შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 30შ 1 აგვისტო 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე
საქართველოს სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-იას საჩივარი.
აღწერილობითი ნაწილი:
ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 21 იანვრის განაჩენით გ. ხ-ია ცნობილია დამნაშავედ ბელორუსიის რესპუბლიკის სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 93-ე მუხლის მესამე ნაწილით და ერთობლივად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 მარტის დადგენილებით ზემოაღნიშნული განაჩენი შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებთან, 211-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 97-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან. ერთობლივად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 6 თებერვლის დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 მარტის დადგენილებაში იმ მიმართებით, რომ სსკ-ის 92-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილთან, 97-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებთან, 211-ე მუხლის პირველი ნაწილი 363-ე მუხლის მეორე ნაწილთან. შესაბამისად, სასჯელად განესაზღვრა: სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით 8 წლით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით 5 წლით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ხ-იას მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
წარმოდგენილ საჩივარში მსჯავრდებული გ. ხ-ია ითხოვს მის მიმართ დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას, მიუთითებს, რომ იგი პროვოკაციის მსხვერპლია. მან საქართველო მიატოვა იმის გამო, რომ იყო ექსპრეზიდენტის მომხრე გვარდიის წევრი და იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
ბელორუსიის რესპუბლიკაში ყოფნისას მან ფული ასესხა მისი ბრალდების საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს, მაგრამ რადგან ფულს აღარ უბრუნებდა, დაზარალებულთან შეთანხმებით, ვალის დასაფარავად წამოიღო სხვადასხვა ნივთი, რის გამოც დააპატიმრეს და გაასამართლეს ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. კ-ძემ მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას; ამასთან, აღნიშნა, რომ ხ-იას მიერ გატაცებულად მიჩნეული თანხა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ მიეკუთვნება დიდ ოდენობას.
მსჯავრდებულმა გ. ხ-იამ მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ა. ს-შვილმა კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილებანი და იშუამდგომლა მათი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 6 თებერვლის დადგენილებაში გ. ხ-იას მიმართ შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენის მიხედვით ხ-იას ბრალი ედება იმისათვის, რომ 1998 წლის 12 ოქტომბერს აშკარად გაიტაცა 254 603 800 ბელორუსულ რუბლად ღირებული სხვისი ქონება. იმავე განაჩენის მიხედვით აღნიშნული დროისათვის 1 აშშ დოლარი იყო 54000 ბელორუსული რუბლის ეკვივალენტი, რაც შედგენს 4712 აშშ დოლარს. იმავე პერიოდში 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში შეადგენდა 1371 ლარს. მთლიანად გატაცებული თანხა _ 4712 აშშ დოლარი შეადგენს 6510 ლარს. (4712+1,371=6510). საქართველოს სსკ-ის XXV თავის შესაბამისად, რომლითაც მსჯავრდებულია ხ-ია, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ხ-იას ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებზე და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელი.
რაც შეეხება საჩივრის მითითებას ბელორუსიის რესპუბლიკაში დადგენილი განაჩენის კანონიერების შემოწმების შესახებ, ვერ დაკმაყოფილდება, რადგან ეს საკითხი არ შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის კომპეტენციაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 6 თებერვლის დადგენილებაში გ. ხ-იას მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება: მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებზე და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. ხ-იას მოსახდელად დარჩეს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში საზედამხედველო პალატის დადგენილება დარჩეს უცვლელად.