დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.07.2001
საქმის ნომერი
2კ-24-I-2001
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.07.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 24I 10 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა ადვოკატ თ.ბ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის დადგენილება ვ.ბ-შვილის სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ვ. ბ-შვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 241-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 129-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დაუბრუნდა სიღნაღის რაიონის პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

საბრალდებო დასკვნით ვ. ბ-შვილს ბრალი ედება მასში, რომ მთვრალმა და მართვის უფლების არმქონემ, 2000 წლის 30 აპრილს სატვირთო ავტომანქანის მართვისას თბილისი-წნორის გზაზე, სოფ. ვაქირთან, დაარღვია მოძრაობის წესები, რის შედეგადაც შეეჯახა ავტომანქანა “უაზს”, რომელსაც მართავდა ნ. ს-შვილი. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ორი პირი, ორმა კი მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. ვ. ბ-შვილმა დახმარების აღმოუჩენლად მიატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 26 აპრილს, სახელმწიფო ბრალმდებლისა და დაზარალებულის კერძო სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, დადგენილება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი თ. ბ-შვილი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, ასევე ვ. ბ-შვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებას შემდეგი მოტივებით:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნულმა ავტოტექნიკურმა ექსპერტიზამ უარყო პირველადი ექსპერტიზის დასკვნა და მიუთითა, რომ საჭიროა დაზუსტდეს ავტომანქანების შეჯახების ადგილი. ადვოკატი თვლის რომ ვინაიდან განმეორებითმა ექსპერტიზამ ფაქტობრივად გააბათილა ბრალდების მტკიცებულება, ვ. ბ-შვილის მიმართ უნდა გაუქმდეს აღმკვეთი ღონისძიება და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

დაზარალებულმა ი. ს-შვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა ნ. ხ-შვილმა მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მ-ძემ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინება ვ. ბ-შვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებას, რომ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ არ ჩაატარა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევა; სასამართლომ არ დაკითხა ბრალდების მხარის მოწმეები: ზ. ო-შვილი, მ. ბ-შვილი, ა. კ-შვილი და სხვები და დაუსაბუთებლად მიიღო გადაწყვეტილება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.

სწორია სააპელაციო პალატის მითითებაც იმ ნაწილში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილებაში არ მიუთითა, თუ რა არსებითი ხასიათის დარღვევა იქნა დაშვებული მოკვლევისა თუ წინასწარი გამოძიების ეტაპზე, რაც ხელს უშლიდა სასამართლოს საქმის განხილვისას.

საჩივრის მოტივები, რომ განმეორებითმა სასამართლო ავტოტექნიკურმა ექსპერტიზამ გააბათილა პირველადი ექსპერტიზის დასკვნა და ბრალდების მტკიცებულებები, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი არ არის და იგი სასამართლოს გამოკვლევის და შეფასების საგანია. რაც შეეხება ავტომანქანების შეჯახების ადგილის დამატებით დაზუსტებას, დიგი შეიძლება დადგინდეს ფაქტის უშუალო მნახველი მოწმეების დამატებითი დაკითხვის შედეგად, რაც საქმის სასამართლო განხილვის შესაძლებლობის ფარგლებს არ სცილდება.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას ვ. ბ-შვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების შესახებ უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები, რის შემდეგ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ თ. ბ-შვლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინება ვ. ბ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.