებაზე ე. ბ-ძის ხელმოწერის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომ ეს ჩაი მიიღო ა/ფ “...მა”.
წინასწარმა გამოძიებამ კანონიერად ჩათვალა აღნიშნული გადარიცხვები და ტვირთბრუნვები და მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე 71 145 მანეთად ღირებული გრიგოლეთის დასასვენებელი ბაზის, 16 876 მანეთად ღირებული ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, 525000 მანეთად ღირებული კისლოვოდსკის მოდულის, 340484 მანეთად ღირებული სოფ. ... დამხმარე მეურნეობის, 49326 მანეთად ღირებული “ბოკვერაძის” კუნძულზე მდებარე მონადირის სახლის, ე.ი. სულ 1002831 საბჭოთა მანეთად ღირებული ქონების საფასურად კოოპერატივ “..დან” ა/ფ “..ს” ჩაერიცხა 920 353 მანეთის 22.300 კგ. ჩაის მზა პროდუქცია, რომელიც გამოყენებულ იქნა წარმოებისათვის და მუშა-მოსამსახურეთა და ბიუჯეტის დავალიანებათა დასაფარავად.
წინასწარმა გამოძიებამ იმის გათვალისწინებით, რომ კოოპერატივ “..ს” და მის უფლებამონაცვლე შპს “გურია 91”-ს მიღებული ქონების სანაცვლოდ “..სათვის” გადახდილი აქვს 2936783 საბჭოთა მანეთით მეტი, ა. კ-ძის მიმართ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით და ბოროტად გამოყენებით ა/ფ “..ის” ქონების გაფლანგვისა და თანხების მითვისების ეპიზოდში.
რაც შეეხება ქონების გადაცემისას გამოვლენილ დარღვევებს, კერძოდ, სანოტარო წესების დარღვევას, ამას გამოძიება ადმინისტრაციულ გადაცდომად თვლის და ხანდაზმულობის გამო ა. კ-ძის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არასწორად მიიჩნევს.
საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტისა და სახელმწიფო ბანკის სპეციალური ნებართვის გარეშე აქციების სახით 430000 მანეთის 3000 ცალი ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღების ნაწილში გამოძიებამ ა. კ-ძის, მოწმეების ა. ლ-ძის, გ. ს-შვილის, ნ. ფ-შვილის, ი. კ-ძის განმარტებების საფუძველზე გააკეთა დასკვნა იმის შესახებ, რომ ა. კ-ძეს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება არ ჩაუდენია, ვინაიდან მას არ ჰქონია ყალბი ფასიანი ქაღალდების გამოშვების განზრახვა.
წინასწარმა გამოძიებამ იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდისათვის არ არსებობდა კანონი, რომელიც მოცემულ საკითხს დაარეგულირებდა, მოქმედი კანონმდებლობით კი ყველაფერი დაშვებულია, რაც არ იკრძალება კანონით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ აქციათა დიდი ნაწილი შეძენილი იყო თვით ა. კ-ძის მიერ, ბრალდების ამ ნაწილშიც შეწყვიტა ა. კ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე.
წინასწარმა გამოძიებამ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. კ-ძემ, გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში იყო რა ა/ფ “.ის” კრედიტის განკარგვის უფლების მქონე პირი, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. მაგრამ, ვინაიდან გასულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა, ბრალდების ამ ეპიზოდშიც ა. კ-ძის მიმართ წინასწარ გამოძიებაში შეწყდა სისხლის სამართლის საქმე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ივლისის დადგენილებით გაუქმდა გურიის საოლქო პროკურატურის აღნიშნული დადგენილება.
რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ წინასწარმა გამოძიებამ საქმეზე ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულყოფილად არ იქნა გამოძიებული მთელი რიგი საკითხები. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიებისას არ ყოფილა გარკვეული, როდის და რა სამართლებრივ ორგანიზაციული ფორმით ფუნქციონირებდა აგროფირმა “..”.
ასევე არ გამოკვლეულა 1991 წლის 17 თებერვალს აგროფირმა “..ს” დირექტორ ა. კ-ძესა და კოოპერატივ “..ს” დირექტორ ო. ჩ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება. არ არის დადგენილი, რომელი სამართლებრივ ორგანიზაციული ფორმის დამადასტურებელი ბეჭდით არის დამოწმებული ეს ხელშეკრულება.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, ასევე, რომ გამოძიებას საქმის შეწყვეტის დადგენილებაში არ უმსჯელია და არ მიუცია შესაბამისი სამართლებრივი შეფასება საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საფინანსო-სარევიზიო სამსახურის 2000 წლის 17 ნოემბრის აქტისათვის, სადაც მითითებულია, რომ სალაროს შემოსავლის ორდერებით ¹21 _ 54 ათას 550 მანეთი, ¹27 _ 22 ათას 806 მანეთი, ¹29 _ 49 ათას 326 მანეთი, ¹32 _ 34 ათას 888 მანეთი, სულ 161 ათას 570 მანეთი ა/ფ “..ს” შემოსავალში არა აქვს აღებული, მაშინ, როცა აღნიშნული ორდერებით “გურია-91”-ის მიერ აგროფირმა “..ს” სალაროში შეტანილი უნდა იყოს გრიგოლეთის დასასვენებელი სახლის, ქ. ლანჩხუთში, ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, მონადირის სახლის და ელგადამცემის, დამხმარე მეურნეობისა და პირუტყვის ღირებულება.
რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ წინასწარმა გამოძიებამ ისე შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ა. კ-ძის მიმართ, რომ არ გაურკვევია, ნამდვილად ჩაირიცხა თუ არა შპს “გურია 91”-ის მიერ ოზურგეთის სარემონტო მექანიკურ ქარხანაში 107853,04 საბჭოთა მანეთი; გამოძიებას ამისათვის არ ჩაუტარებია შემხვედრი შემოწმება მექანიკურ კომბინატში და არ დაუდგენია, აიღო თუ არა შემოსავალში ფირმა “..მა” სათადარიგო ნაწილები.
ანალოგიურად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიებამ არ გაარკვია საკითხი, ა/ფ “..ს” თხოვნის საფუძველზე შპს-მ “გურია-91”, ა/ფ “..ს” კონიაკის ბოთლების შესაძენად 1992 წლის 17 აპრილს ნამდვილად გადაუხადა თუ არა 60 000 მანეთი, ხოლო ამავე წლის 4 მაისს 600 000 საბჭოთა მანეთი. საქმის მასალების თანახმად ა/ფ “..ს” წერილი - თხოვნა დათარიღებულია 1992 წლის 3 მაისით, ხოლო “გურია-91”-ის მიერ პირველად 60 000 მანეთის ჩარიცხვა - 1992 წლის 17 აპრილს, და ჩარიცხვის მტკიცებად გამოძიებამ მიიღო მხოლოდ საგადასახადო დავალება საეჭვო საბანკო დადასტურებით.
გამოძიებამ ასევე არ გაარკვია, ჩარიცხვის სანაცვლოდ რა მიიღო აგროფირმა “..მა”; აიღო თუ არა ის შემოსავალში. რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ წინასწარმა გამოძიებამ ისე ცნო დადასტურებულად, რომ “გურია 91”-მა 1992 წლის 18 თებერვალს ქ. ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სახლის ღირებულება გადაუხადა ა/ფ “..ს”, რომ ამის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება არ გააჩნდა. გამოძიებამ მტკიცებად მიიღო მხოლოდ საეჭვო საბანკო დადასტურებით საგადასახადო დავალება. გამოძიებას რაიმე ზომებისათვის სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად არ მიუმართავს, არ შეუმოწმებია გასავლის ორდერი.
რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ა/ფ “..ს” მინდობილობის საფუძველზე მოქალაქე ე. ბ-ძის მიერ “გურია 91”-იდან მიღებული შავი ბაიხის ჩაის ეპიზოდიც, გამოძიებას სრულყოფილად არ შეუმოწმებია. გამოძიებას არ გაურკვევია ე. ბ-ძის მიერ მიღებული შავი ბაიხის ჩაი, ღირებული 3.019261 საბჭოთა მანეთად, აღებული იქნა თუ არა ა/ფ “..ს” შემოსავალში.
გამოძიებამ ასევე არასრულყოფილად გამოიკვლია ყალბი ფასიანი ქაღალდების გამოშვების ეპიზოდში საქმის გარემოებები;
რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ არასრულყოფილად იქნა ჩატარებული წინასწარი გამოძიება. წინასწარმა გამოძიებამ მიიჩნია, რომ შპს “გურია 91”-მა ა/ფ “.ს” გადასცა 3.019261 საბჭოთა მანეთის ღირებულების ჩაის მზა პროდუქცია. გამომდინარე აქედან, გამოძიებამ გააკეთა დასკვნა, რომ შპს “გურია 91”-მა “..” ნაკისრ ვალდებულებაზე 2.963783 საბჭოთაA მანეთით მეტი გადაუხადა; გამოძიებამ ასევე მიიჩნია, რომ ეს თანხები გამოყენებულ იქნა მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და ბიუჯეტის დავალიანებათაA დასაფარავად; რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების ეს დასკვნები ნაჩქარევად არის გაკეთებული, ვინაიდან წინასწარმა გამოძიებამ არ დაადგინა და არ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა ზედმეტი თანხის გადახდა, და რეალურად მოხმარდა თუ არა მიღებული თანხები ზემოთ მითითებულ საჭიროებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. კ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება იყო დაუსაბუთებელი, გააუქმა ეს დადგენილება და საქმის მასალები გაუგზავნა გურიის საოლქო პროკურატურას გამოძიების გასაახლებლად.
კერძო საკასაციო საჩივრით კასატორი ა. კ-ძე ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას და გურიის საოლქო პროკურატურის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
კასატორის განმარტებით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით განიხილა ვ. ზ-შვილისა და მ. რ-ძის საჩივარი, რადგან ისინი არ იყვნენ უფლებამოსილნი, შეეტანათ მის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებაზე საჩივარი, რამეთუ არ წარმოადგენდნენ მხარეს.
კასატორის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ ზერელედ განიხილა საჩივარი და ისე გააუქმა შეწყვეტის დადგენილება, რომ სისხლის სამართლის საქმეც კი არ გამოუთხოვია, სადაც არის ყველა დოკუმენტი იმისა, თუ რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არსებობდა ა/ფ “..”, ვინ იყვნენ მისი აქციონერები.
კასატორის განმარტებით, 1988-1989 წლიდან დღემდე გასულია დიდი დრო და ამ წლებში განხორციელებული ქმედებებისათვის დღევანდელი სამართლებრივი შეფასების მიცემა გაუმართლებელია. მისივე მითითებით, საქმეში არსებობს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება.
პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
დაინტერესებული პირების _ ვ. ზ-შვილისა და მ. რ-ძის ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა მ. გ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება. მ. რ-ძემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ე. ქ-ს, მ. რ-ძეს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მ. გ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათაA გამო:
საქმეში არსებული მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ წინასწარი გამოძიებისას არ მოხდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა;
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად მიიჩნია, რომ წ/გამოძიების მიერ არ იქნა მოპოვებული სხვა მტკიცებები, რომლებიც, საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, დაადასტურებდა, რომ ა. კ-ძის ქმედებები, რის გამოც მას წარედგინა ბრალდება წინასწარი გამოძიებისას, არ არის მართლსაწინააღმდეგო.
რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ გამოძიების პერიოდში დადგენილი უნდა ყოფილიყო, თუ რა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით ფუნქციონირებდა აგროფირმა “თაიგული”, ასევე გამოძიებისას გამოკვლეული უნდა ყოფილიყო 1991 წლის 17 თებერვალს აგროფირმა “თაიგულის” დირექტორ ა. კ-ძესა და კოოპერატივ “ექსტრას” დირექტორ ო. ჩ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულების რეალობა; სწორია რაიონული სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ გამოძიებამ უნდა იმსჯელოს საქმეში არსებული იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საფინანსო-სარევიზიო სამსახურის 2000 წლის 17 ნოემბრის აქტში მითითებულ ფაქტებზე.
ასევე გამოძიებისას უნდა იქნეს დადგენილი ნამდვილად ჩაირიცხა თუ არა შპს “გურია 91”-ის მიერ ოზურგეთის სარემონტო მექანიკურ ქარხანაში 107853,04 საბჭოთA მანეთი და ამის შემდეგ აიღო თუ არა ფირმა “-.მა” შემოსავალში სათადარიგო ნაწილები.
სწორია რაიონული სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ გამოძიებისას არ ყოფილა დადგენილი, ა/ფ “..ს” თხოვნის საფუძველზე, შპს “გურია 91”-მა ა/ფ “..ს” კონიაკის ბოთლების შესაძენად ჯერ 1992 წლის 17 აპრილს, შემდეგ კი იმავე წლის 4 მაისს ნამდვილად გადაუხადა თუ არა 60 000 და 600 000 რუსული მანეთი.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს თანხები შემოსავალში მიიღო თუ არა ა/ფ “..მა”; თუ თანხები არ მიუღია, სანაცვლოდ რა მიიღო.
რაიონულმა სასამართლომ სწორად გააკეთა დასკვნა იმის შესახებ, რომ გამოძიებისას არასრულყოფილად იქნა გამოკვლეული ა/ფ “..ის” მინდობილობის საფუძველზე მოქ. ე. ბ-ძის მიერ “გურია-91”-იდან 3.019261 საბჭოთაA მანეთის ღირებულების შავი ბაიხის ჩაის მიღების საკითხი, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ ჩანს, რომ მიღებული ჩაი ა/ფ “..მა” აიღო შემოსავალში.
რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და სწორად მიუთითა, რომ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს და დაადგინოს შპს “გურია 91”-მა ნამდვილად 2. 963783 საბჭოთაAმანეთით მეტი გადაუხადა თუ არა ა/ფ “..ს”, მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონების საფასურად.
თუ აღნიშნული დადგინდება, უნდა გაირკვეს საკითხი, რამ განაპირობა ზედმეტი თანხის გადახდა და რეალურად მოხმარდა თუ არა მიღებული თანხები მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და ბიუჯეტის დავალიანების დაფარვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას კანონიერად მიაჩნია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება გურიის საოლქო პროკურატურის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმების თაობაზე, რაც უცვლელად უნდა დარჩეს. წინასწარმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ უნდა შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს ისინი და მისცეს შესაბამიისი სამართლებერივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ივლისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა გურიის საოლქო პროკურატურის 2000 წლის 27 დეკემბრის დადგენილება ა. კ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე დარჩეს უცვლელად.