განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 04.07.2002
საქმის ნომერი
2კ-49კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 49-კოლ 4 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-იასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-შვილის, მსჯავრდებულ ლ. ბ-ავას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ს, მსჯავრდებულ ვ. ქ-ავას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ.კ-ას, მსჯავრდებულების: ლ. ს-იასა და ლ. კ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. წ-ას, მსჯავრდებულ ტ. ხ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. რ-შვილის, მსჯავრდებულების: ს. ჭ-ავას, ა. ფ-ძის და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 5 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001წ. 16 მაისის განჩინებით ვ. გ-იას, ლ. ბ-ავას, ვ. ქ-ავას, ე. ა-ძის, ლ. ს-იას, ლ. კ-იას, ტ. ხ-იას, ს. ჭ-ავასა და ა. ფ-ძის ბრალდების საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001წ. 18 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001წ. 16 მაისის განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 5 მარტის განაჩენით ვ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ. კოდექსი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, სსკ-ის 191-ე მუხლით (1960წ.) _ 1 წლით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (1999წ.) _ 7 წლით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით. მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვ. გ-იას საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

ლ. ბ-ავა და ვ. ქ-ავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ.) _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, სსკ-ის 191-ე მუხლით (1960წ.) _ 1 წლით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით. მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ლ. ბ-ავას და ვ. ქ-ავას საბოლოოდ განესაზღვრათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

ე. ა-ძე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1999წ.) წარდგენილ ბრალდებებში, სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. ე. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლით (1960წ.) _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (1999წ.) _ 8 წლით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით. მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ე. ა-ძეს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

ლ. ს-ია გამართლდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (1999წ.) წარდგენილ ბრალდებაში, სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. ლ. ს-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლით (1960წ.) _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (1999წ.) _ 6 წლით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით. მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ლ. ს-იას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

ლ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლით (1960წ.) _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (1999წ.) _ 6 წლით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით. მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ლ. კ-იას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, საჯარო და მასთან გათანაბრებულ სამსახურში მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

ტ. ხ-ია, ა. ფ-ძე და ს. ჭ-ავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ.) და მიესაჯათ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით მსჯავრდებულებს _ ვ. გ-იას, ლ. ბ-ავას, ვ. ქ-ავას, ე. ა-ძეს, ლ. ს-იასა და ლ. კ-იას სოლიდარულად დაეკისრათ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი საპენსიო ფონდის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 204.375,20 ლარის ოდენობით.

განაჩენით ვ. გ-იას, ლ. ბ-ავასა და ვ. ქ-ავას მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ მათ ჩაიდინეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ მოქმედების განზრახ ჩადენა, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, ჩადენილი სისტემატურად, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა; მათვე ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ შეგნებულად ყალბი დოკუმენტების შედგენა, აგრეთვე დაწესებულების საქმეებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში სიყალბის გაკეთება, ჩადენილი ანგარებით; მათვე ჩაიდინეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მათ მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ვ. გ-ია მუშაობდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სენაკის რაიონული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ლ. ბ-ავა _ ამავე დაწესებულების მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, ხოლო ვ. ქ-ავა _ ამავე დაწესებულების ინსპექტორ-რევიზორის თანამდებობაზე. ორგანიზებულმა ჯგუფმა, ზემოთ მითითებული პირების, შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალის უფროს ე. ა-ძის, ამავე ფილიალის მთავარი ბუღალტრის _ ლ. ს-იას და ამავე ფილიალის მთავარი მოლარის _ ლ. კ-იას შემადგენლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებითა და სამსახურებრივი სიყალბით (საკასო, საანგარიშსწორებო, საბალანსო დოკუმენტების გაყალბებით) 1998-1999წ.წ. და 2000წ. იანვარ-აპრილის თვეებში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს მათ მართლზომიერ მფლობელობასა და სამსახურებრივ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთი _ სენაკის რაიონის პენსიონერებზე გასაცემი სახელმწიფო საპენსიო თანხა 255.035,8 ლარის ოდენობით, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ერთმანეთში გაინაწილეს.

მათვე, 1998-1999წ.წ. და 2000წ. იანვარ-აპრილის თვეებში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, განზრახ, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ დააწესეს კონტროლი საპენსიო თანხების ხარჯვის კანონიერებაზე, რის შედეგადაც 1998-1999წ.წ, და 2000წ. იანვარ-აპრილის თვეებში შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალის თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, არამიზნობრივად გაეხარჯათ საფოსტო მომსახურების თანხები 40.203 ლარის ოდენობით.

