დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 91-კოლ 25 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ყ-შვილის, კ. ქ-იას და ა. ფ-ძის ადვოკატების _ ჰ. ბ-შვილის, თ. გ-ძის, ნ. გ-შვილის, ა. ფანჯიკიძის და ი. ჩ-ძის, აგრეთვე თვით მსჯავრდებულ კ. ქ-იას საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც: გ. ყ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 307-ე მუხლითა და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულს მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. კ. ქ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 307-ე მუხლითა და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ყველა საკასაციო საჩივარი ითხოვს სამივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით. დამატებით ამისა, ადვოკატ თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ითხოვს მოწმეების _ გ. წ-ურის, გ. მ-ელის და ტ. წ-შვილის მიმართ გამოტანილი განჩინების გაუქმებას.
იმავე განაჩენით, გარდა ზემოაღნიშნული სამი პირისა, მსჯავრდებული არიან _ გ. გ-ძე, ა. გ-ძე, მ. გ-ძე, ი. ნ-ძე, ო. მ-ძე, დ. წ-ია და ზ. ქ-შვილი. ამ უკანასკნელთა მიმართ განაჩენი გასაჩივრებული არ არის.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გ. ყ-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან მონაწილეობა მიიღო ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის ძებნილი ი. გ-ძის მიერ ორგანიზებულ შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დამხობა. სახელმწიფო გადატრიალების გეგმის დასაზუსტებლად 1998-1999 წლებში იგი არაერთხელ შეხვდა ი. გ-ძეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მასთან ჰქონდა სისტემატური სატელეფონო კავშირი და მისგან მიღებული ფულით მატერიალურ დახმარებას უწევდა ნამდვილ სამხედრო სამსახურში მყოფ ოფიცრებს. ე.ი. ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობის სახით.
კ. ქ-იას მსჯავრი დაედო მასში, რომ 1998-99 წლებში ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დამხობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობით, რაც გამოიხატა შემდეგში: იგი, აწ გარდაცვლილ თ. პ-შვილთან და მსჯავრდებულ გ. გ-ძესთან ერთად, ი. გ-ძის დავალებით შეეცადა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს ქუთაისის რეგიონული განყოფილების ოფიცრების რ. შ-ძის და ზ. ს-ძის გადაბირებას სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში ჩასაბმელად, მაგრამ ამ უკანასკნელთაგან თანხმობა ვერ მიიღო. გარდა ამისა, თ. პ-შვილთან ერთად გაემგზავრა სომხეთში ი. გ-ძის მიერ დანაშაულის დასაფინანსებლად გამოგზავნილი თანხის მისაღებად. მანვე უნებართვოდ შეიძინა “ტტ”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, რომელთაც უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელ ბინაში.
ა. ფ-ძეს მსჯავრი დაედო მასში, რომ სხვა პირებთან ერთად 1998-99 წლებში მონაწილეობა მიიღო საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დამხობის მიზნით ი. გ-ძის მიერ ორგანიზებულ შეთქმულებაში. იგი აწ გარდაცვლილ თ. პ-შვილთან ერთად შეეცადა ამ შეთქმულებაში ჩაება ნ. რ-შვილი, მაგრამ მისგან თანხმობა ვერ მიიღო. ასევე შეეცადა შეთქმულებაში ჩაება ნ. კ-აკი, მაგრამ ვერც ამ უკანასკნელისაგან მიიღო თანხმობა. ე.ი. ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დამხობისათვის შეთქმულებაში მონაწილეობის სახით.
ყველა საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ წინასწარი გამოძიების დროს კანონის დარღვევით მოპოვებულ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მთლიანად უარყოფილი და გაბათილებულ იქნენ საქმის სასამართლო განხილვის დროს. გარდა ამისა, კასატორებს მიაჩნიათ, რომ წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა საგამოძიებო ქვემდებარეობა _ ნაცვლად სამხედრო პროკურატურისა, გამოძიება ჩაატარა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მაშინ, როდესაც, უშიშროების მინისტრი საქმეში ცნობილ იქნა დაზარალებულად.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა და მათმა ადვოკატებმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სამივე მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა.
