შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 05.06.2001
საქმის ნომერი
2კ-57აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 57აპ 5 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 მარტის განაჩენზე, რომლითაც ა. მ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით (ძველი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მ. მ-ძეს საბოლოოდ შეეფარდა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 19 მარტს ზესტაფონის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამავე ქალაქში, ... ქუჩაზე მცხოვრებ გ. კ-ძეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე პუნქტებით და 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით ი. წ-ძე და ა. მ-ძე. 1998 წლის 2 აპრილს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით ა. მ-ძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეერჩა წინასწარი პატიმრობა. იმავე დღეს ა. მ-ლიძის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

1998 წლის 5 აგვისტოს ზემოთმითითებული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე ა. მ-ძის მიმართ, რომლის წარმოებაც 1998 წლის 5 ოქტომბერს შეჩერდა ბრალდებულის მოძებნამდე. 1999 წლის 30 სექტემბერს, ა. მ-ძე გამოცხადდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. იმავე დღეს საქმეზე განახლდა გამოძიება.

ზესტაფონის რაიონის პროკურატურის 1999 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით ა. მ-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით შეწყდა, ამავე დადგენილებით მას ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე ზესტაფონის რაიონული სასამართლომ 2000 წლის 12 იანვარს გააუქმა ზესტაფონის რაიონის პროკურატურის ზემოთმითითებული დადგენილება.

საბრალდებო დასკვნით ა. მ-ძეს ბრალად შეერაცხა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და ასეთი ძალადობის გამოყენებით გ. კ-ძეზე თავდასხმა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით და 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით (ძველი რედაქციით), რაც შემდეგში გამოიხატა:

1998 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ი. წ-ძემ, ი. ლ-შვილმა და ა. მ-ძემ შეაღწიეს ქ. ზესტაფონში, ... მცხოვრები გ. კ-ძის ბინაში. სამზარეულოში მყოფ გ. კ-ძეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტის მუქარით მოსთხოვეს ფული და ოქრო, რის შემდეგაც თავის არეში ჩაარტყეს ავტომატის კონდახი, გამოათრიეს მისაღებ ოთახში, სადაც ოქროსა და ფულის გადაცემის მოთხოვნით, ი. წ-ძემ გ. კ-ძეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მარჯვენა ფეხის არეში მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. დაჭრილმა გ. კ-ძემ, რომელიც გადავარდა იქვე მდგარ ტახტზე, შეუმჩნევლად, შეძლო გადასაფარებლის ქვემოდან “ტტ-ს” სისტემის პისტოლეტის გამოღება და ი. წ-ძისათვის სროლა. ი. წ-ძეს ტყვია მოხვდა მუცლის არეში და მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. იქვე მდგომი ი. ლ-შვილი მაშინვე მივარდა გ. კ-ძეს და დაუწყო მოგუდვა, მაგრამ კ-ძემ შეძლო ერთი გასროლაც. ი. ლ-შვილს ტყვია მოხვდა მარჯვენა ყბის არეში და მიიღო სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება. ამის დანახვაზე დაჭრილმა ი. წ-ძემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა გ. კ-ძის მიმართულებით, გასროლილი ტყვიები მოხვდა ი. ლ-შვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ძირს დავარდნილი ლ-შვილის და გ. კ-ძის დანახვაზე ა. მ-ძემ და ი. წ-ძემ ერთად დატოვეს შემთხვევის ადგილი, გზად ი. წ-ძემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი საბძოლო ვაზნებით გადასცა ა. მ-ძეს, რომელმაც დაჭრილი ი. წ-ძე მიიყვანა ქ. ზესტაფონში მცხოვრებ ზ. კ-ძის სახლში. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით დამალა ზ. კ-ძის სახლის აივანზე, თვითონ კი მიიმალა.

თერჯოლის რაიონულ სასამართლოში ა. მ-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, სასამართლო კამათის დროს, სახელმწიფო ბრალმდებელმა ბრალდება შეცვალა განსასჯელის სასარგებლოდ და სასამართლოს წარუდგინა ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება, რომლის თანახმადაც ა. მ-ძეს ბრალად შეერაცხა სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადების და მისი ჩადენის შესახებ განუცხადებლობა და მოითხოვა მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით დაკვალიფიცირება.

თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ა. მ-ძეს სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლით შეუფარდა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

დაზარალებულ მ. კ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 მარტის განაჩენით თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 დეკემბრის განაჩენში ა. მ-ძის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის ნაცვლად ა. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საბრალდებო დასკვნით წარდგენილი კვალიფიკაციით იმ სხვაობით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილები (ძველი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე.

ა. მ-ძეს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით (ძველი რედაქციით) შეეფარდა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის ავტორმა, მსჯავრდებულ ა. მ-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ა-ძემ მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა. მ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ბრალდების დაუდასტურებლობის გამო. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, არის ვარაუდი იმისა, რომ შესაძლებელია ა. მ-ძეს მონაწილეობა მიეღო ამ დანაშაულის ჩადენაში. კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორიცაა: ი. წ-ძის წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, სადაც იგი არაპირდაპირ ამხელს ა. მ-ძეს, ასევე ი. წ-ძის ბრალდების საქმეზე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. წ-ძემ დანაშაული ჩაიდინა ა. მ-ძესთან ერთად, დაზარალებულ კ-ძის, მოწმეების ე. კ-ძის, ე. ხ-შვილის, თ. მ-ძის ჩვენებებების ინდენტურობა ა. მ-ძის ჩაცმულობის თაობაზე, ზესტაფონის პოლიციის განყოფილების ყოფილი თანამშრომლის ნ-ძის ჩვენება და ასევე შემთხვევის დღეს ა. მ-ძის მიმალვის ფაქტი – არ არის საკმარისი ა. მ-ძის მსჯავრდებისათვის.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ მ. კ-ძის ინტერესების წარმომადგენელმა ე. ტ-ძემ და თვით დაზარალებულმა კ-ძემ მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვეს განაჩენის ძალაში დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რამეთუ იგი ემყარება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს. დაზარალებულის მხარე საკმარისად მიიჩნევს ზემოთმითითებულ მტკიცებულებებს ა. მ-ძის მსჯავრდებისათვის.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. სახელმწიფო ბრალმდებლის მითითებით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება სასამართლოს მიერ შეფასებულია სწორად და ერთობლიობაში საკმარისია ა. მ-ძის დამნაშავედ ცნობისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორს, მსჯავრდებულ ა. მ-ძის ინტერესების დამცველ ადვოკატ მ. ა-ძეს, დაზარალებულ მ. კ-ძეს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ე. ტ-ძეს, პროკურორს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გამამტყუნებელი განაჩენით ა. მ-ძის ბრალდების დამადასტურებელ, მთავარ და ძირითად მტკიცებულებად მიიჩნია მსჯავრდებულ ი. წ-ძის წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, სადაც იგი ყაჩაღობაში მონაწილე მესამე პირად არაპირდაპირ ამხელს ა. მ-ძეს და უთითებს, რომ პირადად ა. მ-ძე მას შემთხვევის ადგილზე არ უნახავს, ი. ლ-შვილისაგან გადმოცემით იცოდა, რომ მესამე ნიღბიანი პიროვნება იყო ა. მ-ძე.

ერთ-ერთ მტკიცებულებად პალატამ მიიჩნია ი. წ-ძის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. წ-ძემ ყაჩაღური თავდასხმა ჩაიდინა ა. მ-ძესთან ერთად.

სააპელაციო პალატამ შეაფასა რა დაზარალებულ გ. კ-ძის და მოწმე ა. კ-ძის ჩვენებები ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე მესამე პირის ჩაცმულობისა და გარეგნული ნიშნების შესახებ, ასევე მ-ძის დედის და დის ჩვენებები შემთხვევის დღეს ა. მ-ძის ჩაცმულობის შესახებ, დაასკვნა, რომ მითითებული ჩვენებები ა. მ-ძის გარეგნული ნიშნებისა და ჩაცმულობის აღწერის ნაწილში გ. კ-ძისა და მოწმე ე. კ-ძის მიერ აღწერილი თავდამსხმელის გარეგნობისა და ჩაცმულობის იდენტურია, სასამართლომ ამ ჩვენებათა იდენტურობა მიიჩნია ა. მ-ძის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად.