ე. ა-ძეს, ლ. ს-იასა და ლ. კ-იას მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ მათ ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ შეგნებულად ყალბი დოკუმენტების შედგენა, აგრეთვე დაწესებულების საქმეებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში სიყალბის გაკეთება, ჩადენილი ანგარებით; მათვე ჩაიდინეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მათ მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ე. ა-ძე მუშაობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალის უფროსის თანამდებობაზე, ლ. ს-ია _ ამავე ფილიალის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, ხოლო ლ. კ-ია _ ამავე ფილიალის მთავარი მოლარის თანამდებობაზე. ორგანიზებულმა ჯგუფმა, ზემოთ მითითებული პირების, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სენაკის რაიონული განყოფილების უფროს ვ. გ-იას, ამავე დაწესებულების მთავარი ბუღალტრის _ ლ. ბ-ავას და ამავე დაწესებულების რევიზორ-ინსპექტორ ვ. ქ-ავას შემადგენლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებითა და სამსახურებრივი სიყალბით (საკასო, საანგარიშსწორებო, საბალანსო დოკუმენტების გაყალბებით) 1998-1999წ.წ. და 2000წ. იანვარ-აპრილის თვეებში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს მათ მართლზომიერ მფლობელობასა და სამსახურებრივ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთი _ სენაკის რაიონის პენსიონერებზე გასაცემი სახელმწიფო საპენსიო თანხა 255.035,8 ლარის ოდენობით, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ერთად გაინაწილეს.

ტ. ხ-იას, ა. ფ-ძესა და ს. ჭ-ავას მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ მათ ჩაიდინეს დაუდევრობა, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერსებს და რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ტ. ხ-ია მუშაობდა რა საქართველოს კონტროლის პალატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურის ინსპექტორ-რევიზორის თანამდებობაზე, შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის განყოფილებაში პენსიებისა და სოციალური დახმარებების (შემწეობის) თანხების გაცემის კანონიერების შესასწავლად კომპლექსური რევიზიის ჩატარებისას არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, გამოიჩინა ამ უკანასკნელისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდიდან ჩარიცხული თანხების ოდენობა არ შეუდარა პირადად, როგორც სარევიზიო ჯგუფის წევრმა, საფოსტო განყოფილებების მიერ შესაბამისი თანხების გაცემის შემხვედრი შემოწმების შედეგებს და 1998წ. 20 ივლისით დათარიღებული, ჯგუფის სხვა წევრის მიერ შედგენილი სარევიზიო აქტი, რომლითაც თითქოსდა თანხების შემოსავალი უდანაკლისოდ აბალანსებდა გასავალს, გაუკონტროლებლად დაადასტურა თავისი ხელმოწერით, ეს მაშინ, როცა 1998წ. 1 იანვრიდან 1998წ. 1 ივლისამდე სენაკის საფოსტო ფილიალის მიერ საფოსტო მომსახურებისათვის არამიზნობრივად უკვე იყო გახარჯული 10.665 ლარის ოდენობის საპენსიო თანხა, ხოლო დანაკლისი, მითვისებული საპენსიო თანხის სახით, იმავე დროისათვის 100.624 ლარს შეადგენდა. ამდენად, ტ. ხ-იამ რევიზიის ჩატარებისა და შედეგების სიზუსტით დადგენისას, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალში ვერ გამოავლინა 10.665 ლარის ოდენობის საპენსიო თანხის არამიზნობრივად ხარჯვა და 100.624 ლარის ოდენობის მითვისებული საპენსიო თანხის დანაკლისი. ტ. ხ-იას ამ დაუდევრობის შედეგად საფოსტო ფილიალისა და საპენსიო ფონდის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელებმა _ ვ. გ-იამ, ე. ა-ძემ და სხვებმა განაგრძეს საპენსიო თანხების ჯგუფური მითვისება და მისი არადანიშნულებისამებრ ხარჯვა, რამაც საბოლოო ჯამში მითვისებული საპენსიო თანხის დანაკლისის სახით 255.035,80 ლარი, ხოლო არამიზნობრივად გახარჯული საპენსიო თანხის სახით 40.203 ლარი შეადგინა, ე.ი. განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, ხოლო სახელმწიფო საპენსიო ფონდსა და ცალკეულ მოქალაქეებს _ რაიონის პენსიონერებს პენსიების მიუღებლობით მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.

