დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.07.2001
საქმის ნომერი
2კ-48კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 48-კოლ 24 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორ კ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 21 მაისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ნ. გ-იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (1999 წლის რედაქციით) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ნ. გ-იანის მიმართ საქართველოს სსკ-ის 135-ე, 136-ე მუხლებითა და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებულ ბრალდებებში სისხლის სამართლის საქმე შეწყდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “პ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

ამავე სასამართლო კოლეგიის განჩინებით ნ. გ-იანის მიმართ დაზარალებულ ბ. ს-ძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 961-ე, 133-ე, 128-ე მუხლებითა და 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 20 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 11 დეკემბრის განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, ხელმეორედ განიხილა რა აღნიშნული საქმე, 2001 წლის 21 მაისის განჩინებით ნ. გ-იანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დაზარალებულ ბ. ს-ძის გატაცების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 961-ე, 133-ე, 128-ე მუხლებითა და 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქციით), დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

ნ. გ-იანს ბრალი ედება შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1999 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, ნ. გ-იანი, ი. ჯ-ელი და მ. ე-ძე, შეიარაღებულნი ცეცხლსასროლი იარაღებით, რასაც უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდნენ, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ბ. ს-ძეს ქ. თბილისში, კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე ინსტრუმენტული ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ეს უკანასკნელი აჩერებდა მანქანას. გაიტაცეს იგი და 41 ათას აშშ დოლარად ღირებული მისი კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს-ჯიპი”. წინასწარი შეთანხმებისამებრ, მათ გორის შესასვლელთან დახვდნენ ქ. ცხინვალის მკვიდრნი ა. ც-ოვი და ხ. ა-ოვი, რომელთა მეშვეობითაც ბ. ს-ძე გადაიყვანეს ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის ქ. ვლადიკავკაზში, სადაც იგი მოათავსეს წინასწარ შერჩეული ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ოთახში და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ჩაყენებული ჰყავდათ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, მას შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად. ნ. გ-იანი და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, მოკვლისა და სხეულის მძიმე დაზიანების მუქარით, აიძულებდნენ ბ. ს-ძეს, მშობლებისათვის მოეთხოვა გამოსასყიდის სახით მილიონნახევარი ამერიკული დოლარის გადახდა. 1999 წლის 9 ოქტომბერს ბ. ს-ძე გათავისუფლდა და დაუბრუნდა თავის ოჯახს.

პროკურორი კ. მ-ნი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმებას ნ. გ-იანის მიმართ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ მოტივით, რომ საქმეში მოიპოვება მთელი რიგი მტკიცებულებები იმისათვის, რომ ნ. გ-იანის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

პროკურორი ა. ს-შვილი ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლოში დაბრუნებას.

ნ. გ-იანის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. გ-ძე შესაგებელში მიუთითებს, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ პასუხობს სსსკ-ის 553-ე მუხლის მოთხოვნებს და, ამდენად, გადასაწყვეტია მისი დასაშვებობის საკითხი. ამასთან, აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატამ, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გააუქმოს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 21 მაისის განჩინება, კასატორს უარი უნდა უთხრას უსაფუძვლობის მოტივით, ნ. გ-იანის მიმართ საქმე წარმოებით შეწყვიტოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი უკანონო პატიმრობიდან.

განსასჯელი ნ. გ-იანი ითხოვს მის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას და პატიმრობიდან გათავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის მოტივები, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ ერთხელ უკვე გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განჩინება ნ. გ-იანის მიმართ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, მაგრამ სასამართლომ ვერ შეძლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ გამოძიება არსებითად არასრულია და მისი სასამართლო სხდომაზე შევსება შეუძლებელია.

ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ნ. გ-იანის ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ნ. გ-იანი არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს ბ. ს-ძის გატაცებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. წინასწარი გამოძიებისას მას ბ. ს-ძის გატაცებაში ამხელდა მსჯავრდებული მ. ე-ძე, რომელმაც შემდეგ უარყო თავისი ჩვენებები და არც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ასეთი.

სასამართლომ დააბრუნა რა საქმე დამატებით გამოძიებაში, მიუთითა მთელ რიგ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელთა ჩატარებაც აუცილებელია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად.

კერძოდ, განჩინებაში მითითებულია, რომ დამატებითი გამოძიებისას უნდა დაიკითხონ შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები კ. ბ-ძე და დ. კ-ა, რომლებიც ესწრებოდნენ დაზარალებულ ბ. ს-ძის გათავისუფლებას; უნდა გაირკვეს, რა იციან მათ დაზარალებულ ბ. ს-ძის გატაცებაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და რატომ არ მოხდა ეჭვმიტანილ ა. ც-ოვის დაპატიმრება, რომელმაც უშუალოდ გაათავისუფლა ბ. ს-ძე; უნდა გაირკვეს 2 წლის მანძილზე რატომ ვერ ხერხდება ა. ც-ოვის დაპატიმრება, როცა ნ. გ-იანის ადვოკატი ახერხებს მასთან ქ. ცხინვალში შეხვედრას. ამასთან, გამოძიებამ არ მოიპოვა ა. ც-ოვის ფოტოსურათი და არ მოახდინა მისი ფოტოსურათით ამოცნობა მამა-შვილ ბ. ს-ძეების მიერ, რათა გაერკვია ერთი და იგივე პიროვნება არის თუ არა ის, რომელსაც ბ. ს-ძე (მამა) შეხვდა ქ. ცხინვალში და ის, რომელმაც ბ. ს-ძე (შვილი) გაათავისუფლა და ვლადიკავკაზიდან ქ. ცხინვალში ჩაიყვანა.

წინასწარმა გამოძიებამ, ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს ბ. ს-ძის (მამის) ჩვენებას იმის თაობაზე, რომ იგი რამდენჯერმე იყო ჩასული ქ. ცხინვალში, სადაც შეხვდა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” შს მინისტრს და მის კაბინეტში მოლაპარაკებას აწარმოებადა ა. ც-ოვთან; იგი, აგრეთვე, შეხვდა სხვა პირებსაც. წინასწარმა გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, თუ ვისთან და რაზე მიდიოდა მოლაპარაკება და ვინ იყვნენ ის პირები, ვინც მოლაპარაკებას აწარმოებდა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ მანამ, სანამ არ ჩატარდება ზემოთ მითითებული საგამოძიებო მოქმედებები, არ იქნება დაპატიმრებული ა. ც-ოვი და ბ. ს-ძის გატაცებაში მონაწილე სხვა პირები, შეუძლებელია ნ. გ-იანის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 21 მაისის განჩინება ნ. გ-იანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2001, #3, sisx., gv. 110-115.