მოწმე ე. კ-ძის წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებების თანახმად, მის ოჯახში დაჭრილი წ-ძე მიიყვანა მისთვის უცნობმა ახალგაზრდამ, რომელმაც სთხოვა დახმარება აღმოეჩინა მისი მეგობრისათვის. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ეს უცნობი ახალგაზრდა იქნებოდა ა. მ-ძე. ამ დასკვნას საფუძვლად დაედო უცნობი ახალგაზრდის სიტყვები: “დახმარებოდნენ მის დაჭრილ მეგობარს”. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოწმე ე. კ-ძემ წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას ვერ ამოიცნო ა. მ-ძე.

სასამართლო გამოძიებისას მოწმემ, ზესტაფონის პოლიციის განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა თ. ნ-ძემ უჩვენა, რომ შემთხვევის დღესვე გამოკითხა მძიმედ დაჭრილი ი. წ-ძე, რომელმაც ამხილა ა. მ-ძე. მისთვის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მესამე თავდამსხმელი იყო ა. მ-ძე. სასამართლო პალატამ თ. ნ-ძის ეს ჩვენება მიიჩნია რა სარწმუნოდ, ჩათვალა ა. მ-ძის ბრალდების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებად.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ი. წ-ძის დაკითხვა შესაძლებელი გახდა მისი დაჭრიდან მხოლოდ 10 დღის შემდეგ.

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებისას სასამართლომ ა. მ-ძის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებად მიიჩნია შემთხვევის დღეს მისი მიმალვის ფაქტი და ასევე ამ უკანასკნელის გამოცხადების შემდგომ მისი აღიარებითი ჩვენებები ჩადენილი დანაშაულის განუცხადებლობის (შეუტყობინებლობის) შესახებ.

სისხლის სამართლის პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ არის პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები ა. მ-ძის ბრალეულობის დასადასტურებლად.

ის ფაქტი, რომ ა. მ-ძე შემთხვევის დღეს მიიმალა და მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ გამოცხადდა, ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებულ მ. კ-ძის, მოწმეების ე. კ-ძის, ე. ხ-შვილის, ასევე თ. მ-ძის ჩვენებები ა. მ-ძის ჩაცმულობისა და გარეგნული ნიშნების ნაწილში მსგავსია და ემთხვევა ერთმანეთს, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება დაზარალებულ გ. კ-ძეზე ი. წ-ძის მიერ ა. მ-ძესთან ერთად შეიარაღებული თავდასხმის შესახებ, ანალოგიურად მოწმის, პოლიციის ყოფილი თანამშრომლის თ. ნ-ძის ჩვენება, რომ იმავე ღამეს მძიმედ დაჭრილი ი. წ-ძე გამოკითხა, რომელმაც ამხილა ა. მ-ძე, ი. წ-ძის ჩვენებები, სადაც არაპირდაპირ, სხვისი გადმოცემით, ამხელს ა. მ-ძეს – არის მხოლოდ ვარაუდი იმისა, რომ შესაძლებელია ა. მ-ძე იყოს მონაწილე ამ დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ ვერ გამოდგება ა. მ-ძის ბრალეულობის დასასაბუთებლად, ვინაიდან ეს მტკიცებები უტყუარად არ ადასტურებენ ფაქტს, რომ ა. მ-ძე ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის დღეს დანაშაულის ჩადენის ადგილას, მის ჩამდენ პირებთან ერთად. იგი ქმნის მხოლოდ ეჭვს, რომ ა. მ-ძეს შესაძლებელია მონაწილეობა მიეღო თავდასხმაში.

სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ვინაიდან განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, საქმეში კი არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცება ა. მ-ძის მიერ ამ დანაშაულის ჩადენისა, ამდენად, ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ და ამ პრინციპის საფუძველზე ა. მ-ძის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც მითითებული იქნა, ქმნიან მხოლოდ იმის ეჭვს და ვარაუდს, რომ ა. მ-ძემ ჩაიდინა გ. კ-ძეზე ყაჩაღური თავდასხმა, მაგრამ უტყუარად არ ადასტურებენ მის მონაწილეობას ამ ქმედების განხორციელებაში, რის გამოც გამოყენებულ იქნა პრინციპი ყველა ეჭვის მსჯავრდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ.

საქმეში არსებობს ა. მ-ძის აღიარებითი ჩვენებები, რომ მან ჩაიდინა ამ დანაშაულის განუცხადებლობა (შეუტყობინებლობა), რასაც ასევე ადასტურებს მოწმეების ე. ხ-შვილისა და შ. მ-ძის ჩვენებები.

საქმის მასალების მიხედვით არსებობს დაუსაბუთებელი ეჭვი და მხოლოდ ვარაუდი იმისა, რომ ა. მ-ძემ ჩაიდინა კ-ძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, ამასთან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაულის განუცხადებლობა (შეუტყობინებლობა). სხვა მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და არც არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ხელახლა, დამატებით გამოძიებისას რაიმე ახალი იქნას მოპოვებული, რადგან წინასწარმა გამოძიებამ მთლიანად ამოწურა თავისი შესაძლებლობები მტკიცებულებათა მოპოვების ნაწილში.

იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების და მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, მივა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულმა ორი ან მეტი ქმედებიდან ერთ-ერთი ჩაიდინა უტყუარად, მაგრამ როცა უტყუარად ვერ მტკიცდება, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ასეთ შემთხვევაში ყველა ეჭვის განსასჯელის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპიდან გამომდინარე, მან პასუხი უნდა აგოს უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლის ჩადენაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულია. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან განუცხადებლობის (შეუტყობინებლობის) შემადგენლობა მსუბუქ დანაშაულს წარმოადგენს, ვიდრე ყაჩაღობის შემადგენლობა, მსჯავრდებულმა ა. მ-ძემ პასუხი უნდა აგოს დანაშაულის განუცხადებლობისათვის (შეუტყობინებლობისათვის), კერძოდ იმისათვის, რომ: 1998 წლის 18 მარტს, ქ. ზესტაფონში, ა. მ-ძისათვის მისი მეგობრის ი. წ-ძისაგან ცნობილი გახდა, რომ ეს უკანასკნელი ი. ლ-შვილთან ერთად აპირებდა, ყაჩაღურ თავდასხმას გ. კ-ძის ოჯახზე, რის თაობაზეც არ შეატყობინა სათანადო ორგანოებს, თუმცა მას თავისი მოქმედებით შეეძლო სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან აცილება, რითაც ჩაიდინა _ ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – დანაშაულის განუცხადებლობა. ა. მ-ძის მიერ ჩადენილი ქმედება შეესაბამება ახალი სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის, კერძოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ნიშნებს, მან პასუხი უნდა აგოს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ხოლო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 206-ე მუხლის (ძველი რედაქცია) სანქციის ფარგლებში.

ა. მ-ძის მიერ დანაშაულის განუცხადებლობის (შეუტყობინებლობის) ჩადენას ადასტურებს ის გარემოება, რომ იგი შემთხვევის დღეს მიიმალა და მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოებში, სადაც მან აღიარა მის მიერ დანაშაულის განუცხადებლობა, რაც წ/გამოძიების შემდგომ ეტაპზე უარყო. იმის გათვალისწინებით, რომ ა. მ-ძეს მიმალვის პერიოდში საკმაო დრო ჰქონდა გონივრული განსჯისათვის, მიეცა შეფასება მის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის, ნებაყოფლობით გამოცხადდა სასამართლოში, აღიარა მის მიერ დანაშაულის განუცხადებლობის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო ვალდებული და არც არავის დაუძალებია, ეღიარებინა, რომ მან ნამდვილად იცოდა, რომ მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რის შესახებაც არ შეატყობინა სათანადო ორგანოებს და ხელი არ შეუშალა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან აცილებას, პალატა ვერ გაიზიარებს მის იმ ჩვენებებს, სადაც იგი უარყოფს ყოველგვარი დანაშაულის ჩადენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა. მ-ძის ქმედება დაკვალიფიცირებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, ხოლო სასჯელი უნდა განესაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლის სანქციის ფარგლებში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 მარტის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ა. მ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით (ძველი რედაქციით), 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, შეწყდეს. იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და შეეფარდოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა დაეწყოს 1999 წლის 30 სექტემბრიდან.