ა. ფ-ძე მუშაობდა შპს “საქართველოს ფოსტის” საკონტროლო-საინსპექციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო ს. ჭ-ავა _ ამავე განყოფილების ბუღალტრად. მათ შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის განყოფილებაში საპენსიო თანხების გაცემის კანონიერების შესასწავლად რევიზიის ჩატარებისას არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა, გამოიჩინეს რა ამ უკანასკნელისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, რევიზია ჩაატარეს ზედაპირულად და ცალმხრივად, საფოსტო ფილიალების მიერ პენსიონერებზე გაცემული თანხების ოდენობის შემხვედრი შემოწმებისა და შედეგების შედარების გარეშე და 1999წ. 30 აპრილის თარიღით შეადგინეს რევიზიის აქტი, რომლითაც თითქოსდა თანხების შემოსავალი უდანაკლისოდ აბალანსებდა გასავალს, ეს მაშინ, როცა 1999წ. 1 აპრილის მდგომარეობით სენაკის საფოსტო ფილიალში დანაკლისი, მითვისებული საპენსიო თანხების სახით, შეადგენდა 185.336,48 ლარს. ამდენად, ა. ფ-ძემ და ს. ჭ-ავამ, რევიზიის ჩატარებისა და შედეგების სიზუსტით დადგენის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალში ვერ გამოავლინეს დიდი ოდენობით მითვისებული საპენსიო თანხის დანაკლისი. ა. ფ-ძისა და ს. ჭ-ავას ამ დაუდევრობის შედეგად საფოსტო ფილიალისა და საპენსიო ფონდის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელებმა _ ვ. გ-იამ, ე. ა-ძემ და სხვებმა განაგრძეს საპენსიო თანხების ჯგუფური მითვისება და მისი არადანიშნულებისამებრ ხარჯვა, რამაც საბოლოო ჯამში მითვისებული საპენსიო თანხის დანაკლისის სახით 255.035,80 ლარი, ხოლო არამიზნობრივად გახარჯული საპენსიო თანხის სახით 40.203 ლარი შეადგინა, ე.ი. განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, ხოლო სახელმწიფო საპენსიო ფონდსა და ცალკეულ მოქალაქეებს _ რაიონის პენსიონერებს პენსიების მიუღებლობით მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.

მსჯავრდებული ვ. გ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენებას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან იმ მოტივით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა დაუდევრობით, მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია 20.800 ლარი, ხასიათდება დადებითად, მუშაობის პერიოდში არ მიუღია არც ერთი საყვედური, არის მარტოხელა, ასაკოვანი ქალი, ადრე ნასამართლევი არ არის, არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას და პატიმრობაში ყოფნით ვერ შეძლებს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურებას.

მსჯავრდებულ ვ. გ-იას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო.გოგიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას სასჯელის ნაწილში და ვ. გ-იასთვის ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან იმ მოტივით, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, დაავადებულია დიაბეტით, არის 60 წელს მიღწეული, ნებაყოფლობით დაფარა მითვისებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მსჯავრდებულ ლ. ბ-ავას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჭაჭუა საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ. ბ-ავას მიმართ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (1999წ.), სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 191-ე მუხლით (1960წ.) ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, ლ. ბ-ავას ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ.) და იმის გათვალისწინებით, რომ იგი პირველად არის სამართალში, ხასიათდება დადებითად, არის მძიმე ავადმყოფი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფზე ჰყავს ინვალიდი მეუღლე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა აფხაზეთში და არის იძულებით გადაადგილებული პირი, მისთვის ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

მსჯავრდებული ლ. ბ-ავა ეთანხმება თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას.

მსჯავრდებულ ვ. ქ-ავას ინტერსების დამცველი, ადვოკატი გ. კ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ. ქ-ავას გამართლებას სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებითა (1999წ.) და 191-ე მუხლით (1960წ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ვ. ქ-ავას ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (1960წ.) და მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან იმ მოტივით, რომ იგი ადრე ნასამართლევი არ არის, კმაყოფაზე ჰყავს მეორე ჯგუფის ინვალიდი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, ხასიათდება დადებითად; ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თანხები მის მიერ არ ყოფილა დატაცებული, ვ. გ-იასგან მიღებული 10.000 ლარიდან 8.000 ლარი უკვე დაბრუნებული აქვს სახელმწიფოსთვის.

