საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.05.2001
საქმის ნომერი
2კ-12-I-2001
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 12I 1 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს უფროსი პროკურორის ე. ტ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 2 მარტის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე ბ. გ-ანის და გ. ო-შვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილით, 133-ე მუხლით, 961 მუხლით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 210-ე, 212-ე, 128-ე მუხლებით (1960 წლის რედაქცია) დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

ამავე სასამართლოს 2001 წლის 19 და 20 თებერვლის განჩინებებით დაუშვებელ მტკიცებულებებად მიჩნეულ იქნა: დაზარალებულ შ. კ-ევის და ი. მ-შევის მიერ ბ. გ-ანის და გ. ო-შვილის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი, დაზარალებულ ი. მ-ევის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მისი შემთხვევის ადგილზე გაყვანისას ჩვენების შემოწმების და მოწმე მ. ზ-შვილის ბინის ჩხრეკის ოქმები.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. გ-ანს და გ. ო-შვილს საბრალდებო დასკვნით ბრალი ედებათ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

მათ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, სხვა თანამზრახველებთან ერთად, უკანონოდ შეიძინეს “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალასთან ერთად, რომელსაც ინახავდნენ და ატარებდნენ.

იყვნენ რა შეიარაღებულნი ცეცხლმსროლელი იარაღებით, ბ. გ-ანმა და გ. ო-შვილმა სხვებთან ერთად მოილაპარაკეს, რომ ანგარებით, ფულის გამოძალვის მიზნით, გაეტაცებინათ თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ... მცხოვრები ი. მ-ევი.

1999 წლის 4 ოქტომბერს ისინი სხვებთან ერთად გამოძიებით დაუდგენელი “ვაზ-2107” მარკის ავტომანქანით ჩავიდნენ სოფ. ... ტერიტორიაზე. დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე “მაკაროვის” პისტოლეტით, ავტომატური იარაღით შეიარაღებულებმა, ე.წ. “არნაუტის” მინდორში გააჩერეს ავტომანქანა “უაზით” მიმავალი ი. მ-ევი, რომელსაც თან ახლდა ნათესავი – შ. კ-ევი.

სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ბოროტმოქმედებმა ი. მ-ევს თავი წარუდგინეს როგორც სამხედრო პრკურატურის თანამშრომლებმა, მოსთხოვეს საბუთები, რითაც თვითნებურად მიითვისეს ხელისუფლების და თანამდებობის პირის წოდება, რასაც თან ახლდა ადამიანის მოტაცება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

დამნაშავეთა ჯგუფმა, დროებითი გამოყენების მიზნით, ი. მ-ევს გასტაცეს ავტომანქანა “უაზი”, ტექნიკური პასპორტი, მართვის მოწმობა, პირადი არაქონებრივი ჩანაწერების ბლოკნოტი.

მუქარის და ძალადობის გამოყენებით, ბ. გ-ანმა, გ. ო-შვილმა და მათთან ერთად მყოფმა პირებმა, ი. მ-ევი გადასვეს თავის ავტომანქანაში, შეუკრეს ხელ-ფეხი, აუხვიეს თვალები, გაიტაცეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. მათვე გაიტაცეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება შ. კ-ევს, რომელიც კილომეტრნახევრის გავლის შემდეგ, ავტომანქანა “უაზთან” ერთად, ხელფეხშეკრული, დატოვეს მინდორში, უკაცრიელ ადგილას. ი. მ-ევი კი მოათავსეს ავტომანქანის საბარგულში და ჩააყენეს რა საშიშ მდგომარეობაში, იმავე დღეს გადაიყვანეს მცხეთის რაიონის სოფ. ..., წინასწარ დაქირავებულ ლ. ს-იას სააგარაკო სახლში, სადაც 4 დღის განმავლობაში მას აღუკვეთეს თავისუფლება. შემდეგ იგი გადაიყვანეს ფონიჭალის დასახლებაში, ამჯერად ზ. ზ-შვილის დაქირავებულ ბინაში, საიდანაც ი. მ-ევმა 1999 წლის 12 ოქტომბერს შესძლო გაქცევა.

მუხათწყაროს აგარაკზე ყოფნისას ბოროტმოქმედებმა ი. მ-ევს წაართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის პირადი ქონება: 11 ათას 700 დოლარად ღირებული ოქროს საათი, ოქროს ჯაჭვით, 970 ლარად ღირებული ბრილიანტის ბეჭედი, 900 დოლარი და 8 ლარი.

სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნა შემდეგი მოტივებით:

1. დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნეულ იქნა და საქმიდან ამოირიცხა ზ. ზ-შვილის ბინის ჩხრეკის ოქმი, დადგენილება პისტოლეტის ნივთმტკიცებად ცნობაზე, მოსამართლის დადგენილება ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, ოქმი დაზარალებულ ი. მ-ევას შემთხვევის ადგილზე გაყვანისას ჩვენების შემოწმების შესახებ, დაზარალებულების მიერ განსასჯელების - ბ. გ-ანის, გ. ო-შვილის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები და ი. მ-ევის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ორი ჩვენება, რითაც მტკიცებულებები, რომლებზედაც ბრალდების მხარე ბრალდებას ამყარებდა, ეჭვის ქვეშ დადგა, მაგრამ საქმეში დარჩენილი სხვა მტკიცებულებები სასამართლომ არ ჩათვალა იმის საფუძვლად, რომ ეჭვი განსასჯელთა სასარგებლოდ გადაეწყვიტა.

2. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულები აჩვენებდნენ, რომ ორივე განსასჯელი მონაწილეობდა მათ გატაცებაში და ამოიცნეს კიდევაც ისინი. წინასწარ გამოძიებაში მათ უკვე ყავდათ ნანახი ორივე განსასჯელი და აღნიშნული უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიღება. მით უმეტეს, დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნეული ფოტოსურათების ამოცნობის ოქმიდან ჩანს, რომ ი. მ-ევმა ვერ ამოიცნო ბ. გ-ანი, ხოლო გ. ო-შვილზე განაცხადა, რომ იგი იყო ის პიროვნება, რომელიც დარაჯობდა ბინებში. შ. კ-ევმა ვერ ამოიცნო გ. ო-შვილიც.

3. საბრალდებო დასკვნა დაზარალებულის გატაცებაში განსასჯელებთან ერთად, ბრალს სდებს ვინმე ლ. ი-იანს, რომლის მიმართ საქმე გამოყოფილია ცალკე წარმოებად. გამოძიებას ლ. ი-იანის ფოტოსურათი ამოსაცნობად არ წარუდგენია დაზარალებულებისათვის და მოწმე ლ. ზ-შვილისათვის. დანაშაულში საქმის მასალებით იმხილება პატიმრობაში მყოფი ჯ. გ-იანი, რომელიც დაკითხულია მოწმედ, მაგრამ ამოსაცნობად იგი არ წარუდგენიათ დაზარალებულისა და მოწმე ლ. ზ-შვილისათვის.

სასამართლომ ჩათალა, რომ ლ. ი-იანის და ჯ. გ-იანის ბრალეულობის საკითხი არსებით კავშირშია ამ საქმესთან, მათი ბრალეულობის გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია ბ. გ-ანის და გ. ო-შვილის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტა.

4. ადვოკატის მიერ ალიბის სახით მესტიის რაიონის სოფ. ... უბნის საავადმყოფოდან წარმოდგენილ იქნა ცნობა, რომ ბ. გ-ანი 1999 წლის 2-5 ოქტომბრამდე მკურნალობდა ამ საავადმყოფოში. სასამართლომ ჩათალა, რომ დამატებითი გამოძიებისას სრულყოფილად უნდა შემოწმდეს ბ. გ-ანის ალიბი.

5. 2000 წლის 8 მაისს დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, საქმეში არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ მიუთითა, რომ უნდა გაირკვეს, რა ბედი ეწია ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებას.

6. განჩინებაში ასევე მითითებულია, რომ დამატებითმა გამოძიებამ უნდა იმსჯელოს, სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თუ 144-ე მუხლებს შეესაბამება.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი ე. ტ-შვილი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19, 20 თებერვლის, 2 მარტის განჩინებების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიება საქმეზე ჩატარებულია სრულყოფილად, დადგენილია დანაშაულის ფაქტი, შეკრებილია საკმარისი მტკიცებები, რათა სასამართლოს მიეღო არსებითი გადაწყვეტილება. პროკურორის პოზიციით განჩინებაში მითითებული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებს, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დაუშვებელ მტკიცებულებად დაზარალებულ ი. მ-ევას შემთხვევის ადგილზე გაყვანისა და ჩვენების შემოწმების ოქმი, ასევე დაზარალებულის მიერ განსასჯელების - ბ. გ-ანის და გ. ო-შვილის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები.

დაზარალებულ ი. მ-ევის წარმომადგენელმა ა. ლ-მა მხარი დაუჭირა პროკურორ ე.ტ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2001 წლის 19, 20 თებერვლის, 2 მარტის განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა.

განსასჯელ ბ. გ-ანის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა თ. გ-მა და მ. ს-ძემ შეცვალეს შესაგებელი კერძო საკასაციო საჩივარზე და მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 2 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

ადვოკატებმა თავის განმარტებებში აღნიშნეს, რომ განჩინებაში მითითებულ გარემოებათა შემოწმების გარეშე, შეუძლებელია საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და არსებითი ხასიათის გადაწყვეტილების მიღება.

ანალოგიური მოთხოვნით სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვება მოითხოვა განსასჯელ გ. ო-შვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-შვილმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, საქმის გარემოებათა სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევით, საქმეში არსებული მტკიცებულების შეფასებით, შეუძლია არსებითი გადაწყვეტილების მიღება და განაჩენის დადგენა. დაზარალებულების: თ. მ-ევის. შ. კ-ევის არაერთგზის მიცემული ჩვენებები, საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად მოითხოვს ობიექტურ შეფასებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

ის გარემოება, რომ მიმალვაში მყოფ ლ. ი-იანის ფოტოსურათი და ჯ. გ-იანი ამოსაცნობად არ წარდგენიათ დაზარალებულებს და მოწმე ლ. ზ-შვილს, რომ მათი ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია ბ. გ-ანის და გ. ო-შვილის მიმართ არსებითი გადაწყვეტილების მიღება, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი არ არის და იგი სასამართლო შეფასების საგანი უნდა გახდეს.

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ცნობას ბ. გ-ანის ალიბის შესახებ, რომ იგი 1999 წლის 2-9 ოქტომბერს მკურნალობდა მესტიის რაიონის სოფ. ... საავადმყოფოში, სასამართლოს შეეძლო თვითონ შეემოწმებინა მისი რეალობა და ამასთან დაკავშირებით შეფასება მიეცა მოწმეების ნ. მ-შვილის და ი. მ-შვილის ჩვენებებისათვის, რომლებიც განმარტავენ, თუ სად იმყოფებოდა ბ. გ-ანი 1999 წლის ოქტომბრის თვეში.

უსაფუძვლოა კოლეგიის მითითებაც იმის შესახებ, თითქოსდა გაურკვეველი იყოს, თუ რა ბედი ეწია დადგენილებას ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

საქმეშია სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა – თუ რა მიზეზების გამო ვერ იქნა ჩატარებული ექსპერტიზა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს განსასჯელების მიერ სსკ-ის 133-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, თვითონ შეუძლია იგი შესაბამისობაში მოიყვანოს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლთან.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 2 მარტის განჩინება ბ. გ-ანის და გ. ო-შვილის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ უნდა გაუქმდეს. უნდა გაუქმდეს ასევე, ამავე სასამართლოს 19 და 20 თებერვლის განჩინებები მტკიცებულებათა დაუშვებლად მიჩნევის შესახებ, რათა სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდეს საქმის ხელახალი განხილვისას საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლიოს საქმის მასალები. საკასაციო პალატის აზრით, წინასწარმა გამოძიებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ამ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების გარეშე, სასამართლომ, ხელახალი განხილვის დროს ერთობლიობაში შეფასება უნდა მისცეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის შედეგად საქმეზე უნდა მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

გამომდინარე აღნიშნულიდან პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის “ე” პუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 2 მარტის განჩინება ბ. გ-ანის და გ. ო-შვილის მიმართ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ. ასევე, გაუქმდეს ამავე საქმეზე სასამართლოს 2001 წლის 19 და 20 თებერვლის განჩინებები დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

აღმკვეთი ღონისძიებები ბ. გ-ანის და გ. ო-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.