საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.04.2001
საქმის ნომერი
2კ-28კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.04.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 28კოლ 26 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. რ-შვილისა და ო. ფ--შვილის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც: ვ. თ-შვილი, დაპატიმრებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი, ადრე სამართალში არყოფილი, ამჟამად პატიმარი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “კ” პუნქტით, 19,109-ე მუხლის “ა” და “კ” პუნქტებით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით. ერთობლივად, სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით სასჯელის მოხდა. დაეწყო 2000 წლის 28 მაისიდან.

დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და მოსარჩელე მ. ო-იას სასარგებლოდ დაეკისრა 22636 ლარისა და 50 თეთრის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. თ-შვილმა 1999 წლის სექტემბრიდან მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში. 2000 წლის 29 თებერვლიდან იყო ასევე, სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი, შენახვის და ტარების უფლებით სარგებლობაში ჰქონდა ტაბელური “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი რვა საბრძოლო ვაზნით.

2000 წლის 28 მაისს, დილის 10 საათზე, ვ. თ-შვილმა დაამთავრა ოპერატიული მორიგეობა და დასასვენებლად სახლში წავიდა. 1800 საათისათვის თავის თანამშრომელ ა. ნ-შვილს ესტუმრა წვეულებაზე ქ. თბილისში, ... ქუჩაზე. სუფრასთან დაჰყო დაახლოებით 2 საათი, რა დროსაც დალია ღვინო და დათვრა. დაახლოებით 2000 საათზე, მთვრალმა, მიატოვა სუფრა და სახლში, დიდი დიღმის დასახლებაში წასვლის მიზნით, გაგარინის სახელობის მოედნამდე ფეხით ჩამოვიდა, საიდანაც ნაცნობის ავტომანქანით მივიდა მეტროს სადგურ “ახმეტელის თეატრამდე”. სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე დაელოდა ტრანსპორტს, მაგრამ, რადგან ტრანსპორტი არ იყო, შეშელიძის ქუჩით ფეხით წავიდა სახლისაკენ. მეტროს სადგურ “სარაჯიშვილთან”, მინდელის სახელობის ხიდთან, დაინახა სიგარეტით ხელზე მოვაჭრე ნ. ლ-ძე. ვ. თ-შვილი მივიდა მასთან და შესთავაზა, გაცნობის მიზნით, გვერდზე გაჰყოლოდა, რაზეც ნ. ლ-ძისაგან უარი მიიღო. ამით განაწყენებულმა ვ. თ-შვილმა, ნ. ლ-ძის მიმართ ძალადობის მუქარის, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის მიზნით, ტაბელური “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან ჰაერში სამჯერ გაისროლა. შეშინებულმა ნ. ლ-ძემ ვ. თ-შვილს სთხოვა თავი დაენებებინა და მიზნით მეტრო “ახმეტელის” მიმართულებით წავიდა. ვ. თ-შვილი არ მოეშვა მას და იარაღით ხელში უკან დაედევნა, წამოეწია დაახლოებით 8-9 მეტრში. ამ დროს, შემთხვევის ადგილზე, “ფორდის” მარკის საკუთარი მიკროავტობუსით, მგზავრების გარეშე, გამოიარა ჯ. ჯ-იამ, რომელმაც გაუჩერა ავტომანქანა ნ. ლ-ძეს, გაუღო წინა მარჯვენა კარი და შესთავაზა ვ. თ-შვილისაგან თავის დაღწევის მიზნით ჩამჯდარიყო და იქიდან წაიყვანდა. ამ დროს მანქანასთან მივიდა პისტოლეტმომარჯვებული ვ. თ-შვილი და ჯ. ჯ-იას დაუყვირა, იქედან წასულიყო. შეშინებულმა ჯ. ჯ-იამ დახურა კარი და დაძრა მანქანა. ვ. თ-შვილმა ავტომანქანის კარს ფეხი მიარტყა, ხოლო როდესაც მანქანა დაიძრა, ყოველგვარი მოტივის გარეშე, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განზარხ მოკვლის მიზნით, ავტომანქანიდან დაახლოებით 1,5 მეტრის მანძილიდან, მძღოლის მხარის სიმაღლეზე აწეული პისტოლეტიდან, დამიზნებით, ერთი ტყვია ესროლა საჭესთან მჯდომ ჯ. ჯ-იას. ტყვია ჯ. ჯ-იას მოხვდა მარჯვენა მხარის შუა მესამედში, შეაღწია გულ-მკერდის მარჯვენა ნახევრის ღრუში და გაჩერდა კისრის ფუძესთან, წინა მარცხენა ნაწილში. ჯ. ჯ-იამ გონების დაკარგვამდე განაგრძო ავტომანქანის მართვა, გაიარა დაახლოებით 280 მეტრი, შემდეგ მანქანა ავარდა გზის გამყოფ გაზონზე და გაჩერდა. შემთხვევით გამვლელმა ც-შვილმა ჯ. ჯ-ია წაიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ იგი გზაში გარდაიცვალა.