მსჯავრდებული ვ. ქ-ავა ეთანხმება თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრის მოთხოვნას.

მსჯავრდებულების _ ლ. ს-იასა და ლ. კ-იას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ.წ-ია საკასაციო საჩივრებით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ლ. ს-იასა და ლ. კ-იას მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენებას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ მსჯავრდებულთათვის სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. კერძოდ, მსჯავრდებულებმა გულწრფელად აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყეს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, ადრე ნასამართლევი არ არიან, ხასიათდებიან დადებითად; დაავადებული არიან მძიმე ავადმყოფობით: ლ. ს-ია _ თირკმლის კისტოზური დაავადებით, ხოლო ლ. კ-ია _ მარცხენა და მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ფიბრომული კისტური მასტოპათიით, 1988 წლიდან იგი აყვანილია აღრიცხვაზე თბილისის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულთა ონკოლოგიურ ცენტრში, სამჯერ გაუკეთდა ოპერაცია, ორივე მათგანი საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას; ლ. ს-იას ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილები, ხოლო ლ. კ-იას _ მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.

მსჯავრდებულები ლ. ს-ია და ლ. კ-ია მხარს უჭერენ თავიანთი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრების მოთხოვნას.

მსჯავრდებულ ტ. ხ-იას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ.რ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ტ. ხ-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტივით, რომ მან შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის განყოფილების ბუღალტერია შეამოწმა “კონტროლის პალატის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით და მას არ შეეძლო, ბუღალტერიაში არსებული დოკუმენტებით დაედგინა განაჩენით დადგენილი თანხების დანაკლისი.

მსჯავრდებული ტ. ხ-ია ეთანხმება თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრის მოთხოვნას.

მსჯავრდებულები _ ა. ფ-ძე და ს. ჭ-ავა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს მათი ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მსჯავრდებულების _ ა. ფ-ძისა და ს. ჭ-ავას ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.ი-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. ფ-ძისა და ს. ჭ-ავას მიმართ განაჩენის გაუქმებას და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მათი ქმედება არ მოიცავს სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარ დამოკიდებულებას, ან მსჯავრდებულთა მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენებას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

მსჯავრდებულები _ ა. ფ-ძე და ს. ჭ-ავა ეთანხმებიან თავიანთი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას.

პროკურორი გ.მიქაძე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას, ამასთან, მსჯავრდებულ ვ. ქ-ავას მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემცირებას 3 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივები, თვლის, რომ მსჯავრდებულ ვ. გ-იასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო.გ-შვილის, მსჯავრდებულ ლ. ბ-ავას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ას, მსჯავრდებულ ვ. ქ-ავას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-იას, მსჯავრდებულების: ლ. ს-იასა და ლ. კ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. წ-ას, მსჯავრდებულ ტ. ხ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. რ-შვილის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულების: ს. ჭ-ავას, ა. ფ-ძისა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი-ის საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული სარევიზიო შემოწმების აქტითა და სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 1998წ. 1 იანვრიდან 2000წ. 1 მაისამდე შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალიდან პენსიონერებზე გაცემულად ნაჩვენებ და ფაქტობრივად გაცემულ საპენსიო თანხებს შორის სხვაობა დანაკლისის სახით შეადგენს 255.035,80 ლარს და სოცუზრუნველყოფის სენაკის რაიონულ განყოფილებასა და სენაკის საფოსტო ფილიალს შორის 1998წ. 1 იანვრიდან 2000წ. 1 მაისამდე პერიოდის შედარების აქტები არ შეესაბამება საფოსტო განყოფილებების (22 განყოფილება) მიერ რეესტრებით გაცემულ საპენსიო თანხებს და სხვაობა დანაკლისის სახით შეადგენს 255.035,80 ლარს.

გარდა ამისა, სარევიზიო შემოწმების აქტითა და სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 1998წ. 1 იანვრიდან 2000წ. 1 მაისამდე პერიოდში შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალში არამიზნობრივად გაიხარჯა 40.203 ლარის ოდენობის საპენსიო თანხა, რასაც არც მსჯავრდებულები _ ვ. გ-ია, ლ. ბ-ავა და ვ. ქ-ავა უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ იცოდნენ, მაგრამ ვინაიდან თანხა იხარჯებოდა საფოსტო მომსახურებისათვის კუთვნილი 2,3%-ის ფარგლებში, ამას საგანგაშოდ არ თვლიდნენ. თუმცა ექსპერტ ვ. გიგუაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ ფოსტას არ ჰქონდა პენსიებზე გასაცემად გადარიცხული თანხის მომსახურების ხარჯებად გამოყენების უფლება.

