განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 20-კოლ 12 მარტი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,თ. ლალიაშვილი
განიხილა სახელმწიფო ბრალმდებელ მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 14 იანვრის გამამართლებელ განაჩენზე ა. ც-შვილის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ა. ც-შვილს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა დაუდევრობა, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფო და ცალკეული მოქალაქეების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რასაც შედეგად განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ა. ც-შვილი 1994 წლის 24 მარტიდან მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თანამდებობაზე, წარმოადგენდა თანამდებობის პირს. მისი სამუშაო ოთახი მდებარეობდა ქ.თბილისში, გორგასლის ქ.¹24-ში, საქართველოს პროკურატურის მე-2 სართულზე. აღნიშნული ოთახი ასევე წარმოადგენდა მთავარი სამხედრო პროკურატურის მუშაკების _ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ო. ბ-ულის, გ. ს-შვილის, თ. გ-ძის, პროკურორ კრიმინალისტ გ. მ-ელისა და საგამოძიებო ნაწილის კანცელარიის უფროსის, ინსპექტორ ე. მ-შვილის სამსახურებრივ სამუშაო ოთახს. ამავე ოთახში, რომელშიც არ იყო სეიფი, დაუბრკოლებლად შედიოდნენ მთავარი სამხედრო პროკურატურის, საზოგადოებრივ საწყისებზე მომუშავე თანაშემწეებიც _ შ. თ-შვილი და ი. ქ-ძე. 1994 წლის 1 ივლისს ა. ც-შვილმა წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის საქმე ¹22194013, რომელიც აღძრული იყო საქართველოს სსკ-ის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მოქალაქე ი. ზ-შვილისგან ქრთამის გამოძალვის ფაქტზე. 1994 წლის 5 ივლისს მთავარი სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს ჯ. მ-შვილს ი. ზ-შვილმა წარუდგინა მისგან გამოძალული და ქრთამის ამღები პირისაგან უკან დაბრუნებული 1.000 აშშ დოლარი, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი და მეორე დღეს თანხასთან ერთად გადაეცა ა.ც-შვილს.
ა. ც-შვილმა გამოიჩინა დანაშაულებრივი დაუდევრობა, დაარღვია გამოძიების ორგანოთა და სასამართლოთა მიერ ნივთმტკიცებათა, ფასეულობათა და სხვა ქონების ამოღების, შენახვისა და ჩაბარების ინსტრუქციის 35-ე პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, ა. ც-შვილმა ი. ზ-შვილისგან მიღებული 1.000 აშშ დოლარი შესაბამისი დადგენილებით ცნო ნივთმტკიცებად და დაურთო სისხლის სამართლის ¹22194013 საქმეს. მან, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, დღე-ღამის განმავლობაში არც თანხა ჩააბარა ბანკში და არც ზომები მიიღო მისი დაცვისათვის. იგი მოათავსა კონვერტში, ჩადო საქმეში და დატოვა სამუშაო ოთახში, რასაც შედეგად მოჰყვა დაუდგენელ პირთა მიერ ნივთმტკიცებად ცნობილი თანხის ფარული გატაცება.
1994 წლის 18 ივლისს ა. ც-შვილმა აღმოაჩინა, რომ ხსენებული ნივთმტკიცება _ 1.000 აშშ დოლარი დაკარგული იყო, რის შესახებაც იმავე დღეს ერთპიროვნულად შეადგინა აქტი. ა. ც-შვილის მიერ დაშვებული დანაშაულებრივი დაუდევრობის შედეგად სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, მოქალაქე ი. ზ-შვილის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და გამოიწვია მძიმე შედეგი. კერძოდ, ი. ზ-შვილმა დაკარგა დიდი ოდენობის ქონება, რომელიც მას უნდა დაბრუნებოდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 14 იანვრის განაჩენით ა. ც-შვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში და გამართლდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ჩაუდენლობის გამო. გამართლებულ ა. ც-შვილს განემარტა, რომ მისი გამართლება, საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს რეაბილიტაციის საფუძველს და მას რეაბილიტაციისა და სისხლისსამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით შეუძლია, მიმართოს თბილისის საოლქო სასამართლოს 6 თვის ვადაში.
ამასთან, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ გამოიტანა კერძო განჩინება ა. ც-შვილის მიმართ დაუსაბუთებელი და უკანონო დევნის ფაქტზე.
სახელმწიფო ბრალმდებელი მ.ჯანგველაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის იმ მოტივით, რომ არასწორია სასამართლოს მითითება 2001 წლის 27 ივნისს გენერალური პროკურორის მიერ ა. ც-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არასწორად აღძვრის თაობაზე. დაუსაბუთებელია სასამართლოს მტკიცება, რომ ა. ც-შვილს არავინ განუმარტა, თუ სად შეეტანა ფული. სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ ა. ც-შვილი იურისტია და თანაც _ საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან იცოდა ნივთმტკიცებათა, ფასეულობათა და სხვა სახის ქონების ამოღების, შენახვისა და ჩაბარების წესების შესახებ. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ნიშნით ღებულობს გ. მ-ელისა და ქ. ს-ძის ჩვენებებს სარწმუნოდ, ხოლო დანარჩენი მოწმეების ჩვენებებს არ მიიჩნევს ბრალდების მტკიცებულებად.