აღნიშნულის შემდეგ ვ. თ-შვილი, განსაკუთრებული თავხედობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით და ძალადობით, კვლავ აგრძელებდა ხულიგნურ მოქმედებას, ნ. ლ-ძისაგან მოითხოვდა სალაპარაკოდ გვერდზე გაჰყოლოდა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე მივიდა ნ. ლ-ძის და _ თ. ლ-ძე, უთხრა, თავი დაენებებინა მისი დისთვის და წესრიგისაკენ მოუწოდა. პასუხად, ვ. თ-შვილმა პისტოლეტიდან ოთხი ტყვია გაისროლა ჰაერში. შეშინებული თ. და ნ. ლ-ძეები გაიქცნენ საავტომობილო გზის მეორე მხარეს. მათ უცენზურო სიტყვებით და ლანძღვა-გინებით გამოეკიდა იარაღმომარჯვებული ვ. თ-შვილი. იგი გზის მეორე მხარეს დაეწია მათ, თ. ლ-ძეს მარცხენა ხელი ყელში წაუჭირა, მარჯვენა ხელით პისტოლეტი მიადო საფეთქელზე და უმოტივოდ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, პისტოლეტის ჩახმახს ორჯერ გამოჰკრა, მაგრამ იარაღი ტყვიებისაგან დაცლილი აღმოჩნდა, გასროლა არ მოხდა და ვ. თ-შვილმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თ. ლ-ძის მოკვლის განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

ამ დროს თ. ლ-ძემ შენიშნა ნაცნობი ე. ნ-შვილი და ა. ფ-შვილი. თ. ლ-ძემ დახმარებისათვის მიმართა ე. ნ-შვილს, თან გააფრთხილა, რომ ვ. თ-შვილს იარაღი ჰქონდა. ე. ნ-შვილი მივიდა თ-შვილთან და სთხოვა, თავი დაენებებინა თ. ლ-ძისათვის და წესრიგისაკენ მოუწოდა. ე. ნ-შვილმა ვ. თ-შვილთან საუბრის დროს შეძლო მისთვის იარაღის წართმევა. ვ. თ-შვლმა უთხრა ე. ნ-შვილს, რომ იგი პოლიციის მუშაკი იყო, ამის დასადასტურებლად სამსახურებრივი მოწმობაც აჩვენა. შემდეგ ვ. თ-შვილმა უცენზურო სიტყვებით, უმისამართოდ, დაიწყო ყვირილი და ლანძღვა _ გინება. ე. ნ-შვილმა და ა. ფ-შვილმა თ-შვილი ჩამოსვეს ბორდიურზე და სთხოვეს დაწყნარებულიყო. ვ. თ-შვილი სინანულით მოსთქვამდა _ ამათი გულისათვის დავიღუპეო. მოულოდნელად წამოხტა და გადავიდა საავტომობილო გზაზე, წინ უდგებოდა ავტომანქანას. ნ-შვილმა და ა. ფ-შვილმა ვ. თ-შვილს წესრიგისაკენ მოუწოდეს და გზის სავალი ნაწილიდან გადმოიყვანეს. მიუხედავად ამისა, ვ. თ-შვილი მაინც აგრძელებდა ხულიგნურ მოქმედებას _ ხმამაღლა, უმისამართოდ იგინებოდა, იგი უცენზურო სიტყვებით გამოეკიდა სხვა მსუბუქ ავტომანქანას, რომელიც ჩერდებოდა და შეეცადა ფეხი დაერტყა. ვ. თ-შვილის ამგვარ თავხედურ და ცინიკურ მოქმედებაზე, რომელიც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ხალხი, დაახლოებით 10 კაცი, რომლებიც ასევე მოუწოდებდნენ მას წესრიგისაკენ, მაგრამ იგი არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას და კვლავ აგრძელებდა საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევას. შემდეგ, მოულოდნელად, ე. ნ-შვილს და შემთხვევის ადგილზე მის ხულიგნურ მოქმედებაზე შეკრებილ მოქალაქეთაგან ერთ უცნობ მამაკაცს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გაიქცა მეტროს სადგურ “სარაჯიშვილის” მიმართულებით. გაქცევისას ვ. თ-შვილს ჟილეტის ჯიბიდან ამოუვარდა პოლიციელის სამსახურებრივი მოწმობა. ე. ნ-შვილი და უცნობი, დაკავების მიზნით, ვ. თ-შვილს გამოედევნენ. სირბილის დროს ვ. თ-შვილი წაიქცა, რა დროსაც მან მასთან მისულ ე. ნ-შვილს და უცნობ მამაკაცს მიაყენა სიტყვიური შეურაცხყოფა, რაზეც ამ უკანასკნელებმა ვ. თ-შვილს რამდენჯერმე დაარტყეს მუშტი სხეულის სხვადასხვა არეში. ამ დროს მათთან მივიდნენ გლდანის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მუშაკები. ე. ნ-შვილმა მათ წარუდგინა ვ. თ-შვილის ტაბელური “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი და სამსახურებრივი მოწმობა. ვ. თ-შვილის ხულიგნური მოქმედება, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 40 წუთს, აღკვეთილ იქნა გლდანის პოლიციის თანამშრომლების მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები ზ. რ-შვილი და ო. ფ-შვილი ითხოვენ ვ. თ-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებენ, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს, განაჩენი დაამყარა დაზარალებული დების _ ნ. და თ. ლ-ძეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე, მაშინ როდესაც ჯ-იას სხეულზე არსებული დაზიანება არ შეიძლება მიეღო იმ ვითარებაში, როგორც ამას ნ. ლ-ძე მიუთითებს. უფრო მეტიც: მსჯავრდებულ თ-შვილს არ ჰქონია თ. ლ-ძის მოკვლის განზრახვა, რადგან თუ ასეთი განზრახვა ექნებოდა, მას შეეძლო იგი მოეყვანა სისრულეში, რადგან ხელს არავინ უშლიდა, მითუმეტეს დაზარალებულ თ. ლ-ძეს არავითარი დაზიანება არ აქვს მიღებული.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მხოლოდ ორი მასრა, რითაც დგინდება, რომ თ-შვილს მეტი ვაზნა არ ჰქონია და არც გაუსვრია.

სასამართლო კოლეგიამ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა მსჯავრდებულ თ-შვილის ვერსია იმის შესახებ, რომ უცხო პირები მას პისტოლეტს ართმევდნენ, სცემეს და მიაყენეს სხეულის დაზიანება.

ასევე, ყოვლად უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სამოქალაქო სარჩელი, მაშინ როდესაც საამისო საფუძველი არ არსებობდა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ვ. თ-შვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ზ. რ-შვილმა და ო. ფ-შვილმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებული ვ. თ-შვილი დაეთანხმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ მას განზრახ არ მოუკლავს ჯ. ჯ-ია და არ ჰქონია თ. ლ-ძის მოკვლის განზრახვა.

დაზარალებულმა მ. ო-იამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი მიაჩნია კანონიერად და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

პროკურორმა გ. მ-ძემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ვ. თ-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ვ. თ-შვილის მიერ ბოროტი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი დადგენილია, რაც არც საკასაციო საჩივრის ავტორებს გაუხდიათ სადავოდ.

ვ. თ-შვილისათვის წარდგენილი ბრალდება ჯ. ჯ-იას განზრახ მკვლელობის ფაქტზე სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია დაზარალებულ ნ. ლ-ძის თანამიმდევრული ჩვენებით და მისი თ-შვილთან დაპირისპირების ოქმით, ასევე თ. ლ-ძის ჩვენებით, ამოღებული ნივთიერდამამტკიცებელი საბუთით, ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო, ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. პალატა აღნიშნავს, რომ ჯ. ჯ-იას მკვლელობის ეპიზოდში მსჯავრდებულ ვ. თ-შვილის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, რის შესახებაც საკმაო მსჯელობა არის განაჩენში. საკასაციო საჩივრის მითითება, თითქოს დაზარალებულ ნ. ლ-ძის ჩვენება არის წინააღმდეგობრივი და ჯ. ჯ-იას მკვლელობის მექანიზმი ისე არ განვითარდებოდა, როგორც ამას ნ. ლ-ძე მიუთითებს, პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან დაზარალებულ ნ. ლ-ძის ჩვენებები არის თანმიმდევრული და გამომდინარეობს საქმის ერთობლივი მასალებიდან. ამდენად, იმ ნაწილში (იგულისხმება ჯ. ჯ-იას მკვლელობის ეპიზოდი) განაჩენის გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.

რაც შეეხება თ. ლ-ძის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდს, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს, რადგან მსჯავრდებულმა ვ. თ-შვილმა ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მთვრალმა ვ. თ-შვილმა თ. ლ-ძეს მარცხენა ხელი წაუჭირა ყელზე, ხოლო მეორეთი იარაღი მიადო საფეთქელზე და ჩახმახს ორჯერ გამოკრა ხელი, მაგრამ იარაღი არ გავარდა, ვინაიდან ტყვიები აღარ იყო. აღნიშნულის შემდეგ ვ. თ-შვილს აღარ გაუგრძელებია ძალადობა თ. ლ-ძის მიმართ, არ მიუყენებია მისთვის რაიმე დაზიანება და მან, ფაქტობრივად, ხელი აიღო თ. ლ-ძის მოკვლის განზრახვაზე. მითუმეტეს ვ. თ-შვილს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ბოლომდე მიეყვანა თავისი განზრახვა, რადგან ამ მომენტში მას ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან თ. ლ-ძის მოკვლის განზრახვაზე ხელი ნებაყოფლობით აიღო.

ამიტომ ამ ნაწილში ვ. თ-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს, საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლისა და სსსკ-ის 28-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ვ. თ-შვილის მიმართ სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა” და “კ” პუნქტებით განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შედეგად აშკარად შემცირდა მისი ბრალის მოცულობა, ამიტომ სსკ-ის 109-ე მუხლის “კ” პუნქტით შეფარდებული სასჯელის ზომა უნდა შემცირდეს 3 წლით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელს, მსჯავრდებულმა სარჩელი ცნო, ამიტომაც სასამართლო კოლეგიამ დააკისრა ანაზღაურება.

პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი საქმეში არ მოიპოვება, ამიტომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენში ვ. თ-შვილის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: განაჩენი საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა” და “კ” პუნქტებით გათვალისწინებული ეპიზოდში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში წარმოებით შეწყდეს. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “კ” პუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 3 წლით და საბოლოოდ ვ. თ-შვილს განესაზღროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.