მსჯავრდებულების _ ვ. გ-იას, ე. ა-ძის, ლ. ს-იასა და ლ. კ-იას ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ საფოსტო ფილიალსა და სოცუზრუნველყოფის განყოფილებას შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 1998-2000წ.წ. ხდებოდა საკასო-საბუღალტრო დოკუმენტების გაყალბება, საფოსტო განყოფილებებზე ხდებოდა კუთვნილზე ნაკლები ოდენობის საპენსიო თანხების გაცემა, ხოლო განყოფილებებიდან წარმოდგენილი, პენსიონერებზე რეალურად გაცემული საპენსიო თანხების რეესტრები ნადგურდებოდა, მათ ნაცვლად დგებოდა ყალბი რეესტრები ფილიალიდან გაცემულად ნაჩვენები თანხების დაბალანსებით, რის შემდეგაც საფოსტო ფილიალისა და სოცუზრუნველყოფის განყოფილებები გაყალბებული მონაცემებით ადგენდნენ ურთიერთშედარების უწყისებს, ხოლო გაცემულად ნაჩვენებ, მაგრამ, ფაქტობრივად, გაუცემელ საპენსიო თანხის ნაწილს ურთიერთშორის იყოფდნენ.

მსჯავრდებულ ვ. გ-იას ჩვენებებით დადგენილია ისიც, რომ საპენსიო თანხების მითვისებაში მათთან ერთად მონაწილეობდნენ ლ. ბ-ავა და ვ. ქ-ავა, რომელთაც ეძლეოდათ მითვისებული თანხების კუთვნილი წილი. ვ. გ-იამ ვ. ქ-ავას თავის წილად სხვადასხვა დროს სულ მისცა 10.000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელიც არ უარყოფს და მიღებული თანხიდან 8.000 ლარი ნებაყოფლობით დააბრუნა.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების _ ლ. ბ-ავასა და ვ. ქ-ავას ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივრების მოტივს, რომ ლ. ბ-ავასა და ვ. ქ-ავას მიერ მითვისებული საპენსიო თანხა არ იმყოფებოდა ლ. ბ-ასა და ვ. ქ-ავას მფლობელობასა და გამგებლობაში და აღნიშნული თანხის ხარჯვის კანონიერებაზე უკონტროლობა გამოწვეული იყო მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესარულებით, ე.ი. დაუდევრობით, ეს მაშინ, როდესაც ლ. ბ-ავა იყო სენაკის სოცუზრუნველყოფის განყოფილებისა და ერთიანი საპენსიო ფონდის მთავარი ბუღალტერი, მისთვის ცნობილი იყო საფოსტო ფილიალსა და საფონდო განყოფილებაში ორმაგი ბუღალტერიის არსებობა და გაყალბებული დოკუმენტები მისი ხელმოწერითაც დასტურდებოდა. რაც შეეხება ვ. ქ-ავას, იგი მუშაობდა განყოფილების ინსპექტორ-რევიზორად და მის სამსახურებრივ მოვალეობას სწორედ საპენსიო თანხების მიზნობრივ და კანონიერ ხარჯვაზე კონტროლი შეადგენდა.

ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ ვ. გ-იას, ლ. ბ-ავას, ვ. ქ-ავას, ე. ა-ძის, ლ. ს-იასა და ლ. კ-იას დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (1999წ. კოდექსი _ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რადგანაც დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 94-ე მუხლი აღნიშნული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნად არ ითვალისწინებდა მის ჩადენას ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების _ ტ. ხ-იას, ა. ფ-ძის, ს. ჭ-ავასა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ტ. ხ-ია მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ინსპექტორ-რევიზორის თანამდებობაზე. აღნიშნული ბიუროს უფროსის _ გ. გ-ავას 1998წ. 30 ივნისის ¹95 ბრძანებით მთავარ მრჩეველ ლ. უ-შვილსა და ტ. ხ-იას დაევალათ შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის განყოფილებასა და სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სენაკის განყოფილებაში პენსია-დახმარებების გაცემის მდგომარეობის შემოწმება. ზემოაღნიშნულმა პირებმა შეადგინეს შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალის საფოსტო განყოფილებაში პენსია-დახმარებების თანხების გაცემისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის პროგრამა, რომელიც შედგებოდა 16 პუნქტისაგან. პროგრამის მიხედვით, ჯგუფის წევრებს ევალებოდათ სოციალური უზრუნველყოფის ფონდიდან პენსიების გასაცემად ჩარიცხული თანხის ფილიალებზე გაცემის დროულობისა და სისწორის შემოწმება, შემოსავლებისა და ხარჯვის ანალიზი, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების წარმოქმნისა და რეალობის სისწორის შემოწმება და სხვა. სარევიზიო ჯგუფის მიერ შედგენილ აქტში, რომელიც დათარიღებულია 1998წ. 20 ივლისით, აღნიშნულია, რომ თანხების შემოსავალი უდანაკლისოდ აბალანსებდა გასავალს და არაა მითითებული საპენსიო თანხების დანაკლისისა და მისი არადანიშნულებისამებრ ხარჯვის შესახებ, ეს მაშინ, როდესაც იმ დროისათვის არამიზნობრივად გახარჯული საპენსიო თანხა 10.665 ლარს, ხოლო საპენსიო თანხის მითვისებით გამოწვეული დანაკლისი 100.624 ლარს შეადგენდა. ამდენად, საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილია, რომ ტ. ხ-იამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და გამოიჩინა დაუდევრობა.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ასევე უდავოდაა დადასტურებული ა. ფ-ძისა და ს. ჭ-ავას დაუდევარი ქმედება. 1999წ. 1 აპრილიდან 30 აპრილამდე ა. ფ-ძემ და ს. ჭ-ავამ სენაკის საფოსტო ფილიალში ჩაატარეს რევიზია და შეადგინეს 1999წ. 30 აპრილით დათარიღებული აქტი, რომელშიც არ მიუთითეს საპენსიო თანხების დანაკლისის თაობაზე, ეს მაშინ, როდესაც იმ დროისათვის საფოსტო ფილიალში დანაკლისი მითვისებული საპენსიო თანხის სახით შეადგენდა 185.336,48 ლარს.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებს _ ტ. ხ-იას, ა. ფ-ძესა და ს. ჭ-ავას სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოთ პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოთ 2-2 წელი.

გარდა ამისა, განაჩენში მსჯავრდებულ ს. ჭ-ავას მიმართ არასწორადაა მითითებული, რომ იგი მუშაობდა შპს “საქართველოს ფოსტის” საკონტროლო-საინსპექციო განყოფილების წამყვან სპეციალისტად. იგი დანაშაულის ჩადენის დროს მუშაობდა ამავე განყოფილებაში ბუღალტრის თანამდებობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენში მსჯავრდებულ ს. ჭ-ავას მიმართ მითითება _ “შპს “საქართველოს ფოსტის” საკონტროლო-საინსპექციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი” ყველგან უნდა შეიცვალოს სიტყვებით _ “შპს “საქართველოს ფოსტის” საკონტროლო-საინსპექციო განყოფილების ბუღალტერი”.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. გ-იასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-შვილის, მსჯავრდებულ ლ. ბ-ავას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ას, მსჯავრდებულ ვ. ქ-ავას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ას, მსჯავრდებულების: ლ. ს-იასა და ლ. კ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. წ-ას, მსჯავრდებულ ტ. ხ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. რ-შვილის საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულების: ს. ჭ-ავას, ა. ფ-ძის და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი-ის საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 5 მარტის განაჩენში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მსჯავრდებულების _ ვ. გ-იას, ლ. ბ-ავას, ვ. ქ-ავას, ე. ა-ძის, ლ. ს-იასა და ლ. კ-იას დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (1999 წლის კოდექსი), გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე.

2. მსჯავრდებულებს _ ტ. ხ-იას, ა. ფ-ძესა და ს. ჭ-ავას დანიშნული სასჯელები, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოთ პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროთ 2-2 წელი.

მსჯავრდებულებს _ ტ. ხ-იას, ა. ფ-ძესა და ს. ჭ-ავას დაევალოთ, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სააღსრულებო ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი.

პირობით მსჯავრდებულთა ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. განაჩენში მსჯავრდებულ ს. ჭ-ავას მიმართ მითითება _ “შპს “საქართველოს ფოსტის” საკონტროლო-საინსპექციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი” ყველგან შეიცვალოს სიტყვებით _ “შპს “საქართველოს ფოსტის” საკონტროლო-საინსპექციო განყოფილების ბუღალტერი”.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.