პროკურორმა ხ. კ-ძემ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს კასატორთა იმ მოსაზრებას, რომ განაჩენი თითქოს ეყრდნობა წინასწარი გამოძიების დროს კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომლებიც უარყოფილი და გაბათილებულ იქნენ საქმის სასამართლო განხილვის დროს.
საქმის განმხილველმა სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად გამოიკვლია რა შეკრებილი მტკიცებულებანი, საეჭვო მასალები განსასჯელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა, რასაც ხაზგასმით აღნიშნავს ყველა საკასაციო საჩივარი. სასამართლომ განსასჯელებს მსჯავრი დასდო მხოლოდ იმ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენაში, რაც უდავოდ დადასტურდა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოკვლევის ერთობლიობით. შეკრებილ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო კოლეგიამ მისცა სწორი იურიდიული შეფასება, რასაც დააყრდნო დასაბუთებული და კანონიერი განაჩენი.
საქმის მასალებით დადასტურებას ვერ პოულობს კასატორთა ის მოსაზრება, რომ მტკიცებულებანი, რაც გამამტყუნებელ განაჩენს დაედო საფუძვლად, წინასწარი გამოძიების დროს მოპოვებულ იქნა კანონის დარღვევით და გამოძიების დაუშვებელი მეთოდების გამოყენებით. ასევე უსაფუძვლოა განაჩენის უკანონობის სამტკიცებლად ის მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილი ზოგიერთი მასალა საპროცესო კანონმდებლობისათვის უცნობი დოკუმენტია და მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული. მსჯავრდებულ გ. ყ-შვილის “აღიარებითი” თუ “მონანიებითი” განცხადებები შედგენილია არა გამომძიებლის, არამედ პირადად მის მიერ და, დასათაურების შესაბამისად, მათში გადმოცემულია მისი პირადი შეხედულებები და ახსნა საქმის იმ ფაქტობრივი გარემოებებისა, რომლის მონაწილეც თვითონ იყო.
პალატა მიიჩნევს, რომ წინასწარი გამოძიების მიერ დარღვეული არ არის საგამოძიებო ქვემდებარეობა. საგამოძიებო ჯგუფი ჩამოყალიბებულ იქნა საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ და თვითონვე, თავის აპარტთან ერთად, გამოძიებას უწევდა საპროცესო ხელმძღვანელობას.
საქართველოს სსსკ-ის 62-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, იმ შემთხვევაში: “თუ არსებობს კონკურენცია სხვადასხვა სახის საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, უპირატესობა ენიჭება უწყებრივ საგამოძიებო ქვემდებარეობას”. საქართველოს სსკ-ის 307-ე და 315-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიება უწყებრივად სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებელთა ქვემდებარეა. ხოლო ის ფაქტი, რომ წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, მას შემდეგ, რაც ამ ნაწილში სასამართლო კოლეგიამ განსასჯელები გაამართლა, გამოძიების ქვემდებარეობის დარღვევის მოტივით განაჩენის გაუქმებას არ შეიძლება საფუძვლად დაედოს.
სასამართლო კოლეგიამ გამოძიების დროს დაშვებულ ყველა დარღვევაზე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს არსებითად და გავლენას ვერ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რეაგირება მოახდინა კერძო განჩინების გამოტანით.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგია სამართლიანი იყო მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის განსაზღვრის ნაწილშიც. სასჯელის განსაზღვრის დროს კოლეგიამ გაითვალისწინა თითოეული განსასჯელის ბრალის ხარისხი, პასუხისმგებლობის საშეღავათო გარემოებები და ამის შესაბამისად დანიშნა ისეთი სასჯელები, რომელთა შეცვლის ან შესწორების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
პალატა თვლის, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სასამართლო კოლეგიის იმ განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც საქართველოს პროკურატურას ეცნობა სასამართლო პროცესზე მოწმეების _ გ. მ-ელის, გ. წ-ურის და ტ. წ-შვილის მიერ ჩვენებათა შეცვლის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 ნოემბრის განაჩენი გ. ყ-შვილის, ა. ფ-ძის, კ. ქ-იას და სხვა მსჯავრდებულთა მიმართ დარჩეს უცვლელად.
უცვლელად იქნეს დატოვებული ამავე საქმეზე დადგენილი განჩინებები და კერძო განჩინება.
საკასაციო საჩივართა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს მათი უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა, იგი კანონიერ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 593-601-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებით.