განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 20-აპ 26 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე
განიხილა დაზარალებულ ვ. ნ-შვილის კანონიერი წარმომადგენლის მ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დ. ი-შვილის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დ. ი-შვილს, ნასამართლევს, მცხოვრებს გორის რაიონის სოფ. ... მიესაჯა: სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით 7 წლით (1960 წლის რედაქცია), სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების შეზღუდვა - 1 წლით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით ა. ა-ძეს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისულების აღკვეთა 2 წლით, (1960 წლის რედაქცია), სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების შეზღუდვა – 1 წლით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აკვეთა 2 წლით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით დ. ი-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ იყო რა წინათ გასამართლებული გაუპატიურებისათვის, კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული და უმწეო მდგომარეობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაიჭირა ვ. ნ-შვილთან.
მანვე, ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. ა-ძესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, საცავში შეღწევით ჩაიდინა სხვისი ქონების ფარულად გატაცება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულებს.
მანვე, პირთა ჯგუფთან ერთად, ჩაიდინა საზოგადოებრივ დაწესებულებაში არსებული ბეჭდის გატაცება ანგარებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 26 აპრილს განაჩენი დ. ი-შვილის მიმართ გააუქმა და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა გორის რაიონის პროკურატურას შემდეგი მოტივებით: წინასწარმა გამოძიებამ მ. ი-შვილი ისე დანიშნა ვ. ნ-შვილის კანონიერ წარმომადგენლად, რომ ეს უკანასკნელი დაზარალებულად ცნობილი არ ყოფილა.
ვ. ნ-შვილი 1979 წლიდან აღრიცხვაზეა, როგორც ოლიგოფრენიით დაავადებული. წინასწარი გამოძიება ვალდებული იყო დაენიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გაერკვია, რამდენად შესწევდა უნარი ნ-შვილს სწორად აღექვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები.
საკასაციო საჩივარში ვ. ნ-შვილის კანონიერი წარმომადგენელი მ. ი-შვილი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმებას და გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მისი შვილი ვ. ნ-შვილი დაავადებულია ოლიგოფრენიით და მისი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის დადგენისათვის აუცილებელი არ არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.
შესაგებელ საკასაციო საჩივარში დ. ი-შვილი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას. მიაჩნია, რომ იგი უდანაშაულოა და უსაფუძვლოდ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ჯანაშიამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინება დ. ი-შვილის მიმართ უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ საქმე, ნაცვლად დამატებითი გამოძიებისა, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს გორის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს, შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებას იმ ნაწილში, რომ წინასწარმა გამოძიებამ დ. ი-შვილის საქმეზე დაუშვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევა, რამაც გამოიწვია განაჩენის გაუქმების აუცილებლობა.
წინასწარმა გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ი-შვილმა გამოიყენა რა ოლიგოფრენიით დაავადებული ვ. ნ-შვილის უმწეო მდგომარეობა, სქესობრივი კავშირი დაიჭირა მასთან.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დ. ი-შვილმა ზიანი უშუალოდ მიაყენა ვ. ნ-შვილს, წინასწარი გამოძიების მიერ იგი დაზარალებულად ცნობილი არ ყოფილა, უფრო მეტიც, წინასწარმა გამოძიებამ პროცესუალურად დაზარალებულად არცნობილ ვ. ნ-შვილს კანონიერ წარმომადგენლად დაუნიშნა დედა _ მ. ი-შვილი.
სსსკ-ის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება ჰქონდა სასამართლო გამოძიების დაწყებამდე ვ. ნ-შვილი ეცნო დაზარალებულად, თუმცა სასამართლოს მიერ კანონით მინიჭებული ეს უფლება გამოყენებული არ ყოფილა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძველი არ არის ის, რომ ვ. ნ-შვილი არ არის ცნობილი დაზარალებულად, ვინაიდან პირის დაზარალებულად ცნობისათვის საფუძველი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კი არ აღმოჩენილა, არამედ ეს საფუძველი მანამდეც არსებობდა და იყო ცნობილი გამოძიებისა და სასამართლოსათვის. ვ. ნ-შვილს წინასწარმა გამოძიებამ დაუნიშნა კანონიერი წარმომადგენელი და იგი შეცდომით არ ცნო დაზარალებულად, რისი გასწორებაც შესაძლებელია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე, საქმის გამოძიებაში დაბრუნების გარეშე. ამასთან, იმ საკითხის გასარკვევად, რამდენად შესწევდა უნარი ვ. ნ-შვილს სწორად აღექვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, სასამართლოს შეუძლია თვითონ დანიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.
სასამართლომ, საქმის ხელმეორედ განხილვისას სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები, დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლის მ. ი-შვილის და განსასჯელ დ. ი-შვილის საჩივრის მოტივები. სასამართლომ მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულ ვ. ნ-შვილის კანონიერი წარმომადგენლის მ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დ. ი-შვილის სისხლის სამართლის საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს გორის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.