საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 17-აპ 19 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე. აღნიშნული განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 თებერვლის განაჩენში, ა. შ-ძის მიმართ სასჯელის ნაწილში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის III ნაწილის “გ” პუნქტით, 118-ე მუხლის II ნაწილითა და 188-ე მუხლის I ნაწილით შეფარდებული 13 წლით თ/აღკვეთა, სსკ-ის 56-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით თ/აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ა. შ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
2000 წლის 6 ნოემბერს, ღამის საათებში, გარდაბნის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე მდებარე სააგარაკე დასახლებაში მთვრალი ა. შ-ძე შეეცადა შ. შ-ძე. ამ მიზნით მივიდა დაზარალებულის ეზოს ჭიშკართან და შ. შ-ძეს სთხოვა ეზოშივე მდებარე დედამისის მაღაზიიდან მისთვის მიეყიდა არაყი და სიგარეტი. შ. შ-ძემ მას მიაწოდა ნაყიდი ნივთები. ამის შემდეგ შ. შ-ძემ ბოქლომით ჩაკეთა ჭიშკარი და შევიდა სახლში. რამოდენიმე წუთის შემდეგ შ. შ-ძე ძაღლის ყეფვის ხმაზე გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ სახლის კარებთან იდგა ა. შ-ძე. შ. შ-ძემ გააღო ჭიშკარი და მას მოუწოდა გასულიყო გარეთ. ა. შ-ძე მივიდა მასთან და კისერზე ხელის მოჭერით შეიყვანა მაღაზიაში, წააქცია და უბრძანა გაეხადა მასთან სქესობრივი კავშირის დაჭერის მიზნით, თან უთხრა, რომ თუ ქალიშვილი იქნებოდა ცოლად მოიყვანდა. დაზარალებულისაგან უარის მიღების შემდეგ მან სიკვდილის მუქარით დაუწყო შ. შ-ძეს ცემა და ცდილობდა ძალით გაეხადა მისთვის ტანსაცმელი. შ. შ-ძე მას წინააღმდეგობას უწევდა, იგი ხმამარალი ყვირილით უხმობდა მეზობლებს დასახმარებლად. შ. შ-ძეს ა. შ-ძემ შემოახია შარვალი, თავში დარტყმით დააკარგვინა გონება, როცა ის გონს მოვიდა იგრძნო, რომ ა. შ-ძე ხდიდა ქვედა საცვალს, რის საშუალებასაც არ აძლევდა. მათ შორის ჭიდილისას მაღაზიაში დაიმტვრა ღვინის ბოცები, რითაც მაღაზიას 150 ლარის ზარალი მიყენა. მინის ნატეხით ა. შ-ძემ შ. შ-ძეს დაუწყო ფეხების დასერვა, მაგრამ ვერ დაიმორჩილა, იგი გაიქცა ეზოს გარეთ და ყვირილით უხმობდა მეზობლებს დასახმარებლად. ა. შ-ძემ კი ისევ შემოათრია ეზოში, რა დროსაც ყვირილის ხმაზე, დაახლოვებით ორი საათის ტანჯვა-წამების შემდეგ, 2000 წლის 7 ნოემბერს 00. 30 საათზე მათ შეესწროთ შ. ბ-ძე, რის გამოც ა. შ-ძემ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. შ. შ-ძემ ა. შ-ძის მიერ ცემის შედეგად მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. შ-ძე ითხოვს სსკ-ის 19,137-ე მუხლის III ნაწილით წაყენებული ბრალდების მოხსნას და ჭეშმარიტების დადგენას.
მსჯავრდებული ა. შ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას დაზარალებულ შ. შ-ძის გაუპატიურების განზრახვა არ ჰქონია, თუ კი ასეთი მიზანი ექნებოდა მას შეეძლო კიდეც განეხორციელებინა და ბოლომდე მიეყვანა თავისი განზრახვა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ა. შ-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ხ-ძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ა. შ-ძეს არ ჰქონია დაზარალებულ შ. შ-ძის გაუპატიურების განზრახვა. დაზარალებულმა მხარემ განზრახ დაამძიმა ა. შ-ძის ბრალი. ადვოკატმა დ. ხ-ძემ იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულმა ა. შ-ძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
დაზარალებულმა შ. შ-ძემ და მისი ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა ნ. ს-ძემ კანონიერად მიიჩნიეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და იშუამდგომლეს მისი უცვლელად დატოვების შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ საქმის მასალების უტყუარადაა დადგენილი შ. შ-ძის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი, რასაც წინასწარი გამოძიების დროს თვით ა. შ-ძეც არ უარყოფდა.
პროკურორმა გ. მ-ძემ კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში სასჯელის ზომის განსაზღვრის ნაწილში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ა. შ-ძის მიერ დაზარალებულ შ. შ-ძის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი დადგენილია როგორც დაზარალებულ შ. შ-ძის, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმე შ. ბ-ძის ჩვენებით და თვით მსჯავრდებულ ა. შ-ძის მიერ წინასწარ გამოძიების დროს მიცემული არაერთი აღიარებითი ჩვენებით.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და სავსებით კანონიერად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულს ა. შ-ძეს ჰქონდა დაზარალებულ შ. შ-ძის გაუპატიურების განზრახვა, მაგრგამ ამ უკანასკნელმა გაუწია აქტიური წინააღმდეგობა, ხოლო შემდგომ კი შემთხვევის ადგილზე მივიდა, მოწმე შ. ბ-ძე, ამიტომ ა. შ-ძემ თავისი განზრახვა შ. შ-ძის გაუპატიურების შესახებ ვერ მიიყვანა ბოლომდე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. შ-ძის ქმედებას სააპელაციო სასამართლოს მიერ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. შ-ძის მიმართ სსკ-ის 19,137-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით შეფარდებული სასჯელი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, არის აშკარად მკაცრი სასჯელი, რადგან ა. შ-ძეს შეეფარდა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის (გაუპატიურების მცდელობა) დაწესებული მაქსიმალური სასჯელი. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაული ბოლომდე არ ყოფილა მოყანილი (ჩადენილია გაუპატიურების მცდელობა), მის ქმედებას რაიმე მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია ა. შ-ძეს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 3 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ნოემბრის განაჩენში ა. შ-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. მას სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 3 წლით და ამ ნაწილში განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. შ-ძეს საბოლოოდ განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.