გამართლებული ა. ც-შვილი შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვებას და მის მიმართ დადგენილი გამამრთლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის მოტივები, თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ა. ც-შვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა განსასჯელის ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რის გამოც იგი შერაცხულ ბრალდებაში გაამართლა.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 1994 წლის 22 აგვისტოს მთავარ სამხედრო პროკურატურაში ა. ც-შვილის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დაუდევრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ე.ი. აღნიშნული მუხლის არარსებული ნაწილით. ამდენად, ა. ც-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კანონის უხეში დარღვევით და საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, არაღძრულ საქმეზე.
ქ.თბილისის პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ გ. ხ-ურის 1996 წლის 15 იანვრის დადგენილებით ა. ც-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. აღნიშნულ საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და შეჩერდა წინასწარი გამოძიება დამნაშავე პირის დაუდგენლობის გამო.
ამის შემდეგ საქმეზე წინასწარი გამოძიება რამდენჯერმე განახლდა და ისევ შეჩერდა. ბოლოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეჩერების დადგენილება გაუქმდა საქართველოს გენერალური პროკურორის 2001 წლის 27 ივნისის დადგენილებით. ა. ც-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის კოდექსი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული უნდა შეწყდეს, თუ გავიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად კი, მოცემული კატეგორიის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადას წარმოადგენს 6 წელი.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ გენერალური პროკურორის მიერ საქმის ხელახლა აღძვრის დროს, 2001 წლის 27 ივნისს, გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ა. ც-შვილის მიერ სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩაუდენლობის გამო. პალატა ვერ დაეთანხმება აღნიშნული გარემოებით ა. ც-შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ა. ც-შვილის მიერ ჩადენილი გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რაც გამოძიების ორგანოთა და სასამართლოთა მიერ ნივთმტკიცებათა, ფასეულობათა და სხვა ქონების ამოღების, შენახვისა და ჩაბარების წესების შესახებ ინსტრუქციის 35-ე პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფაში გამოიხატა, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება. სასამართლოს მითითება, რომ ა. ც-შვილს არ ჰქონდა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფა და შრომის ისეთი პირობები, რომლებიც შეესაბამებოდა შრომის კანონმდებლობის ელემენტარულ მოთხოვნებს და რომ მან მიიღო ყველა ზომა ფულის სადეპოზიტო ანგარიშზე შესატანად როგორც მთავარი ბუღალტრის, ისე ხელმძღვანელობისადმი მიმართვის სახით, არასწორია ა. ც-შვილის ბრალეულობის გამოსარიცხად. სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს არ შეიძლებოდა გაცნობიერებული არ ჰქონოდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, როცა იგი საქმეზე ნივთმტკიცებად დართულ თანხას არ აბარებდა ბანკში და სამუშაო ოთახში საქმესთან ერთად, მაგიდაზე ტოვებდა. აღნიშნულს თვით ა. ც-შვილი არ უარყოფს და თავის ნამოქმედარს ხსნის სამუშაო ოთახში სეიფის უქონლობით და საგამოძიებო ნაწილის უფროსის ჯ. მ-შვილის მიერ ფულის შენახვის თაობაზე მისი თხოვნის უყურადღებოდ დატოვებით. უდავოა, რომ მან, როგორც გამომძიებელმა და თანამდებობის პირმა, როცა არ უზრუნველყო მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმისა და ამ საქმეზე ნივთმტკიცებად დართული ფულის უსაფრთხო მოვლა და შენახვა, ჩაიდინა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქე ი. ზ-შვილის ინტერესების შელახვა და გამოიწვია მძიმე შედეგი. ამ ქმედების გამართლება შრომის სათანადო პირობების უქონლობით და იმის მოშველიებით, რომ ხელმძღვანელობის მიერ მივლინებაში გაგზავნის გამო ა. ც-შვილი იძულებული იყო, სისხლის სამართლის საქმე, ნივთმტკიცებად დართულ ფულთან ერთად, უმეთვალყურეოდ დაეტოვებინა სამუშაო კაბინეტში, რომელშიც არაერთ პირს ჰქონდა თავისუფლად შესვლის საშუალება, დამაჯერებლობას მოკლებულია. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. ც-შვილმა სისხლის სამართლის საქმე, ნივთმტკიცებად ცნობილ ფულთან ერთად, ვინმეზე მინდობის გარეშე 6 ივლისს უმეთვალყურეოდ დატოვა სამუშაო ოთახში და ნივთმტკიცების დაკარგვის ფაქტი აღმოაჩინა მხოლოდ 18 ივლისს, განაჩენით უარყოფილი არ არის. აქედან გამომდინარე, ა. ც-შვილის ბრალის გამორიცხვა გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულში, რაც გამოიხატა მის წარმოებაში არსებულ საქმეზე ნივთმტკიცებად დართული ფულის დაკარგვაში, არასწორია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ც-შვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და სასამართლოს კერძო განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 14 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ა. ც-შვილის მიმართ და ამავე სასამართლოს 2002 წლის 14 იანვრის კერძო განჩინება. საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.